„თუ კადრები იყო დაფარული, არ მესმის აჟიოტაჟის საფუძველი“

„თუ კადრები იყო დაფარული, არ მესმის აჟიოტაჟის საფუძველი“

საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისათვის სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენებას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა, ნაწილი ფიქრობს, რომ კადრების ჩვენება საჭირო არ იყო, ნაწილი თვლის, რომ ეს აუცილებელია და ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს.

კადრები იხილეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

„მე და ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც ჩვენი ინფორმაციით, იმ ვიდეოკადრებზეა ასახული, რომელიც შს სამინისტრომ აღმოაჩინა“, - აცხადებს ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი. მისივე ინფორმაციით, ვიდეოფირებზე ასახულ კადრებში საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. 

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიძიონ ვიდეოფირები. თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. როგორც ბრინკი აცხადებს, მისთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომენდაციები, თხოვნებიც არის იგივე -ჩატარებული უნდა იყოს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. 

დღის აქტუალურ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოებისაგან განსხვავებით, ცალსახაა, დიპლომატების პოზიცია - უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ, ქართულ საზოგადოებას კი ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ეს კადრები უნდა ეჩვებნებინათ თუ არა საერთოდ. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?

- ციხის კადრების ჩვენების შემდეგაც, თავიდანვე მომხრე ვიყავი, რომ ჩატარებულიყო გამოძიება, რომელიც დაადგენდა და გამოკვეთდა იმ სისტემურ დანაშულებრივ მიდგომას, რომელიც იყო საქართველოს ყოფილ ხელისუფლებაში, რომლისთვისაც არ არსებობდა წითელი ხაზები. საქმე გვქონდა არა ერთი და ორი თანამდებობის პირის დანაშაულთან, არამედ ეს იყო, ფაქტობრივად, ხელისუფლების მიდგომა ადამიანების მიმართ.

დღევანდელმა პროკურატურამ ვერ გამოკვეთა სისტემური დანაშაული - დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, ეპიზოდურად პასუხისგებაშია მიცემული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რაღაც ერთ დანაშაულზე, მაგალითად, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, ან კონკრეტულ 26 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ამ სისტემის პირამიდის თავში იდგა პრეზიდენტი, ის, რომ მინისტრები მისი შემადგენელი ჯაჭვის რგოლში იყვნენ, გამოძიების მხრიდან არ არის გამოკვეთილი.

ახლა მერაბიშვილი პასუხს აგებს 26 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ არ ყოფილიყო პროკურატურის მხარდაჭერა, რომ არ ყოფილიყო სასამართლოს მხრიდან მხარდაჭერა, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფრს გააკეთებდა, თუნდაც მისი დიდი სურვილის მიუხედავად.

გავითვალისწინოთ, რომ წამების ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია დაკავებული, პროკურატურაზე არავინ აღარაფერს აღარ ამბობს. დღესაც, დამოუკიდებელი სასამართლოს თავმჯდომარის სტატუსით სარგებლობს ის პიროვნება, რომლის კისერზეც ძალიან ბევრი დანაშაულია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გამოჰქონდა.

იგივე შეიძლება ითქვას ამ კადრებზეც, რაც ახლა გავრცელდა. თუ ვინმეზე დანაშაულის აღიარებისთვის სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიღაც პოლიციის უფროსი გაგიჟდა და ეს ჩაიდინა. ეს იყო დაკვეთა, წამება ხდებოდა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სთხოვდნენ, ეღიარებინათ ტერაქტები, ან ტერაქტის მოწყობის სპექტაკლებში მიეღოთ მონაწილეობა და ეთქვათ, რომ ტერაქტი იგეგმებოდა - საწყალ ხალხს იჭერდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ და აშ.

ეს იყო ერთი დიდი სცენარი და ყოფილი ხელისუფლების მართვის სტილი და ძალიან ცუდია, რომ ჯერჯერობით, არ არიან სისტემური დანაშაულის ორგანიზების გამო პასუხისგებაში მიცემული ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ყოფილ ხელისუფლებას.

დიპლომატებისთვის ამ კადრების ჩვენება შეცვლის თუ არა ძველი ხელისუფლების იმიჯს დასავლეთის თვალში? ვიცით, რომ დასავლეთისთვის საკმაოდ დიდხანსნაციონალური მოძრაობადემოკრატიის შუქურა იყო, გარკვეული პრობლემებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით...

- დიპლომატებისთვისაც უნდა ეჩვენებინათ და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს რასთან გვქონდა საქმე. ნაწილმა იცის, ისიც ვიცით, რომ ნაწილს არ სჯერა, ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, ყველას აჩვენოს რა ტიპის მმართველობა არასებობდა 9 წლის მანძილზე, რომ ალბათობა გამოირიცხოს ასეთი ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნების.

იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა გარკვეულ ნაწილს კვლავ არ სჯერა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არსებობის და ვიზუალურად რომ ნახავენ, მერე უკვე ექნებათ საშუალება, კარგად გააცნობიერონ, უნდათ თუ არა მხარდაჭერა ისეთი პოლიტიკური ძალისა, ვინც მმართველობაში ასეთ რამეს აკეთებს.

რაც შეეხება დიპლომატებს, ბოლო პერიოდში დიპლომატები, კონგრესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ ჩვენ ვცხოვრობდით ისეთი დემოკრატიის შუქურის პირობებში, როგორიც იყო ნაცმოძრაობა და ახლა მოვიდა ხელისუფლება, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დიპლომატებსაც აუცილებლად უნდა ენახათ. ნაწილმა, ალბათ, იცოდა კიდეც, მაგრამ ერთია, როდესაც ინფორმაცია გაქვს, ხოლო მეორე, როდესაც ამ ყველაფერს ვიზუალურად აღიქვამ.

ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ამ კადრების ჩვენმებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვის, არ აქვს მნიშვნელობა რა მოსაზრებით, მაგრამ ნაწილი ამბობს, რომ ამ კადრების ჩვენება აუცილებელი იყო, ნაწილი თვლის, რომ არ უნდა ეჩვენებინათ, თქვენი პოზიცია როგორია?

- დარწმუნებული ვარ, რომ კადრები იყო დაფარული, გარდა ამისა, ჩემი აზრით, უნდა ჰქონოდათ იმ ადამიანების თანხმობა, ვინც აღბეჭდილი იყო, რომ დაფარულად ეჩვენებინათ ეს კადრები საზოგადოებისათვის.

რაც შეეხება საზოგადოებას, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ვისთან ჰქონდა საქმე, რადგან ლაპარაკია იმდენად მძიმე დანაშაულზე, რომ შესაძლოა, ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია, რაზეა საუბარი.

ვისაც საკუთარ თავზე არ უწვნევია ციხის გარემო, საკუთარი ნაცნობებისა თუ ახლობლების თავს არ დატრიალებულა ეს საშინელი წამება, მათთვის ძალზე ადვილია განცხადებების კეთება, რამდენად მორალური იყო ამ კადრების ჩვენება.

ხომ ხედავთ, როგორც მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, ის ელიტა, რომელიც ამ უმსგავსობებს სჩადიოდა(ყოველ შემთხვევაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი აკეთებდნენ ამას), ისევ და ისევ ცდილობს, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკაში.

სამწუხაროდ, „ოცნებიდანაც“ ვიღაცეები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად მეორე ძალაა პოლიტიკურ ველზე და ძალიან კარგია, რომ გადარჩეს როგორც პოლიტიკური პარტია, აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში და ა.შ.

ალბათ, ამ ხალხის დაბრუნება, თუნდაც, 10-15 წლის შემდეგ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საზოგადოებას ეცოდინება მათ მიერ ჩადენილი ყველა ქმედება.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დატოვა დარბაზი, როდესაც კადრების ჩვენება დაიწყო. თუ ისინი უფლებადამცველები არიან, რითი შეიძლება აიხსნას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნახვას თავი აარიდეს?

- პრობლემას ვერ ვხედავ, ეს მათი სურვილია, უნდათ ნახავენ და უნდათ არა, მაგრამ ის რამდენიმე ორგანიზაცია, ნამდვილად არ წარმოადგენს საქართველოში არასამთავრობო სექტორის ფლაგმანს. არ ვთვლი, რომ ეს 4 ორგანიზაცია ლიდერობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და სწორება მათზე უნდა ავიღოთ.

აზრთა სხვადასხვაობაა ასევე კადრების განადგურებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, კადრები, რომელიც შეიცავს ძველი ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემური დანაშულებრივი მმართველობის მტკიცებულებებს, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს განადგურებული?

- გაუგებარია, მათი აზრი ვინც თვლის, რომ იქამდე ვიდრე არ დადგება განაჩენი და არ დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამას აკეთებდა, რომ ეს კადრები უნდა განადგურდეს. მგონია, რომ ზოგიერთი განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციების გულისტკივილს უფრო ასახავს, ვიდრე ქართული საზოგადოების აზრს.

თუ ადამიანი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა, აცხადებდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, ამავდროულად ეს ადამიანი 7 წლის განმავლობაში ციხეში იჯდა, არ მახსენდება, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან რომელიმე, რომ თავი მოეკლა ამ ადამიანის უფლებების აღდგენისა და მისი ციხიდან გამოშვებისთვის. თუ კადრები იყო დაფარული და იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, არ მესმის აჟიოტაჟის საფუძველი.

რაც შეეხებანაციონალური მოძრაობისრეიტინგს, არის თუ არა ეს გამანადგურებელი დარტყმა მათი პოლიტიკური მომავლისათვის?

- საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, რომ მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის მოქმედებების შესახებ. თვითონ საზოგადოების იმ ნაწილმა უნდა განსაჯოს, რომელიც მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან ყველაფერი მხოლოდ ჩვენებებით და დემონსტრირებით მთავრდება-ხოლმე. აჩვენებენ კადრებს და სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება. სისტემური დანაშაულზეა ლაპარაკი, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ წამებასთან დაკავშირებულ კადრებზე ვსაუბრობთ და მხოლოდ ის 16 კაცია დამნაშავე, ვინც დაკავებულია? ამ ფილმის ჩვენებით თუ დამთავრდა ხელისუფლების რეაგირება, ვფიქრობ, ეს არასწორი იქნება.