იქ, სადაც ახალი წელი არ მოსულა

იქ, სადაც ახალი წელი არ მოსულა

არცთუ დიდი ხნის წინ, სამაჩაბლოში ახალი წლის შეხვედრას არაფერი სჯობდა. ყველა ოჯახში ცხვებოდა, განთქმული ქართლური ნაზუქი, ქადა, ოსური ხაბიზგინა... თონის წინ მოგროვილ ბავშვებს ბებო საახალწლო კვერებს ურიგებდა, პაპა კი, ახლადთავმოხდილ, ოხშივარავარდნილ და ნაპერწკლებისმფრქვეველ, თავკვერით სავსე ქვევრს დასტრიალებდა. ლიახვისა და ფრონის ხეობებში, ახალი წლის, განსაკუთრებული – ქართლური, უფრო სწორად კი, ძველქართული ხიბლის შესაგრძნობად, ხალხი თბილისიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც კი ჩადიოდა.

 

2011 წლის ახალ წელს, ნაომარი და გაპარტახებული სამაჩაბლო, სხვა საფიქრალითა და პრობლემებით შეხვდა. რეგიონში არსებული სიდუხჭირე ბევრმა ქართველმა გლეხმა ვერ აიტანა და ახალი წლის შესახვედრად, სხვა სოფლებში მცხოვრებ ნათესავებთან წავიდა, ხოლო ისინი, ვინც სოფლებში დარჩნენ, ნამდვილად არ ეზეიმებათ.

 

გიორგი ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოელი გლეხი: “ასეთი უბედურებების მნახველ კაცს აბა როგორ უნდა ეზეიმებოდეს? მაგრამ, ახალგაზრდები მაინც ახალგაზრდები არიან და, უფრო ადვილად იტანენ ყველაფერს. ჩემი უფროსი ბიჭი, მიდგა-მოდგა, თავის კასპელ ძმაკაცთან წავიდა, ერთი ხბო და 40 ლიტრი ღვინო გამოართვა. ადრე, იმ ჩემი ბიჭის კასპელ ძმაკაცს ღვინო აქეთ, ჩვენგან მიჰქონდა ხოლმე და რას ვიფიქრებდით, თუ საქმე, ღვინის სხვისთვის გამორთმევაზე დაგვიდგებოდა.

 

ჩემი პატარა შვილიშვილი მეხვეწებოდა – პაპი, ნაძვის ხე მინდაო. აბა ნაძვი საიდან უნდა მომეტანა? ნაძვები ზემოთ, ტყეშია. იმ ტყეში კი კოკოითის ხალხი ქართველებს არ გვიშვებს. მეც ავდექი და მეზობლის ბაღიდან მოტეხილი ბლის ხე წამოვიღე. ბრჭყვიალა ნაჭრები შევაბი და ბავშვი ვერც კი მიხვდა, ნაძვი იყო თუ არა.

 

ბევრი ხალხი წავიდა სოფლიდან ამ ახალ წელს. მეც ჩემს დისშვლებთან მინდოდა შვილები წამეყვანა თბილისში, მაგრამ, ჩემმა ბიჭებმა აიხირეს და ახალ წელს ჩვენს სოფელში შევხვდით“.

 

ლიახვის ხეობელებს არასოდეს დაავიწყდებათ 1991 წლის ახალი წელი, როდესაც სამაჩაბლოს პირველი ომი მძვინვარებდა და დიდი გაჭირვებაც იყო, თუმცა მაშინ ხალხს საჭმელიც ასე თუ ისე ჰქონდა, ღვინოც და თავზე ჭერიც ეფარათ. იმ ავბედითი ახალი წლის ღამეს, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო და ცხინვალის გასწვრივ გათხრილ სანგრებში ქართველი და ოსი ჯარისკაცები იყინებოდნენ, ძველით ახალ წლამდე, ყოველგვარი საზავო მოლაპარაკებების გარეშე, აზრადაც კი არავის მოსვლია, ტყვია გაესროლა.

 

უფრო მეტიც - 2007 წელს ფრონის ხეობელი გოგი ბაზალაშვილი იხსნებდა, რომ ზნაურიდან ქართულ სოფელ ავლევში, სატვირთო ავტომანქანით გზაარეული, მთვრალი ოსები შევიდნენ, ქართველებმა კი, მტრები სუფრასთან მიიპატიჟეს და მთელი ღამე, ქეიფში გაატარეს. მეორე დღეს კი, ეს ქეიფი ზნაურში, ერთ-ერთი ოსის სახლში გაგრძელდა. თუნდაც ეს ამბავი ადასტურებს, რომ ოსურ-ქართულ ომს (რომელიც რეალურად, ყოველთვის რუსულ-ქართული ომი იყო) თავისი კანონები არასოდეს ჰქონია. ამ ომის “კანონებს“ უნამუსო ადამიანები ადგენდნენ და ადგენენ დღესაც.

 

ნოდარ კასრაძე, სოფელ ერგნეთის მკვიდრი: “პირადად მე, ჯერ ისევ ნახევრად დანგრეულ სახლში ვცხოვრობ, მაგრამ ახალი წელი ისეთი დღეა, ყველა რაღაცას ცდილობს და რაც არ უნდა მოხდეს, მშიერი არავინ დარჩება. რუსებმა, ქათამი რომ ქათამია, ისიც კი არ დატოვეს სოფელში, თუმცა მხოლოდ პურზე და წყალზეც რომ მოგვიწიოს ახალი წლის შეხვედრა, მტრის ჯინაზე, მაინც არ გავიტეხავთ გულს! აქ სულ ომია და სულ ცუდი ამბები ხდება. ხალხმა გული თუ გავიტეხეთ, მაშინ მიწებიც ვაჩუქოთ კოკოითს და ყველამ თავი რუსებად გამოვაცხადოთ“.

 

ნოდარ კაასრაძე არ არის ერთადერთი, ან მხოლოდ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც 2011 წელს, მძიმე სოციალური პრობლემებით ხვდება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს სიცოცხლის უფლებაც კი არა აქვთ დაცული და გარანტირებული.

 

ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ მათთვის სხვა არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე მთვრალი და ეგზალტირებული სეპარატისტები და ოკუპანტები. სეპარატისტებსა და რუსებს კი, წელს საქეიფო და სასიხარულო მაინც აქვთ. ხოლო, ქართველების დაცვას არათუ ქართველი პოლიციელები, ევროკავშირის დამკვირვებლებიც კი ვერ ახერხებენ.

 

დავით ნანობაშვილი, დევნილი პატარა ლიახვის ხეობიდან: “მთელი ხეობა მე შემომნატროდა, იმდენი არაყი, ღვინო და ვაშლი მქონდა ხოლმე ყოველ ზამთარს. ახალი წელი ისე როგორ გავიდოდა, მინიმუმ ერთი დიდი ღორი მაინც რომ არ დამეკლა და მთელი ჩემი ნათესაობა არ დამეპატიჟა!

 

ახლა, აბა რიღასი მაქნისი ვარ? ნაჩუქარ მაკარონებსა და ფაფებს ვჭამ ამხელა კაცი და იმის ილაჯიც კი არა მაქვს, რომ გადამწვარი ჩემი სახლი ვნახო მაინც. ახალ წელს როგორ შეხვდებიო - მკითხეთ და, სიმართლე რომ გითხრათ, არც ვიცი როგორ შევხვდები... ან, რა მეახალაწლება, სამადლოდ მცხოვრებ კაცს? დალოცვით კი დავილოცები და მთელს საქართველოს, ბედნიერებას და მშვიდობას გისურვებთ, მაგრამ სანამ ჩემს არე-მარეზე გადამთიელები დადიან, ვერასოდეს ვიზეიმებ...“

 

ძნელი სათქმელია, რა უნდა უთხრა ამ ადამიანებს. ხალხს, რომელთაც, ერთი ძველი ქართული გამოთქმისა არ იყოს, წლების მანძილზე, ერთ ხელში თოხი ეჭირათ, მეორეში კი - თოფი. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ, ვუთანაგრძნოთ, გვერდში დავუდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ყველა ერედველი, ხეითელი, კეხველი თუ თამარაშნელი, საკუთარ სახლებში დავაბრუნოთ.