უფასო სასადილოებით საქართველოში ათასობით ადამიანი ვერ სარგებლობს. ამ მხრივ პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებშია, სადაც უფასო სასადილოების დეფიციტია.
ზოგიერთ რაიონში თითო უფასო სასადილო მუშაობს, საუკეთესო შემთხვევაში - ორი. ზოგან კი ასეთი ობიექტის არსებობა ხალხს სანატრელი აქვს. მაგალითად, აჭარაში, ბათუმში, გასულ თვეში ბენეფიციართა რაოდენობა 300-მდე გაზარდეს, ხოლო სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში, მაღალი მოთხოვნის გამო, ახალი უფასო სასადილოს გახსნის აუცილებლობაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსის, გოგი რევიას ინფორმაციით, ქალაქში ერთი უფასო სასადილოა და 2014 წლიდან დამატებით ერთი სხვა უბანში გაიხსნება. ზუგდიდის ერთადერთი უფასო სასადილო 200 ბენეფიციარს ემსახურება.
„ერთჯერადი კვებაა. სასადილო კვირა დღეს არ მუშაობს. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მეტია თუნდაც იმ ფონზე, რომ ბევრია სოციალურად დაუცველი, რომელსაც ასეთი მომსახურება სჭირდება. საჭიროებიდან გამომდინარე, ვგეგმავთ ახალი სასადილოს გახსნასაც. ზუგდიდში უფასო სასადილო ცენტრალურ უბანში მდებარეობს. ჩვენი დიდი სურვილია, კიდევ ერთი ასეთი დამატებით სხვა უბანშიც გაიხსნას. წელს ვეღარ მოესწრება, რადგან ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, თუმცა 2014 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - აცხადებს რევია.
ზუგდიდში სხვა პრობლემებიცაა. მაგალითად, უფასო სასადილოთი მოსარგებლე 23 პირი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არ არის, 20 ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი სახელმწიფოს მიერ დაწესებულზე მაღალი სარეიტინგო ქულითაა შეფასებული. გარდა ამისა, სასადილოთი ვერ სარგებლობენ უსახლკაროები და პირადობის მოწმობის არმქონე პირები. სასადილოთი სარგებლობის უპირატესობა კი, დადგენილი წესით, 57 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მარტოხელა, მარჩენალდაკარგულ და მრავალშვილიან ოჯახებს გააჩნიათ.
სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის წარმომადგენელს ნუგზარ გაბელიას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს სასადილოთი მოსარგებლეთა შერჩევის კრიტერიუმი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ვინმესთვის უფასო სასადილოთი სარგებლობის აკრძალვის მიზეზი და სამართლიანობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს, გოგი რევიას უფასო სასადილოთი მოსარგებლე ადამიანების შეცვლა მუდმივად ცვალებადი ქულების მიხედვით, არასწორად მიაჩნია. სულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 11 568 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული, რაც მოსახლოების 7%-ს წარმოადგენს.
უკეთესი მდგომარეობა არც სხვაგან არის. რუსთავში, რჩეულიშვილის N10-ის საერთო საცხოვრებელში ქრისტინა კავოიანი 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 11 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა 3-ის. ამბობს, რომ შვილები მის გვარზე არიან, ყოფილი მეუღლე კი არაფრით ეხმარება.
ოჯახი სოციალურად დაუცველია, სოციალური დახმარება კი მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. კავოიანი ამბობს, რომ უჭირთ თვიდან თვემე 270 ლარით თავის გატანა. უფასო სასადილოთი კი ვერ სარგებლობენ. მისი თქმით, დიდი ხანია უფასო სასადილოს ტალონის მოლოდინში არიან, მაგრამ ჯერ მათთვის ადგილი არ განთავისუფლდა.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, ნინო ლომთათიძის ინფორმაციით, ბათუმში ამ ეტაპზე 5 უფასო სასადილოა, რომელიც 2100 ბენეფიციარს ემსახურება.
„სამი უფასო სასადილო ქალაქშივეა, ხოლო 2 სასადილო ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ბათუმის უფასო სასადილოებში 2100 ბენეფიციარია. ყველა მათგანი არის სოციალურად დაუცველთა კატეგორიის, რომელთაც 0-დან 57 000-მდე ქულა ერიცხებათ. მათ რიცხვშია დევნილები, მარტოხელები და მოხუცები. მოთხოვნილების მიხედვით, ბენეფიციართა რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს.
ყოველთვიურად ვახორციელებთ მონიტორინგს, ვისაც გაუმჯობესებული მდგომარეობა აქვს და მაღალი ქულები დაეწერათ, სარეზერვო სიიდან ახალი მოსარგებლეებით ვანაცვლებთ.
ამ დროისთვის დამატებით 100 განაცხადია, შევეცდებით, მათი მოთხოვნა თვის ბოლომდე დავაკმაყოფილოთ. როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ბენეფიციართა რაოდენობას ვზრდით, მაგალითად, წინა თვეში 300 ადამიანი დაემატა. მსგავსი ღონისძიებები მუდმივად ტარდება“, - აცხადებს ნინო ლომთათიძე.