ტრაქტორების საქმე - პროკურატურა ძველ გზას დაადგა

ტრაქტორების საქმე - პროკურატურა ძველ გზას დაადგა

ტრაქტორების საქმემ უკვე საგანგაშო ხასიათი მიიღო. პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენელთა თავგასულობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ადვოკატის, ექსპერტთა კლუბის წევრების, ასევე ომბუდსმენის წარმომადგენლის შეხვედრა, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად ბრალდებულის მამუკა ივანიაძის ადვოკატი იყო. ბარათაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის ზეწოლის შედეგად მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ბარათაშვილის მომსახურებაზე უარი განაცხადა და სახაზინო ადვოკატი აიყვანა.

ამიტომ, სოსო ბარათაშვილის აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება და ბრალდება ცდილობს, რომ „აღიარებითი ჩვენებებით მიაღწიონ საწადელს“.

„მათ სურთ ზემოქმედების შედეგად ბრალდებულებს აღიარებინონ ის, რაც მათ არ ჩაუდენიათ და საქმეები დაასრულონ სასამართლომდე საპროცესო შეთანხმებით. ეს არის მათი მიზანი“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდება გაყალბებულ მტკიცებულებებზეა აგებული. „მე მიკვირს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის დუმილი, სოზარ სუბარის პოზიცია და უამრავი სხვა ადამიანის პოზიცია, რომლებიც იყვნენ უფლებადამცველები და ადამიანის უფლებებს იცავდნენ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლია მუხაშვრიამ განაცხადა, საქმეში ძალიან ბევრი საყურადღებო მომენტია და ვარაუდობს, რომ პატიმრებთან ანგარიშსწორება ძველი მეთოდებით ხორციელდება.

„ის, რაც მათ მიმართ ხდება, არის აშკარად უკანონო და დაუშვებელი მეთოდებით მიმდინარე ქმედებები. ამაზე საჭიროა მედიისა და საზოგადოების დაუყოვნებელი რეაგირება. ბრალდებული ომარ თედორაძე ხანდაზმულია, იგი 66 წლის არის და მას აქვს მძიმე დაავადებები, რაც გამოძიებისთვის ცნობილი იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოძიებამ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება მაინც მოითხოვა. რამდენიმე დღის წინ კი იგი სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც მისი პირობები გაცილებით გაუარესდა. როდესაც ომარ თედორაძე ცუდად ხდება, სამწუხაროდ, ციხის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი არ რეაგირებს“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

ამასთან, სრულიად დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე ბრალდებულმა კვალიფიციური ადვოკატების მომსახურებაზე უარი თქვა და მათი აცილება მოითხოვა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს შთაბეჭდილება რჩება, რომ კონკრეტულ ადამიანებს გამოძიება შეცდომაში შეჰყავთ.

„ნათელი გახდა, რომ საქართველოში არსებობს სამართლებრივ-ეკონომიკური მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს სახელმწიფო ცხოვრების სტაგნაცია გამოიწვიოს და ის აკეთოს, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრი უნდა ვთქვათ და შევეცადოთ, რომ მეხუთე კოლონას ეს პროცესი არ გამოუვიდეს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეში, არამედ სხვაგანაც“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მამუკა არეშიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი თამარ შვანგირაძე. მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატის რწმუნებულები, დღეს მე-8 საპყრობილეში იმყოფებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული პირების მოსანახულებლად. ამ საკითხზე ომბუდსმენის აპარატი განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა, ადგილზე იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. კირვალიძე არც შეხვედრას დასწრებია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, სოფლის მეურნეობის დაკავებული თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით იკვეთება პროკურატურის პრობლემა, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებს ბრალდების არსს. საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, განსაკუთრებით ბრალდების მხარესთან დაკავშირებით.

„მაგალითად, ომარ თედორაძე საქმეში მონაწილეობდა როგორც სპეციალისტი, რომელმაც სახელმწიფოს შესთავაზა და უთხრა - ჯობია ვიყიდოთ ევროპული წარმოების ტრაქტორი და გადავიხადოთ მეტი, ვიდრე ვიყიდოთ თურქული და გადავიხადოთ ნაკლები. ეს შეთავაზება ბრლადების არსის თანახმად არის გაფლანგვაში დახმარება და ამაში ედება მას ბრალი“, - განმარტა კახაკოჟორიძემ.

სასამართლოს განჩინებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული ისიც, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა იყო. კოჟორიძე გუშინ პირადად დარწმუნდა, რომ ბრალდებულ ომარ თედორაძის მდგომარეობა მძიმეა. იგი 15 ივნისს საკანში გადაიყვანეს, სადაც ბევრად უფრო მძიმე პირობებია. თედორაძის ინფორმაციით, საკანი ვიწროა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მან სასამართლომდე ვერ მიაღწიოს.

კოჟორიძე გამოეხმაურა ბრალდებულ მამუკა ივანიაძის მიერა დვოკატის აცილების თაობაზე მოთხოვნასაც. ივანიაძის მოთხოვნა ადვოკატის აცილების თაობაზე დროში ემთხვევა ომარ თედორაძის პირობების გაუარესებას. საია-ს თავმჯდომარე მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს და პირადად სოზარ სუბარს, გამომდინარე იქიდან, რომ ამნისტიის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებები ათასობით ადამიანმა დატოვა და საკნები გამოთავისუფლებულია, სასწრაფოდ მოხდეს თეოდრაძის გადაყვანა უკეთეს პირობებში და არ დარჩეს იგი ვიწრო საკანში. კოჟორიძე მოუწოდებს სოზარ სუბარს, რომ განხორციელდეს მუდმივი მეთვალყურეობა თედორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი განმარტებით, იკვეთება, რომ სხვადასხვა უწყებები ამ ადამიანებთან მიმართებაში შეთახმებულად მოქმედებენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის უფლებების დარღვევის ფაქტს სტრასბურგიდან გამოეხმაურება.

„შეშფოთებული ვარ პროკურატურის მხრიდან საქართელოს უახლეს ისტრორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის დევნის გამო. როდესაც ასეთი ცნობილი ადვოკატის კლიენტებზე ზეწოლა ხდება, რათა მათ აიცილონ ბატონი იოსებ ბარათაშვილი და სახაზინო ადვოკატი აიყვანონ, ეს არის კატასტროფა, რაზეც სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა ამოვიღოთ.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მხრიდან ადვოკატის უფლებების დარღვევაზე. ბატონი იოსები რამდენიმე თვის განამვლობაში აპელირებდა, რომ პროკურატურას მის კლიენტთან მიმართებაში მამხილებელი მტკიცებულებები არ გააჩნდა.

პროკურატურამ სასამართლოსთან შეთანხმებით, 1 თვით და 20 დღით გადასწია საქმის წინასასამართლო განხილვა, დღესავით ნათელია, რომ პროკურატურას დრო სჭირდებოდა საქმიდან ადვოკატების ჩამოსაცილებლად და ახალი, მათთვის მისაღები ადვოკატის ასაყვანად, რათა შემდეგ ბრალდებულმა დანაშაული აღიაროს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რამდენიმე თვეა, ვაპელირებდი პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომ მათ პროკურატურისთვის მიუღებელი ადვოკატი აეცილებინათ და საქმეზე გამოძიებისთვის მისაღები ადვოკატი ჩაერთოთ, მაგრამ არავინ არ მომისმინა. მარნეულის პროკურატურამ ბინძური მეთოდებით ჩამოიცილა საქმიდან ადვოკატი აპოლონ გადელია, სამეგრელოში სამართალდამცავები ადვოკატ თანდილა ჯოლოგუას განადგურებით დაემუქრენენ და ა. შ. დღეს ბატონ იოსებ ბარათაშვილსაც მიადგნენ“, - ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.