საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგლა ჟვანია იმედოვნებს, რომ საქართველოს ექს-პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე წარმოებული გამოძიება წლის ბოლომე დასრულდება.
როგორც for.ge-ს ჟვანიამ განუცხადა, გამოძიების პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები იქნა გამოვლენილი და ზურაბ ჟვანიას საქმემ სერიოზულად წინ წაიწია.
გოგოლა ჟვანია რას გულისხმობს - საქმის „მნიშვნელოვან“ წინსვლაში, მან ამის დაკონკრეტება არ ისურვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მსგავსი სირთულის მქონე საქმის გახსნა ძალიან ძნელია.
„იმედი მაქვს, რომ საქმის გამოძიება წლის ბოლომდე დასრულდება და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. გამოძიების პროცესში, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები იქნა გამოვლენილი. გამოძიებასთან რეგულარული კონტაქტი მაქვს და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ საქმემ სერიოზულად წინ წაიწია“, - განუცხადა for.ge-ს ჟვანიამ, რომელიც საქმის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. თუმცა, for.ge-სთვის საქმის ერთ-ერთი დეტალი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული, თითქმის, ყველა პირი გარდაცვლილია, რის გამოც, წყაროს ცნობით, პროკურატურას საქმის გახსნა უჭირს.
აღნიშნულ ინფორციასთან დაკავშირებით, გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ „დეტალებზე ვერაფერს იტყვის“.
„ამ საქმის გაყალბებას 8 წლის განმავლობაში ცდილობდნენ. რამდენიმე თვეა, რაც ახალი გამოძიება დაიწყო და ასეთი რთული საქმის გახსნა ძნელია. არ ვფიქრობ, რომ საქმე გაჭიანურებულია“, - აღნიშნავს ჟვანია.
თუ რა ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, ამის გარკვევის მიზნით, for.ge მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.
პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი დეტალებია, თუმცა, ის სიახლეებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.
„კანონიდან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე ამის თაობაზე ვერ ვისუაბრებთ. თქვენი ინფორმაციის თაობაზე, არ შემიძლია რაიმე გითხრათ. გამოძიება ისეთი თემაა - რა იქნება, როდის დასრულდება და რამდენ ხანს გაგრძელდება, ამის წინასწამტეყველება შეუძლებელია. სანამ გამოძიება არ დასრულდება და კონკრეტული ფაქტები არ დადგინდება, ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადა for.ge-ს პაიჭაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ცნობით,
ექს-პრემიერი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით დაიღუპა, თუმცა, ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ და პარლამენტის ექს-სპიკერის მკვლელობაზე საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე გამოძიება უკვე ცხრა თვეა მიმდინარეობს, თუმცა, საქმის ახალი დეტალები საზოგადოებისთვის კვლავ უცნობი რჩება.