შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკთან ერთად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს: დიცსა და დიდ ხურვალეთს ეწვივნენ, სადაც დაათვალიერეს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ გავლებული მავთულხლართები, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა აღნიშნა, რომ ნანახით ძალზე შეშფოთებულია, რადგან მოხდა ოჯახების, ეზოების გაყოფა, ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნა უამრავი საჭირბოროტო პრობლემა, კერძოდ, ისინი შეზღუდული არიან წყლის რესურსების გამოყენებაში, ახლობლების საფლავების მონახულებასა და თავისუფალ გადაადგილებაში.
მისივე თქმით გარდა ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებისა, მავთულხლართების გავლების პროცესი ართულებს კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობას და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ზრდის.
კომისარმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ოკუპანტ ძალებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეაჩერონ მავთულხლართების ფიქსაცია ე.წ. „ადმინისტრაციულ საზღვარზე“ და მოხსნან უკვე აღმართული რკინის ხელოვნური ღობეები.
კნუტ ვოლებეკმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შეჩერდება.