ფულადი გზავნილების სტატისტიკა უცხოელი მიგრანტების მოჭარბებას ადასტურებს

ფულადი გზავნილების სტატისტიკა უცხოელი მიგრანტების მოჭარბებას ადასტურებს

საქართველოში ფულადი გზავნილები არა მარტო შემოედინება, არამედ უკვე აქედანაც საკმაოდ გაედინება. ოღონდ ფული შემოდის ევროპისა და ამერიკის წამყვანი სახელმწიფოებიდან, ხოლო გადის აფრიკის და აზიის (ტოგო, კამერუნი) ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებში.

საქართველოში 2013 წლის მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 114.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 188.4 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 1.9 მლნ აშშ დოლარით (3.2 მლნ ლარით), ანუ 1.7 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 100 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მათ შორის პირველ ხუთეულში არიან - რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ და თურქეთი. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი მოდიოდა. 

2013 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.2 მლნ აშშ დოლარი (20.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, შარშანდელ მონაცემებთან  შედარებით (9.0 მლნ აშშ დოლარის, ანუ 14.6 მლნ ლარი) ეს საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელია.

სწორედ ეს მაჩვენებელი აღმოჩნდა ექსპერტებისთვის საინტერესოა, რომლებიც ბოლო თვეებში საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზს მიგრაციის მატებაში ხედავენ. დასამალი აღარ არის, რომ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის უამრავი მოქალაქე გამოჩნდა. განსაკუთრებით თბილისში თვალშისაცემია ინდოელების, პაკისტანელების, ჩინელების, აფრიკელების მატება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში სარჩო-საბადებელს ვერ შოულობენ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან.

ამ უზარმაზარი ჯგუფის ნაწილმა საქართველოშიც შემოაღწია და აქ აპირებს დამკვიდრებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ ფონი საკმაოდ დაბალია, აფრიკელები და აზიელები მაინც ცდილობენ ფეხი მოიკიდონ. გარკვეულ შემთხვევებში ეს გამოდით კიდეც. ამას ადასტურებს ფულადი გზავნილების სტატისტიკაც.

ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ბოლო თვეებში საქართველოდან ნიგერიის, ტოგოს და კამერუნის მიმართულებით ფულადი გადარიცხვები გაიზარდა. ეს კი ამ ქვეყნებიდან საქართველოში სამუშაო ძალის მიგრაციაზე მიუთითებს.

მისი განმარტებით, წელსვე (მაისში) პირველად დაფიქსირდა საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების 1,7%-იანი შემცირება. თუმცა, ამჯერად ლექვინაძეს ცვლილების მიზეზის დასახელება უჭირს და აცხადებს, რომ საჭიროა პროცესის ტენდენციაზე დაკვირვება.

საქართველოდან ფულადი გზავნილების გაზრდას მიგრაციას უკავშირებს სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც. როგორც მან რადიო “კომერსანტთან” საუბრისას განაცხადა, ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ საქართველო მხოლოდ მიმღები ქვეყანა აღარ არის და უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქაც ნახულობენ შრომით სარგებელს.

რაც შეეხება საზღარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას, ექსპერტის აზრით, ეს იმდენად მცირე მაჩვენებელია, რომ ემიგრაციის მთლიან სურათს ჯერჯერობით ვერ ცვლის.  შესაძლებელია, მაჩვენებლის 1,7%-იანი ცვლილება სეზონურობითაც აიხსნებოდეს.