შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა დიპლომატებს სამეგრელოში სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გააცნო. შეხვედრის დროს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ვიდეოფირებში ასახულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირები უკვე დაკავებული არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით შსს-ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი თანამშრომელი: გ.შ, მ.ხ, გ.ჭ. და ყოფილი თანამშრომელი პ.ქ. დააკავეს.
ასევე დაკავებულია თ.უ, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით.
ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.
ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კ.თ, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი ბ.ბ. და გ.ბ, ასევე ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რ.შ. და ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ლ.ქ.
შსს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს.