ავღანეთში კოალიციური ძალების 10 წლიანი ყოფნა შესაძლოა სულაც არ დასრულდეს - “ომისა და ტანჯვის ეპოქის დასრულებით“, როგორც ამას მისი წამომწყებნი ვარაუდობდნენ. უკვე გაჩნდა შეფასებები, რომ 2011 წლის ივლისში ძალაუფლების ავღანეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის დაწყებამ ვითარება შესაძლოა არა მხოლოდ ამ რეგიონში, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც დაძაბოს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ განსაკუთრებით მაღალია რისკი უზბეკეთში, ყაზახეთში, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში.
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ რისკები მართლაც მაღალია, თუმცა ნაკლებ სავარაუდოდა კოალიციურმა სარდლობამ მანამ დატოვოს ავღანეთი, ვიდრე სამშვიდობო ოპერაციის მონაწილენი არ დარწმუნდებიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.
ალექსანდრე რონდელი: ავღანეთში სიტუაცია თუ სტაბილური არ იქნება და ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმალურ უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, მაშინ, ბუნებრივია უწესრიგობა ცენტრალურ აზიაზეც გავრცელდება და პრობლემებს შემქნის. პრობლემები პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს შეექმნებათ. უპირველესად კი, ცენტრალურ აზიას.
გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სიტუაციის გადაბარება 2011 წლის ივლისში დაიწყება უკვე მიღებულია. ყარზაის მთავრობა ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არის?
- გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ნათქვამია ისიც, რომ ნატოს კოალიციური ძალები გასვლას დაიწყებენ მაშინ, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება მზად იქნება იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას თავად მიხედოს.
თალიბები თუ დაბრუნდნენ და ავღანეთში რადიკალური ისლამური რეჟიმი დამყარდა, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს პრობლემები ბუნებრივია გაუჩნდებათ.
ექსპერტთა გათვლებით, ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბთა მოსვლის შემთხვევაში სიტუაცია გამწვავდება პაკისტანთან, ვითარება დაიძაბება უზბეკეთსა და ყაზახეთში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაშიც, სადაც რამდენიმე დამოუკიდებელი მოთამაშეა დაღესტნის, კადიროვის და დასავლეთ კავკასიის კლანების სახით…
-რადიკალური ისლამის გამარჯვება ავღანეთში, ბუნებრივია ტალღისებურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც ამ ქვეყნის საზღვრებს გასცდება. სამხრეთისგან განსხვავებით, ამ ტალღას მნიშვნელოვნად შეიგრძნობენ კავკასიის ჩრდილოეთში. მაგრამ თუ ის მეტად ძლიერი იქნება და ავღანეთის როგორც მეზობლებს, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოედება, მაშინ ჩვენამდეც შეიძლება მოაღწიოს. მითუმეტეს, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს სათანადო პირობები იმისთვის, რომ რადიკალურმა ისლამმა ფეხი მოიკიდოს.
საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობისას დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე განვრცობის რისკი მაღალია. მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში რა შეიძლება იყოს საქართველოსთვის დაზღვევა?
- დაზღვეულები ჩვენ არაფრისგან ვართ. თუმცა პოლიტიკა და დიპლომატია არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ასეთი რისკები თავიდან ავარიდოთ. ამისთვის კი, საჭიროა კავშირების შექმნა და ურთიერთობა ქვეყნებს შორის, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ. მსგავსი საშიშროება თუ გაჩნდება, ჩვენი სახელმწიფო ალბათ, ისევე როგორც დანარჩენები რაღაცას მოიფიქრებენ იმისთვის, რომ ეს საფრთხე გააუვნებლონ.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შესაძლო გაცხელებაზე.
- ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის. ყარაბაღის კონფლიქტის კვლავ აფეთქება რეგიონში დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
როდესაც კოალიციურმა სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სიტუაციის ეტაპობრივად გადაბარების და იმის შესახებ, რომ ავღანეთის მთავრობამ კარი გაუღოს თალიბანის წევრებს, რომლებიც უარს იტყვიან ძალადობაზე - ეს რისკები გაითვალისწინა?
- ყველა საკუთარი ინტერესის მიხედვით მოქმედებს. როდესაც კოალიცია ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა, იმ ვითარებაზე და რისკებზე უფრო ფიქრობდა, რომელიც მათ წინაშე შეიძლება დადგეს. ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რა დაემართებათ ავღანეთის მეზობლებს. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მათ თავად უნდა იფიქრონ.
სამშვიდობო ოპერაციის ხელმძღვანელობა ბუნებრივი ყველანაირად შეეცდება, ისე დატოვოს ავღანეთი, რომ თალიბები ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. თუმცა, კოალიციური მთავრობის შექმნა გამორიცხული არ არის.