გუშინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ნახევარსაათიანი გამოსვლიდან 25 წუთი მოანდომა ერაყს, რომელიც, გაეროს რეზოლუციების მიუხედავად (ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ 1990-1991 წელს მიიღეს), აგრძელებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებას.
ამერიკას არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი აპირებს, ეს იარაღი მიაწოდოს ისლამისტ ტერორისტებს. ამიტომ ვაშინგტონი კატეგორიულად მოითხოვს უნივერსალური ორგანიზაციისაგან მანდატს ერაყზე დარტყმისათვის. იგულისხმება ამ ქვეყნის სამხედრო პოტენციალის განადგურება - უპირველესად, ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და ბირთვული რეაქტორებისა.
ამერიკას გაეროს მანდატი ესაჭიროება, რათა მისი აქცია საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერით იყოს დაკანონებული, მაგრამ ასეთი მანდატის გაცემა გენერალურ ასამბლეას არ შეუძლია – ამგვარი უფლებამოსილება აქვს მხოლოდ და მხლოდ უშიშროების საბჭოს, სადაც რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. მოსკოვი კი (ცხადია) მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის უარს ამ უფლების გამოყენებაზე (ვთქვათ, თავს შეიკავებს) თუ რაღაცას მიიღებს საპასუხოდ ვაშინგტონისგან.
რისი მიღება უნდა, ისევე იოლი გასათვლელია, როგორც ორჯერ-ორი. ეს დაადასტურა პრეზიდენტ პუტინის განცხადებამ ერთი დღით ადრე ბუშის „მესიჯამდე“: აღიარეთ ჩვენი თავისუფლება (ანუ ყოველგვარი უფლება) გავაკეთოთ საქართველოში ის, რაც გვინდა. რუსეთს კი უნდა და სასიცოცხლოდ სჭირდება არა იმდენად ერთი მუჭა ჩეჩენი „ბოევიკების“ განადგურება, რომლებიც მთიანეთის ტყეებში იმალებიან, არამედ საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლა და მის ხელისუფლებაზე უშუალო კონტროლის დამყარება, ისე, რომ სტრატეგიულ საკითხებში ეს ხელისუფლება მოქმედებდეს რუსეთის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
მაგალითად, საქართველოს ინტერესებს სულაც არ შეესაბამება ჩეჩნეთის ომში ჩაბმა და ჩეჩნებთან ურთიერთობების მოშხამვა. რუსეთს კი (თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე) აუცილებლად სჭირდება, რომ ჩეჩნეთი „ზურგს უკან“ გრძნობდეს მტერს (საქართველოს სახით) და არა თუნდაც ნეიტრალურად განწყობილ მეზობელს.
რასაკვირველია, არც ის არის შემთხვევითი, რომ პუტინმა თავისი დემარში 11 სექტემბერს განახორციელა, როდესაც მთელი მსოფლიო ელოდება საზარელი ტერაქტის წლისთავს. მოსკოვს, ამ შემთხვევაში, საქმე აქვს მხოლოდ ამერიკასთან, ხოლო ერაყი-საქართველოს გაცვლის მცდელობა იმ ძველი დოქტრინის გამოვლინებაა, რომ რუსეთი მზად არის, აღიაროს ამერიკის პრიორიტეტი მთელ მსოფლიოში, თუ ამერიკა აღიარებს მის პრიორიტეტს პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
აქ „ერთიანი სახელმწიფოს აღდგენაზე“ აღარ არის ლაპარაკი, როგორც ზოგიერთს ჰგონია გულუბრყვილოდ. პუტინმა ლუკაშენკოს უარი უთხრა „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ აღდგენაზე და ბელორუსის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა (?) თანაც არა მთლიანი, არამედ ოლქებად დანაწევრებული სახით. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთ ალტერნატივას ცნობს ან რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ნაწილ-ნაწილ, ან რუსეთის სატელიტობა (ფორმალური დამოუკიდებლობით) დსთ-ის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე.
საერთოდ, ასეთ ვითარებაში ყველაზე საშიშია და მცდარია პრიმიტიული სქემებით ოპერირება „რუსეთი და ამერიკა მოილაპარაკებენ, რომ ამერიკა დაარტყამს ერაყს, ხოლო რუსეთი დაარტყამს საქართველოს“.
რასაკვირველია არანაირი უშუალო გარიგება არ შედგება, მაგრამ პოლიტიკაში ზოგჯერ თვით რეალობა, ყოველგვარი გარიგების გარეშე, ობიექტურად ქმნის „გაცვლის სიტუაციას“. თუ გახსოვთ, 1991 წლის იანვარში კრემლმა „სისხლიანი ღამე“ მოაწყო ლიტვაში სწორედ იმ დროს, როდესაც ამერიკა ერაყზე შეტევას ახორციელებდა. ეს იმას კი არ ნიშნავდა, თითქოს ვაშინგტონი ამას დაეთანხმა, მაგრამ მას ამისთვის, უბრალოდ, „არ ეცალა“.