ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში გაიცა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში 5 663 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბერი-მარტის განმავლობაში - 1 537 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა კი ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე - 3 041 492 ლარი.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს ცალკეული უწყებების მიერ გაცემული თანხების შესახებ, პრემიები შემდეგნაირად ნაწილდება: პრეზიდენტის ადმინისტრაცია (ოქტომბერი-მარტი) - 1 121 478 ლარი, შსს (ოქტომბერი-თებერვალი) - 1 017 710 ლარი, მთავრობის კანცელარია (ოქტომბერი-თებერვალი) - 994 832 ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 987 006 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 800 647 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 733 270 ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 594 890 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 572 013 ლარი, ჯანდაცვის უწყება (ოქტომბერი-მარტი) - 513 900 ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 493 716 ლარი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 476 270 ლარი, გარემოს დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 284 850 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 251 965 ლარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 249 389 ლარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი-თებერვალი) - 197 179 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 150 470 ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი-თებერვალი) - 131 660 ლარი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი-მარტი) - 85 603 ლარი, იუსტიციის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 34 552 ლარი.
ახალი ხელისუფლების პირობებში პრემიების გულუხვად გაცემის ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასებები.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის თქმით, პირადად მან პრემია ბოლოს დეკემბერში - საახალწლოდ აიღო, თუმცა არ ახსოვს, რა მოცულობით. მისივე განმარტებით, პრემიების გაცემა, სავარაუდოდ, იმავე სისტემით ხდება, როგორც სხვა სტუქტურებში.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე აცხადებს, რომ უწყების მიერ გაცემული პრემიების დიდი ნაწილი სამხედრო პირებსა და რიგით საჯარო მოსამსახურეებზე მოდის. კერძოდ, იმ 5 მილიონ 600 ათასი ლარიდან, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშშია დაფიქსირებული, ძირითადი ნაწილი - 4 741 ათასი ლარი გაიცა დეკემბრის ბოლოს, როგორც საახალწლო პრემია და ის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, დაწყებული რიგითიდან დამთავრებული ოფიცრებით, თანაბრად გაუნაწილდა.
მისივე განმარტებით, იანვრიდან უწყება ახალ სისტემაზე გადავიდა, რომელიც თანამშრომლებისთვის დამსახურების მიხედვით პრემიების გაცემას ითვალისწინებს და უშუალოდ მის ფარგლებში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით 352 ათასი ლარის ოდენობის პრემია დარიგდა. ეს კი შარშანდელთან შედარებით პატარა ციფრია, რადგან მხოლოდ ერთ-ოქტომბრის თვეში, როცა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა, გაიცა 732 ათასი ლარი.
პრემიების მიზნობრივად გაცემის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
საია-ს იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ სულაც არ ეწინააღმდეგება პრემიის გაცემას, უბრალოდ, მთავარია, რა დამსახურებისა და კრიტერიუმისთვის უნდა გაიცემოდეს საქართველოში არსებულ საჯარო დაწესებულებებში პრემია. როგორც აღმოჩნდა, ერთიანი სახის ტიპის დოკუმენტი ამ დაწესებულებებს არ გააჩნიათ. დოკუმენტის არარსებობა კი განაპირობებს იმას, რომ პრემიის გაცემა ხშირად წარმოადგენს კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელის სუბიექტურ დამოკიდებულებას და არა - ობიექტური შეფასების კრიტერიუმს.
„საზღვარგარეთის 12 ქვეყნის პრაქტიკა გავაანალიზეთ და მივედით დასკვნამდე, რომ საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია გარკვეული ტიპის რეგულაციების შემოტანა და დაზუსტება პრემიასთან დაკავშირებით. კერძოდ, უნდა გაირკვას, წელიწადში რამდენჯერ უნდა მოხდეს პრემიის გაცემა და რა პრინციპით. პრემიის გაცემა ობიექტური და ნათელი უნდა იყოს. თუ დღევანდელი კანონმდებლობა და რეგულაცია დარჩება, ხვალაც რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ეს მაინც დატოვებს იმის საშუალებას, რომ პრემიები ისევე გაიცემა, როგორც გაიცემოდა აქამდე“, - აცხადებს სულხან სალაძე.
ამიტომ, მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ამ ტიპის დოკუმენტი უნდა შეიქმნას.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში გაცემულ პრემიებს, საია-ს იურისტი განმარტავს, რომ პრემიები ჯარისკაცებზე გაიცემოდა, რაც მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, თუ ავიღებთ ჯარისკაცთა რაოდენობას, ბუნებრივია, ეს ციფრი დიდი გამოჩნდება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი ახალი პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლო სამ თვეში აღებულ სოლიდურ პრემიებს წინა ხელისუფლებისგან დატოვებულ „მახინჯ სისტემას“ უკავშირებს. ამასთან, ირწმუნება, რომ პარლამენტში იანვრიდან აპრილამდე არანაირი პრემია არ გაცემულა.
მისი თქმით, არსებულ სისტემას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებობდა, ისინი უცბად ვერ შეცვლიდნენ. ამიტომ, როგორც კი წელი დასრულდა და დაიწყო ახალი საბიუჯეტო წელი, სისტემაც შეიცვალა.
„შეუძლებელი და არასწორია, როცა პრემია ეძლევა ყველას და - თანაბრად. წესით, პრემირების სისტემა სრულიად სხვანაირი უნდა იყოს და ეს არის ვიღაცის წახალისება სხვადასხვა ოდენობის პრემიით. წინა ხელისუფლების პერიოდში კი ყველა სამინიტროში, ყველა უწყებაში, მათ შორის პარლამენტშიც, პრემიები, თითქმის, ერთნაირი ჰქონდათ. ამიტომ პარლამენტმა საერთოდ გააუქმა პარლამენტარებზე პრემიის გაცემის სისტემა და დატოვა მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლებზე და ამ თანამშრომლებსაც თავიანთი ხელმძღვანელი გადაუწყვიტავს, თუ ვის რამდენი პრემია უნდა მისცეს, რაც თანაბარი აღარ იქნება. ვიღაცას საერთოდ არ მიეცემა პრემია, ვიღაცას კი 30 %, 50 % ან სულაც პრემიის 100% მიეცემა“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
ამასთან, პრემიაზე საერთოდ უარის თქმას, დავით ონოფრიშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრემიების გაცემას წინა ხელისუფლების ინერციას უკავშირებს. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება იქნება თუ ძველი, ხელფასი და კარგი ცხოვრება ყველას უნდა. ამიტომ ადამიანები იყენებენ ამ მახინჯ სისტემას, მით უფრო, რომ კანონი მათ ამის საშუალებას აძლევს.
„თავისთავად, ადამიანების მიმართ დიდი პრეტენზია ვერ გვექნება. შესაძლოა, ვინმემ თქვას, არ უნდა გამოეწერათ პრემია და მის მიღებაზე თავი უნდა შეეკავებინათო. თუმცა, ასე არ ხდება. როგორც წესი, ადამიანები იდეალურები და გმირები არ არიან. ისინი იქცევიან ისე, როგორც სისტემა აძლევს საშუალებას. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ცვლის ახალი ხელისუფლება ამ კანონმდებლობას და რატომ არ აწესრიგებს პრემიების გაცემის საკითხს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.