1-ლი სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება. კერძოდ, 5 თეთრით იზრდება აქციზი ფილტრიან, 10 თეთრით კი უფილტრო სიგარეტზე. არადა, წესით თამბაქოს აქციზის საკითხი 2014 წლამდე არ უნდა განხილულიყო, მაგრამ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოულოდნელად მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ამცნო საზოგადოებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ წელს დაგეგმილი იყო ღონისძიებები რეკლამისა და საგანმანათლებლო სამუშაოების კუთხით. თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიზნით კი, ცვლილება 7 კანონში შევიდოდა. ეს ყველაფერი უცებ შეიცვალა და დაახლოებით 2 თვეში სიგარეტი გაძვირდება.
ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენით მოიმატებს თამბაქოს ნაწარმის ფასი. ამჟამად აქციზი ფილტრიან თამბაქოზე - 60 თეთრს, უფილტროზე კი 15 თეთრს შეადგენს. ესე იგი პირველ შემხვევაში აქციზი 25%-ით ძვირდება, ხოლო მეორე შემთხვევაში - 33%-ით.
კომპანია “ელიზში” განაცხადეს, თამბაქოზე აქციზის გაზრდა პროდუქციაზე ფასების მატების პირდაპირპროპორციული იქნება. ამასთან, მომხმარებლის რაოდენობა ფასების გაზრდის შემდეგ არ შემცირდება და ადვილი შესაძლებელია, ამან ქვეყანაში კონტრაბანდას მისცეს ბიძგი.
„სიგარეტზე აქციზის გაზრდა, თამბაქოს პროდუქციის გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს“, - აცხადებს მსოფლიოში სიგარეტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, GTI-ის კავკასიის ოფისის, GTI CAUCASUS-ის კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
„ინდუსტრიის წარმომადგენლები ინფორმირებული ვიყავით მთავრობის ამ გეგმის შესახებ, მათ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინათ გამართულ შეხვედრაზე შეგვატყობინეს. ამ ეტაპზე, შესაბამისი გაანგარიშებების გაკეთების გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი პროცენტით გაძვირდება სიგარეტი, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სიგარეტის ფასი გაიზრდება“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ მთავრობა საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას თამბაქოს და აქციზის გადასახადის მატებით შეეცადოს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობას აქვს პოზიცია, რომ ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო მავნეა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, დეპუტატის განმარტებით, მავნე ჩვევებთან ბრძოლასა და გადასახადის ზრდას შორის კავშირი არ არის.
„რეალურად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები დააკლდა და ამ გზით ცდილობს შეავსოს დანაკლისი“, - ამტკიცებს ჯაფარიძე.
მისი აზრით, აქციზის გადასახადის გაზრდით მწეველები იძულებელი იქნებიან იაფფასიან სიგარეტზე გადავიდნენ, რაც მდგომარეობას უფრო გააუარესებს და შედეგად ეს ნაბიჯი არც ეკონომიკას წაადგება.
თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიას კი 4-წლიანი სამუშაო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, რომლის მიხედვით თამბაქოს კონტროლი მაქსიმალურად გაიზრდება.
„მომავალი წლების განმავლობაში აუცილებლად გამკაცრდება თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებები ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რა ზიანის შემცველია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამის რეალური ციფრებიც არსებობს: ყოველწლიურად 11 ათასამადე ადამიანის სიკვდილიანობის დაახლოებით 20-25% თამბაქოთი გამოწვეულ დაავადებებზე მოდის“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
სპეციალისტების ვარაუდით, უფილტრო სიგარეტი მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდება, ხოლოდ ფილტრიანი - 20-25 თეთრით.