როგორც ჩანს, ტურიზმის მიმართულებით, თითქმის, ყველაფერი შეიცვლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პირველი შედეგები უკვე სახეზეა. როგორც გაირკვა, საქართველო სულაც არ არის 3 და 4 მილიონი ტურისტის მიმღები ქვეყანა. ყოველი მეორე ვიზიტორი თურმე ტურისტი სულაც არ ყოფილა.
„აქამდე საქართველოში მიიჩნეოდა, რომ ყველა საერთაშორისო ვიზიტორი ვინც გადმოლახა საზღვარი არის ტურისტი. ეს არის თავის მოტყუება. ყველა ადამიანი ვინც საზღვარი გადმოლახა ტურისტი არ არის. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ ტურისტი არის ადამიანი, რომელმაც გადმოლახა საზღვარი და ქვეყანაში თუნდაც ერთი ღამე გაათენა.
კვლევები სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ვიცოდეთ, ვინ გადმოვიდა, რამდენი გადმოვიდა, რა მიზნით გადმოვიდა, რა მომსახურება მიიღო, რას ეძებს, მომავალში რა უნდა გავაუმჯობესოთ, რომელ მიზნობრივ ბაზრებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა გვქონდეს მკაფიო და ნათელი სურათი ჩვენი მომავალი მუშაობისათვის. ვერანაირ სტრატეგიას და გეგმას ვერ დადებ ისე, თუ არ შეისწავლე და კარგად არ გამოიკვლიე, რა მოცემულობაში ვართ, ვინ მოდის.
ტურისტი არ არის ის, ვინც მხოლოდ საზღვარი გადმოკვეთა, ტურისტი არის მცხეთელი, რომელიც სამოგზაუროდ წავა რაჭაში ან სხვა მხარეში და ა.შ. ასე რომ, სამომავლოდ დიდი ყურადღება დაეთმობა როგორც გარე ასე შიდა ბაზრებს და შიდა ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
ეს ნიშნავს, რომ ტურიზმის მეთოდოლოგიაში ბევრი რამ შეიცვლება. საერთაშორისო ტურიზმის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 38% საქართველოში შვებულება-დასვენება-რეკრეაციისათვის ჩამოდის, 19% კი ქვეყანას სატრანზიტოდ იყენებს, ხოლო 9% კი საქართველოს შოპინგისთვის სტუმრობს.
საქართველოში შემოსული ვიზიტორების 5% ქვეყანას ბიზნესის ან პროფესიული მიზნებით სტუმრობს, ხოლო 3% განათლების მიღებისთვის. საქართველოში შემოსული ვიზიტორების 2% ქვეყანაში სამკურნალოდ ჩამოდის, ხოლო დარჩენილი 4% კი საქართველოს სხვადასხვა მიზნებით სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ ადგილებია: თბილისი (44%) და ბათუმია (43%). შემდეგ მოდის ყაზბეგი - 6%-ით, მარნეული - 5%-ით, რუსთავი - 5%-ით, მცხეთა - 4%-ით, ქუთაისი - 3%-ით, ლაგოდეხი 2%-ით, ქობულეთი - 2%-ით.
საბოლოოდ კი დადგინდა, რომ 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შემოსული პირების მხოლოდ 57 პროცენტია ტურისტი. ესე იგი ყოველი მეორე ვიზიტორი სულაც არ არის ტურისტი და იგი ქვეყანაში სულ რამდენიმე საათით იმყოფება.
გიორგი სიგუას თქმით, ამ დრომდე ქვეყანაში ტურიზმთან დაკავშირებით ქვეყანას სტრატეგია არ შეუქმნია და ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყო დამყარებული ამ სფეროში აქტივობები. ამიტომ, ახლა იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები და რეგიონალური მართვის ორგანიზაციების შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შიდა ტურიზმის განვითარებას.
„ჩვენი ამოცანა, მიზანი, ამბიცია არის ტურიზმის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად ქცევა და ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ქმედით და ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბება. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? ჩვენი შრომით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქმის კეთებით, ვაპირებთ კერძო სექტორისა და საქმეში ჩახედული ადამიანების აზრის გათვალისწინებით, გავაძლიეროთ ტურიზმი საქართველოში“, - განმარტავს სიგუა.
აქამდე სახელმწიფოს არ ჰქონდა არავითარი გეგმა და არავითარი სტრატეგია, თუ საითკენ უნდა წავიდეს ტურიზმის განვითარება და საერთოდ რა სურს სახელმწიფოს ტურიზმისაგან.
„არავის კრიტიკა არ მინდა, მაგრამ იცით, რომ ყველაფერი ძირითადად პიარზე და ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყო დაფუძნებული. ჩვენ შევქმენით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან არსებული მრჩეველთა საბჭო, რომელშიც შედიან ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები. უნდა ვიურთიერთოთ კერძო სექტორთან და ასევე უნდა მომხმარებელთან. სხვანაირად ვერც ხარისხს ავამაღლებთ, ვერც ტურისტულ ინფრასტრუქტურას განვავითარებთ და ვერც იმ წარმატებებს მივაღწევთ, რაც მიზნად გვაქვს დასახული“, - განაცხადა სიგუამ.
ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად ტურისტების უკეთ მომსახურებისთვის სპეციალური ცხელი ხაზიც უნდა ამოქმედდეს, რათა ტურისტს ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეეძლოს.