თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი თბილისის მერს მიმართავს და ითხოვს, მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით, საკონკურსო კომისიებში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც ჩართოს. ამის შესახებ განცხადება საკრებულოს წევრმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მერის 2009 წლის ბრძანებულების შესაბამისად იგეგმება მერიის მოხელეთა კონკურსი (რომლის ფარგლებშიც ვაკანსიები 2014 წლის იანვრამდე უნდა შეივსოს) რისთვისაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიები უნდა შეიქმნას.
ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ მისმა ფრაქციამ ეს მოთხოვნა გააცნო თბილისის მერსაც და იმ სსიპ-ების ხელმძღვანელებსაც, სადაც ვაკანსიებზე კონკურსები უნდა ჩატარდეს. საკრებულოს დეპუტატი განმარტავს, რომ რაც უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება ეს კონკურსები, მით უფრო ნაკლები კითხვები და ეჭვები გაჩნდება მათ მიმართ საზოგადოებაში.
„ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ასეთ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერი და დედაქალაქის მთავრობა ქმნის სსიპ-ებს და ამ ორგანიზაციებში ქმნის ბორდებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს და მათი ოჯახის წევრებს ასაქმებს. ჩვენ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მერიის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ დამკვიდრდეს სწორი დამოკიდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მერიის მიერ დაგეგმილი ყველა ქმედება რაღაც შირმის მიღმა არ უნდა ხორციელდებოდეს“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.
მისი მოთხოვნაა, რომ საკრებულოს ყველა ფრაქციიდან თითო წარმომადგენელი იყოს საკონკურსო კომისიაში ჩართული. შიხიაშვილის თქმით, მართალია თბილისის მთავრობა ყოველთვის უარყოფს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების და აქტივისტების დასაქმებას, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ამ ნიშნით ხდებოდა ადამიანების მერიაში და მის სამსახურებში დასაქმება.
„გუშინ ქალაქ თბილისის მერი გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლიტიკას შეეშვება და მეურნე მერი იქნება. თუ ის მართლაც მეურნე მერია და თბილისელების პრობლემების გადაწყვეტაზე არის ორიენტირებული, ახლა მას ამის დასამტკიცებლად შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა და შეუძლია საკონკურსო კომისიებში საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლების ჩართვით, ეს პროცესი საზოგადოებისთვის ღია გახადოს“, - აღნიშნავს ირაკლი შიხიაშვილი.
მეორე თემა, რომელზეც მან ისაუბრა, არის თბილისის მერიის დაცვის სპეციალური სამსახური. საკრებულოს დეპუტატის თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თბილისის მერმა დაჩქარებული ტემპით გააუქმა ხელშეკრულება დაცვის პოლიციასთან, რომელიც უკვე „ნაცმოძრაობის“ კლიშეებში მოქცეული აღარ იყო. ამიტომ თბილისის მერმა ეს ხელშეკრულება ერთპიროვნულად შეწყვიტა და შექმნა თბილისის მერიის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური. ამ სამსახურის ხელმძღვანელად კი დაინიშნა კახა ლეგაშვილი, რომელიც შიხიაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო. საკრებულოს წევრი ასევე აღნიშნავს, რომ კახა ლეგაშვილი როდესაც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, 5მლნ 200 ათას ლარად აწარმოებდა ამ მომსახურებას. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, როდესაც მერიას მიმართა კითხვით, თუ რისთვის გახდა საჭირო ამ დაცვის საქალაქო სამსახურის შექმნა, იქიდან უპასუხეს, რომ ამით 440 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს ზოგავდნენ, თუმცა შიხიაშვილი აღნიშნავს, რომ არავის გაუჩნდა სურვილი, მიემართათ დაცვის პოლიციისთვის და ეკითხათ, რომ იქნებ ამ თანხაში ეს სამსახური (მომსახურების ხარისხის შეუმცირებლად) მოახდენდა თბილისის მერიის მომსახურებას. საკრებულოს დეპუტატის თქმით, თბილისის სკვერებსა და პარკებში, სადაც თბილისის მოქალაქეები მათ შვილებთან ერთად ისვენებენ ხოლმე, დაცვის ხარისხი მნიშნელოვნად შემცირებულია.
„ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ჩვენი ფრაქციის სახელით ოფიციალური წერილით მივმართეთ) და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ 66-ვე ობიექტზე, რომელზეც დღეს კახა ლეგაშვილის სამსახური აწარმოებს ე.წ. დაცვას, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 220 000 ლარით ნაკლებად მზად არის შეასრულოს იგივე მომსახურება. ამასთანავე, უწყება 42 ობიექტზე პერიმეტრული სიგნალიზაციის დამონტაჟების საშუალებით უფრო ეფექტურ დაცვას განახორციელებს. დაბოლოს, დაცვის პოლიცია მზად არის 150 კაცით მეტი შტატით განახორციელოს ეს მომსახურება“, - ამბობს ირაკლი შიხიაშვილი.
მისი თქმით, საკრებულოს წევრმა თამაზ შოშიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თუკი ამ მომსახურებას დაცვის პოლიცია განახორციელებს, 457 ადამიანი (რომელიც დაცვის საქალაქო სამსახურშია დასაქმებული) უმუშევრად დარჩება. ამის საპასუხოდ ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ თუკი დაცვის სამსახური გაუქმდება, სატენდერო პირობებში აუცილებლად ჩაიდება პირობა, რომ თუკი ამ ადამიანებიდან ვინმე ამ სამსახურისთვის საჭირო კვალიფიკაციას და უნარებს ფლობს, როტაციის წესით გადაყვანილი იყოს ახალ სამსახურში, რომელიც მერიის უწყებების დაცვას განახორციელებს. შიხიაშვილი განმარტავს, რომ დაცვის საქალაქო სამსახური დასაქმებულების სახელფასო სარგო, დაცვის პოლიციის თანამშრომლების სარგოს თითქმის იდენტურია, ამასთანავე, დაცვის პოლიცია კიდევ დამატებით 150 ადამიანს დაასაქმებს.
„დაცვის საქალაქო სამსახური გიგი უგულავამ სპეციალურად ლეგაშვილისთვის შექმნა, რათა იგი დაესაქმებინა. მე არ ვამბობ, რომ ამ სამსახურში მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები არიან დასაქმებულები და ადამიანებს პოლიტიკური ნიშნითაც არ ვყოფთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თბილისის მერს, გონს მოეგოს და ნუ ცდილობს დაფაროს მის მიერ განხორციელებული ქმედებები, რადგან საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ხვდება. რუსუდან კერვალიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა ხაბაზი და სხვები რომ არ უნა იყვნენ ამ სსიპ-ებში დასაქმებულები, ეს ხომ ცხადია? ამ ადამიანებს არც შესაბამისი კვალიფიკაცია და არც გამოცდილება გააჩნიათ“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.