„მეგის ქარდავას, თენგიზ გუნავას და ახალაიებს დედა აღარ ჰყავთ“

„მეგის ქარდავას, თენგიზ გუნავას და ახალაიებს დედა აღარ ჰყავთ“

„დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია აცხადებს, რომ ფარული სამალავები სამეგრელოში ძმები ახალაიების ორგანიზებით შეიქმნა. მისივე თქმით, სამეგრელოს ყოფილი პროკურორის როლანდ ახალაიას დავალებით ადგილზე ამას ორგანიზებას მეგის ქარდავა და თენგიზ გუნავა უწევდნენ. For.ge-სთან საუბრისას მიქაია აღნიშნავს, რომ ეს იარაღები, არჩევნების შემდეგ, ბაჩო ახალაიას მიერ შექმნილ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას უნდა დარიგებოდა.

თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ მსგავსი ზღაპრები ბავშვებს რომ მოუყვნენ, ალბათ, ვერც დაიძინებენ, რადგან უკვე მარაზმია. იგი უარყოფს მის კავშირს ამ ჩანაწერებთან...

რაც შეეხება კახა მიქაიას, იგი გუნავას განცხადებას ასე პასუხობს:

- თენგიზ გუნავა თვითონ არის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თენგიზ გუნავა, მეგის ქარდავა და ახალაიები არიან სწორედ ამის ორგანიზატორები. აქ მთავარი არც იარაღია, არც ის წამლები და არც ჩვენი სურათები, მთავარია ვიდეოფირებზე ასახული წამების კადრები. მეგის ქარდავას, თენგიზ გუნავას და ახალაიებს დედა აღარ ჰყავთ. ციხის კადრები არაფერია, იმასთან შედარებით, რაც ამ კადრებშია აღბეჭდილი.

თქვენ იცით რა კადრებია?

- რა თქმა უნდა, ვიცი და იმიტომაც გეუბნებით. მაქვს ინფორმაცია და ვიცი რა არის კასეტებზე აღბეჭდილი.

ერთ-ერთ ვერსიით გადაღებულია, როგორ აწამებდნენ პატიმრებს ყოფილ მაღალჩინოსნები ციხეში, გარდა ამისა არის გაუპატიურების კადრებიც...

- დიახ, ასეა. ეს ჩანაწერი საზოგადოებისთვის რომ გახდეს ცნობილი, მერწმუნეთ, რომ შეიძლება შოკში ჩავარდეს. არ მინდა გამოძიებას დავასწრო და დეტალებზე ვისაუბრო. ვიმეორებ, იარაღები, წამალი და სურათები არის მეორეხარისხოვანი. ეს იარაღები ეკუთვნოდა ახალაიებს. ახალაიები ამ იარაღით ამარაგებდნენ იმ ბანდფორმირებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დავალებით შეიქმნა სამეგრელოში. უმთავრესი არის ის კასეტები, რომელზეც პირდაპირ გეუბნებით, შოკში ჩავარდება ჩვენი საზოგადოება როდესაც დაინახავს იქ აღმოჩენილ მასალებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არის უფრო მძიმე კადრები, ვიდრე ის რაც ჩვენ ვიხილეთ სექტემბერში.

როგორ ფიქრობთ რისთვის სჭირდებოდათ ეს კადრები?

- ამას ინახავდა მეგის ქარდავა, რადგან ამა თუ იმ პიროვნების შანტაჟისთვის სჭირდებოდათ. გუნავა იყო სამხარეო პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე იყო მეგის ქარდავა. ახალაიების, ქარდავების და გუნავების თავია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დავალებით.

თქვენი ინფორმაციით, რომელ წლებშია ეს კადრები გადაღებული?

- ომის შემდგომ პერიოდში გადაღებული ფირებია. შეიძლება ომამდელი პერიოდიც იყოს, მაგრამ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ძირითადად, ომის შემდგომი წლებია ამ კადრებზე.

როგორ ფიქრობთ, უნდა გამოქვეყნდეს თუ არა ეს კადრები და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად რა კადრებზეა საუბარი?

- კადრების გამოქვეყნების მოთხოვნის უფლება მე არ მაქვს. ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ ისეთი კადრებია, რომ მისი ნახვა საზოგადოების ფართო წრისთვის შემზარავი იქნება. დიდი ხანია ვითხოვ, რომ გამოძიებული იქნას ვინ გასცა ბრძანება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ ახალაიებს, გუნავებს და ქარდავებს სამეგრელოში შეექმნათ ზონდერბანდები! ვინ აფინანსებდა და ვინ ხელმძღვანელობდა მათ. დიდი ხანია ამას ვითხოვ და ახლაც ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იქნას ვისი ბრძანებით და ვისი დაფინანსებით ხდებოდა ამ ზონდერბანდების შექმნა. მივმართავ ირაკლი ალასანიას, მან მოახდინა ამ ბანდებიდან კორპორირება თავდაცვის სამინისტროში.

კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- კობა ახვლედიანი, რომელიც ახლა გორგასლის ორდენის კავალერია. კობა ახვლედიანი ერთ-ერთი მთავარი პირი იყო ამ ზონდერბანდების შექმნის. ჰკითხოს ირაკლი ალასანიამ კობა ახვლედიანს და არა მარტო კობა ახვლედიანს, რა ხდებოდა ზონდერბანდებში, ვინ იყო ის ხალხი ვისაც მე ჟურნალისტებთან ერთად სქურის ტყეში დავადექი. ვინ შექმნა ის ბანდა, რომელიც განთავსებული იყო ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ლებარდეში და სვანეთში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სამალავების აღმოჩენა ადასტურებს ჩემს მტკიცებას, რომ ახალაია, ქარდავა და გუნავა მიხეილ სააკაშვილის დავალებით სამეგრელოში და არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ კახეთშიც და სხვა რეგიონებშიც ქმნიდნენ ზონდერბანდებს.

შესაძლებელია, რომ ასეთი სამალავები კიდევ იყოს?

- დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი არაერთია სამეგრელოში და ეს სამალავები ეკუთვნის ამ ზონდერებს. ამდენ იარაღებს, წამლებს და კასეტებს ვერავინ ვერ შეინახავდა ახალაიას, გუნავასა და ქარდავას გარეშე. რაც მთავარია, ამას პირადად მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელბდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ სამალავის შესახებ ინფორმაცია შსს- დათა ახალაიამ მიაწოდა, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო...

- არ ვიცი. ვარაუდი შეიძლება იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება.

შეგიძლია გვითხრათ რა თანხებით ფინასდებოდა ეს .. ნებაყოფლობითი რეზერვი?

- ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. დატერორებული ჰყავდათ ბიზნესმენები. შს სამინისტრო, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტრო იყო ჩართული ამ საქმეში. მიხეილ სააკაშვილი რომელიც თვითონ იყო პირველი პირი, ქმნიდა არაფორმალურ ტერორისტულ დაჯგუფებას. მიხეილ სააკაშვილი იყო ხელმძღვანელი ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“ და, რომელსაც მე თავის დროზე დავარქვი „ქართული ალკაიდა“.

ერთ-ერთი ვერსიით, ამ ზონდერჯგუფების წევრების უმრავლესობა კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ და მათმა ნაწილმა თავი შეაფარა გალის ტერიტორიას...

- კრიმინალური ავტორიტეტები, პოლიციელები, კუდ-ის აგენტები, ძველი ზვიადისტები, ძველი მხედრიონელები და ტყის ძმები, აი ეს არის სრული შემადგენლობა. ესენი დაიშალნენ და მოხდა მათი გადაჯგუფება თავდაცვისა სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებში. მე არავის დაჭერის მომხრე არ ვარ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, გამოძიებული უნდა იქნას ეს საქმე, რომელსაც ნებაყოფლობითი რეზერვის ნიღაბქვეშ ტერორისტული ბანდფორმირებების შექმნა ჰქვია. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სიმართლე და ამას ითხოვს სამეგრელოს მოსახლეობა.