„ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრები სულ უფრო ინტენსიურად ტოვებენ. მართალია, ნაციონალები ამას იმით ხსნიან, რომ თითქოს მათ წევრებზე მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ თავად ყოფილი ნაციონალები განმარტავენ, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილებებს თავად ღებულობენ.
დღეს ცნობილი ხდება, რომ სამტრედიის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარე მიხეილ ნიკოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება. მან ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა და განმარტა, რომ მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში არსებული ვიდეოჩანაწერები გახდა.
For.ge მიხეილ ნიკოლაიშვილს ამ თემაზე ესაუბრა.
ბატონო მიხეილ, რა გახდა თქვენს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზი?
- „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლაზე მე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, დაახლოებით რვა თვეა, ანუ მას შემდეგ, რაც ოქტომბრის არჩევნებში ეს პარტია დამარცხდა. საკრებულოს ნაციონალ წევრებთან ჩემი მეგობრობიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, მაგრამ გუშინდელმა დღემ ეს საბოლოოდ გადამაწყვეტინა. მას შემდეგ, რაც სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრების ამოღება მოხდა, მე აღარ ვაპირებ, რომ ეს საშინელი ტვირთი ვზიდო. ამიტომ მე სრულად ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“.
თქვენ ამბობთ, რომ გუშინდელმა დღემ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება. აქამდე თქვენთვის არ იყო ცნობილი, რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდა და მხოლოდ გუშინ გაიგეთ ამის შესახებ?
-როგორ არა, ეს ჩემთვის ცნობილი იყო, მაგრამ უბრალოდ დიდი ხანი ვყოყმანობდი, თორემ ისე ნაციონალების აღარაფერს მე უკვე დიდი ხანია აღარ ვიზიარებ.
თქვენი პარტიის წევრებს თუ ესაუბრეთ და იცოდნენ თუ არა მათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აპირებდით?
- ჩემი პოზიცია პარტიაში ყველამ იცოდა, მათ იცოდნენ, რომ მაგალითად ციხის კადრებთან დაკავშირებით საშინლად აღშფოთებული ვიყავი, ამას კიდევ ბევრი რამ დაემატა და ნუ მოკლედ, ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა მათთვის იმის შესახებ არაფერი მითქვამს, რომ პარტიის დატოვებას ვაპირებდი.
თქვენს პოზიციაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვებიც არიან?
- სამტრედიის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ 22–კაციანი ფრაქციაა და დარწმუნებული ვარ, რომ აქედან 10 კაცი მაინც იგივე აზრზე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოდიან პარტიიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ჩემნაირ გადაწყვეტილებას მიიღებს.
თქვენ ამბობთ, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ფიქრობდით „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას. მანამდე თუ გქონიათ ამის სურვილი?
- როგორ არა, მანამდეც მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ხომ გახსოვთ, ნაციონალების მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ როგორი რეპრესიები ხორციელდებოდა. სამტრედიის საკრებულოს წევრი კი არა, აპატიმრებდნენ ყველას, დაწყებული მინისტრიდან და დამლაგებლით დამთავრებული. ამიტომ მაშინ რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიმეღო, ახლა სავარაუდოდ ციხეში ვიქნებოდი.
გამოდის, იძულებული იყავით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად დარჩენილიყავით?
- დიახ, ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად იძულებით ვიყავი ამ პარტიის წევრი. ძმა მყავს, მამა მყავს და ჩემი ოჯახით ვერ გავრისკე, რათა ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო.
როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდით, ალბათ იზიარებდით ამ პარტიის იდეოლოგიას. ახლა ამბობთ, რომ დაახლოებით ორი წელია განსხვავებული პოზიცია გაგიჩნდათ, რამ გამოიწვია ორი წლის წინ თქვენი პოზიციის შეცვლა?
- თავიდან რა თქმა უნდა, ვიზიარებდი მათ პოზიციებს, მაგრამ ბოლო წლებში ეს პარტია კი არა, რეპრესიული მანქანა გახდა. რანაირად უნდა მომწონებოდა ეს? ადამიანი თუ ნორმალურად აზროვნებს, როგორ შეიძლება მათი მართვის მეთოდები მოსწონებოდა, რომელიც თავიდან ბოლომდე შიშზე იყო აგებული.
წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებითაც დაგისვამთ რამდენიმე კითხვა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სერიოზული ზეწოლა იყო. მმართველ გუნდში ამ დროს რა ხდებოდა და როგორ ჩანდა ეს ყველაფერი შიგნიდან?
- მმართველ გუნდში ყველანი ერთმანეთის ტყვეები ვიყავით, ყველას ერთმანეთის გვეშინოდა და არც ერთს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება არ გვქონდა, თორემ ყველა მშვენივრად ხვდებოდა ყველაფერს.
სამტრედია ერთ–ერთი ყველაზე რთული რეგიონი იყო წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას ძალიან არ უნდოდა, რომ იქ კახი კალაძეს მოეგო არჩევნები
- მაშინ მეც ვიყავი პროცესების მონაწილე და ამის გამო კახი კალაძეს მოგვიანებით აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს, რადგან ამ ადამიანთა ურთიერთობა ბევრ უხერხულ სიტუაციაში მომიწია.
როგორ აუხსნით მას, რატომ იქცეოდით მაშინ ასე?
- იმედი მაქვს, რომ ბატონი კახი გამიგებს, რადგან მან იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველანი ერთმანეთის ტყვეები ვიყავით და შიშით და ზეწოლის შედეგად ვიყავით ამ არჩევნებში ჩართულები.
მაშინ ის გვითხარით, წინასაარჩევნო პერიოდში მაშინდელი ხელისუფლებისგან რა დავალებებს ღებულობდით, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში მოგიწიათ ჩავარდნა?
- მოდით ამ საკითხს ასე ნუ ჩავუღრმავდებით. როგორც საქართველოს ყველა რაიონში, სამტრედიაშიც იგივე სიტუაცია იყო. თუმცა სხვა რაიონებისგან განსხვავებით, სამტრედიაში რეპრესიული მანქანა უფრო აქტიურად მუშაობდა.
თქვენ ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე იყავით და მაშინ ვინ ახორციელებდა ამ რეპრესიებს?
- ამას აკეთებდა კუდ–ი, სოდ–ი და საერთოდ, ძალოვნები, თორემ ჩვენ ვინ ვიყავით? ჩვენ ვიყავით მხოლოდ ჩვენი რაიონის დონეზე არჩეული პოლიტიკოსები და არანაირი ბინძური მეთოდები არ გვჭირდებოდა, თუ მოვიგებდით არჩევნებს ხომ კარგი, თუ არადა არც გაყალბება გვჭირდებოდა, არც ვინმეს დაჭერა, მაგრამ ჩვენ არავინ რაფერს გვეკითხებოდა.
როდესაც რომელიმე რაიონში საკრებულოს ნაციონალი თავმჯდომარე გადადგება, ან ვინმე „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს, პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ პარტიის წევრებზე მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და სწორედ ამიტომ ტოვებენ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“. თქვენს შემთხვევაში თუ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხრიდან?
- არავითარი ზეწოლა მმართველი გუნდიდან არ ყოფილა. ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვსულიყავით, ამათ რა ბედი ელოდათ არ ვიცი, საშინელი რეპრესიები გატარდებოდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კი ჩვენთვის ერთ გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამთ.
დაბოლოს, ბატონო მიხეილ, გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეთ, მაგრამ ახლა რას აპირებთ?
- ჯერ–ჯერობით საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად დავრჩები. შემდეგ ვნახოთ, აქ რა გადაჯგუფებები მოხდება და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.“