მე ვარ, გიდი!

მე ვარ, გიდი!

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის დათვალიერების მიზნით, ქუთაისში მცხოვრებთათვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას ითხოვს. სტუმრებს კი, მასპინძლობას გიორგი ვაშაძე გაუწევს, რომელიც დეპუტატის უფლებამოსილების გარდა, გიდის ფუნქციას შეითავსებს. უფრო სწორად, ვაშაძეს გიდის ფუნქცია უკვე შეთავსებული აქვს. კერძოდ, პარლამენტარმა ქუთაისელ სტუდენტებს უწყებაში გიდობა რამდენჯერმე უკვე გაუწია და ისინი დამოძღვრა კიდეც - რატომ უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში.

შეხვედრაზე, რომელიც გასულ სასესიო კვირას გაიმართა, ვაშაძემ პარლამენტის ქუთაისში გადატანის ვერსიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება თბილისი-ქუთაისი-ბათუმის განვითარების მიზნით, პროექტებზე მუშაობდა და რჩევის მიღების მიზნით, კომპეტენტურ პირებს მიმართა, რომელთაც თქვეს, რომ „თბილისი განვითარდება, ბათუმს პორტი წაწევს წინ, მაგრამ აი, შუაში, რომ ქალაქია იმას არაფერი ეშველებაო“.

ვაშაძის განმარტებით, ქუთაისში პარლამენტის გადატანა ქალაქის განვითარების მიზნით მოხდა. მისი შეფასებით, პარლამენტის ქუთაისში არსებობა იქნება იმის განმაპირობელი ფაქტორი, რომ ტურისტი ქალაქში სამ დღეზე მეტი ხანი გაჩერდეს.

„თქვენ, რომ ტურისტი იყოთ, რამდენი ხანი გაჩერდებოდით ქუთაისში? - ერთი დღე ხომ?! ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვანში მოგვეწყო - მუზეუმი, წყალტუბოში - მღვიმე, ხონში კანიონი, რომელზეც აკაკი ბობოხიძე ტვინს ჭამდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი კანიონი არისო. ამას გარდა, ჭიათურაში არის კაცხის სვეტი და პლაცდარმს ვქმნიდით, რომ ტურისტი ქუთაისში სამ დღეზე მეტ ხანს დარჩენილიყო. ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში მილიონ ტურისტზე მეტი შემოვიდოდა“, - განაცხადა სტუდენტებთან და რამდენიმე პენსიონერ ქალბატონთან გამართულ შეხვედრაზე ვაშაძემ, რომელსაც საუბარში გიორგი ბარამიძე ჩაეჭრა და აღნიშნა, რომ რეგიონალური განვითარების პროექტში ქუთიასი-სვანეთის გვირაბის გაყვანაც იყო გათვალისწინებული.

ქუთაის-სვანეთის გვირაბის გარდა, ბარამიძემ რეგიონალურ განვითარებაში ლაზიკის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლაზიკის გარეშე რეგიონი და საქართველო ვერ განვითარდება.

„ბათუმის პორტში, რასაც დიდი გემი ჰქვია, რომელიც მე მხოლოდ ტელევიზორში მაქვს ნანახი, ვერ შედის, რის გამოც, ლაზიკის აშენება გვსურდა“, - აგრძელებდა საუბარს ბარამიძე, რა დროსაც მას ვაშაძემ მიმართა - „ისევ ქუთაისს რომ დავუბრუნდეთ“.

მას შემდეგ, რაც ვაშაძე „ქუთაისს დაუბრუნდა“, ის დაინტერესდა სტუმრების განწყობით - თუ როგორი იყო პარლამენტი და შეესაბამებოდა თუ არა სპეკულაციები სიმართლეს, რომ პარლამენტში ძალიან ცხელა, შენობა არ ვარგა და ა.შ. რაზეც, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თავმოწონებით უპასუხა, რომ სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ უწყებაში 54 გრადუსი იყო, არადა მან პარლამენტში მსგავსი ტემპერატურა ვერ იგრძნო. ამ ახალგაზრდის საპასუხოდ კი, მეორემ ჩუმად ჩაილაპარაკა - „აშკარად ძალიან ცხელა“.

აღსანიშნავია, რომ ვაშაძისა და მოქალაქეთა შეხვედრაზე, ნაციონალის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება - ქუთაისში პარლამენტის დარჩენას ეთმობოდა და დეპუტატი თბილისში უწყების დაბრუნების შემთხვევაში, მოსალოდნელ პროგნოზებზე აპელირებდა.

კერძოდ, ვაშაძის მოსაზრებით, თუ ქუთაისში პარლამენტი არ დარჩა, ქალაქი საბოლოოდ მოკვდება.

„რომ გითხრათ, ხელისუფლებაში, რომ მოვალთ ავტოქარხანას ავაშენებთქო, მოგატყუებთ. ქალაქის განვითარების ერთადერთი შანსი, აქ პარლამენტის არსებობაა. გიორგი თევდორაძე გვიყვებოდა, რომ ერთ-ერთი ტაქსის მძღოლს უთქვამს - „პარლამენტის აქ არსებობა ჩემს ქუთაისელობას დაანგრევსო“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის გამოსვლასაც ხელისუფლებაში დაბრუნების თავდაჯერებულობა ლაიტმოტივად გასდევდა.

ფაქტია, რომ უმცირესობა პარლამენტის საკონფერენციო დარბაზებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად იყენებს, რადგან ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში, ნაციონალებს სტუდენტებისთვის გიდობა არ გაუწევიათ, რამდენჯერმე მხოლოდ სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, არადა გიდობა რუსთაველის გამზირზე არსებულ ისტორიულ შენობაში უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე შუშებიან გამჭირვალე შენობაში, სადაც არც ის ტრიბუნა დგას, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და არც ვორონცოვის დროინდელი ჭაღი კიდია.

თუ რა მიზნით აწყობენ ნაციონალები ექსკურსიებს, ამის გარკვევას for.ge გიორგი ვაშაძესთან შეეცადა:

რა მეთოდით არჩევთ ექსკურსიის მონაწილებს?

- ვისაც პარლამენტის ნახვა სურს, ის ხალხი შემოგვყავს. პროექტი დავიწყე - „მე ვარ გიდი“ და ვისაც საკანონმდებლო ორგანოს დათვალიერება უნდა, სოციალურ ქსელში უნდა მომწეროს. მათ ქუთაისის პარლამენტში ვუმასპინძლებ და თან სხვადასხვა საკითხებზე დაველაპარაკები.

ექსკურსიებს აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტი აწყობს. შესაბამისად, გიდს უფუნქციოდ ტოვებთ?

-  ჩვენს შეხვედრაზე გიდიც იყო, რომელიც შეხვედრის შემდეგ, სტუმრებს შენობას დაათვალიერებინებს. თქვენი მსგავსი მოსაზრება აპარატსაც ჰქონდა, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან პარლამენტის წევრმა აქ რომ ხალხი მოვიყვანო, ამის უფლება არ მაქვს? რამდენ კაცსაც მინდა, იმდენს მოვიყვან. პარლამენტი იმისთვის არის, რომ გახსნილი იყოს და ვისაც შემოსვლა უნდა, ის მოვიდეს და მას გაესაუბრო კიდეც.

წინა მოწვევის პარლამენტში, რატომ არ იყავით გახსნილები?

- როდის არ ვიყავით? თბილისის პარლამენტი ყოველთვის ღია იყო. რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობაში, სტუდენტობის დროინდელი ფოტოებიც კი მაქვს გადაღებული.

ვგულისხმობ, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მაშინ, რატომ არ აწყობდით ექსკურსიებს?

- იუსტიციის სახლში ვმუშაობდი, სადაც ათასობით ადამიანს ვხვდებოდი. ახლა კი, აქ ვარ და იგივეს ვაკეთებ.

შეხვედრაზე თქვენ ბრძანეთ, რომ პარლამენტის გადატანა თბილისი-ქუთაისი-ბათუმის განვითარების გზა იყო. რას შეიცვალა მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა?

- გაცილებით ცოტა შეიცვალა, ვიდრე უნდა შეცვლილიყო. ამის მიზეზს გეტყვით. იმის გამო, რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში, არის განხილვა დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში, ბევრი მშენებლობა შეჩერდა. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ, სასტუმროს შეჩერებული მშნებელობა. ასევე, მშენებლობა შეჩერებულია წყალტუბოშიც. ხალხმა არ იცის ჩადოს ინვესტიაცია თუ არა. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიცვალა, თუ გნებავთ, საღამოს, ძველ ქუთაისში წავიდეთ და ნახავთ, რომ ქალაქში ბევრი უცხოელია.

უცხოელები ქუთაისს არასოდეს აკლდა და ამას პარლამენტს ნუ მიაწერთ. ქუთაისი ტურისტებს ყოველთვის იზიდავდა - ბაგრატის, გელათისა და მოწამეთის ტაძრებით. ასევე სათაფლიის ნაკრძალით. პარლამენტში კი, ტურისტები ერთხელ იყვნენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ქუთაისში, ტურისტებს პარლამენტის შენობა მოიზიდავს?

- ქუთაისელებს ჰკითხეთ - ახლა უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის თუ ადრე უფრო მეტი იყო. შეხვედრაზე, იმერეთთან დაკავშირებით, მხოლოდ ეს ვთქვი? თქვენ ხომ შეხვედრაზე იყავით და აბა, კიდევ რა გაიგეთ? - მართლა მაინტერესებს.

ძალიან ბევრი რამ. თქვენ ბრძანეთ, რომ რეგიონალური განვითარების პროექტში ჩართული იყო - ვანი, ხონი, წყალტუბო და ჭიათურა. ასევე კოპიტნარის აეროპორტი...

- კიდევ, კიდევ? ჩვენი მიზანი იყო რეგიონიდან, რომელსაც საზღვაო კავშირი არ აქვს, ინტერესის სფერო შეგვექმნა. ქუთაისმა საქართველოს განვითარებისთვის ძალიან დიდ როლი ითამაშა, მაგრამ იმის გამო, რომ განვითარება არ არსებობდა, მცოდნე ხალხი ქალაქს ტოვებდა და ჩვენ გვინდა, რომ მათ ქუთაისი არ დატოვონ.

კიდევ ის გავიგეთ, რომ თურმე, „ხელისუფლებაში დაბრუნებასაპირებთ. თქვენ თქვით, რომვერ აგიშენებთ ავტოქარხანას, როცა ხელისუფლებაში მოვალთ“. უახლოეს მომავალში, ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივას ხედავთ?

- რა თქმა უნდა, ცალსახად. იცით, ჩვენსა და ხელისუფლებას შორის განსხვავება რა არის? - ჩვენ გვაქვს ცოდნა, გამოცდილება და ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ბედნიერი ვარ, რომ ოპოზიციაში მოვხვდი, რადგან ბევრ რამეს სხვანაირდ შეხვედე. რეფორმები, რომელსაც ვაკეთებდით „ზემოდან ქვემოთ“ იყო, ახლა კი, პირიქით იქნება. პარაგმა იცვლება. ხლისუფლებაში ყოფნაც კი არ არის საჭირო, რომ ბევრი რამ გააკეთო და ამის მაგალითებს გაჩვენებთ. ქვეყნის ეკონომიკა უკან მიდის და ხალხს ჰკითხეთ - შეიცვალა თუ არა ეკონომიკური ვითარება.

ქუთაისელებს ის ჰკითხეთ, იმ 360 მლნ ლარით რას გააკეთებდნენ, რომელიც პარლამენტის მშნებელობას დასჭირდა?

- რაში დახარჯავდნენ?

თუნდაც - გზების დაგებისთვის, ნაგავსაყრელის მოწყობისთვის, ასევე წყლის პრობლემებს მოხსნიდნენ და რიონის პირზე დაზიანებულ სახლებს გაამაგრებდნენ...

- თქვენ 100 ლარი, რომ გქონდეთ რას გააკეთებდით? - მაღაზიაში ჩადებდით და ყოველდღიურ სარგოს მიიღებდით, თუ ერთ დღეს გამოიკვებებოდით?

ყოველდღიურ ფულს ვამჯობინებდი, მაგრამ ეს მაგალითი რა შუაშია?

- სახელმწიფოს ფუნქციაა ფული ისეთ პროექტებში ჩადოს, რომელიც ხვალ შემოსავალს მოიტანს და ამით უზრუნველყოფს დასაქმებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, გზებისა და წყლის პრობლემის გადაჭრას. ახალ მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მლრდ ლარი დავუტოვეთ, არადა შეგვეძლო ეს თანხა დაგვერიგებინა. რაც შეეხება ქუთაისში წყლის პრობლემას, აქ წყალი კვირაში ერთხელ იყო და ახლა ყოველდღიურად გრაფიკით არის. 25 მლნ ლარიანი პროექტი თუ რატომ გაჩერდა, ეს ახალ მერსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰკითხეთ.

ქუთაისის მერი პოსტზე სამი დღის დანიშნულია და მას ვკითხოთ?

- საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქცის ჰკითხეთ.

ცხრა წლის განმავლობაში, ისინი ხომ თქვენი გუნდის წევრები იყვნენ?

- რომლებიც „ოცნებაში“ გადავიდნენ.

ქუთაისელები აცხადებენ, რომ ნაციონალები შენობებს ფასადურად აშებენდნენ. მათ ამის მაგალითად, ტურისტული ცენტრი მოჰყავთ, რომელიც ქალაქში გაიხსნა, თუმცა, მალევე დაიკეტა, რისი მიზეზიც შენობის დაზიანება იყო...

- დამშვიდდით! ტურისტულ ცენტრში ნამყოფი არ ვართ. ქუთაისის იუსტიციის სახლში წავიდეთ და გაჩვენებთ თუ რამდენად ფასადურია.

ალბათ, იუსტიციის სახლი გამონაკლისია. პარლამენტის შენობა თქვენთვის კომფორტულია?

- ძალიან. პრობლემა ისაა, რომ შენობაში ექვსი გამწოვიდან მხოლოდ ორია ჩართული, რადგან გამწოვების სისტემის დასრულებისთვის 25 ათასი დოლარი იყო საჭირო, რაც ამ ხელისუფლებამ არ დახარჯა. იცით, ხალხი პარლამენტში რატომ მოგვყავს? - თავად ნახონ თუ როგორი ვითარებაა და ბინძურ პიარს პასუხი თავად გასცემენ.

თქვენთვის მაღალი ტემპერატურა, ხმაური და უჰაერობა კომფორტს ნიშნავს?

- მერე რა?

შენობა მდგრადია?

- უწყება დაახლოებით 500 ხიმინჯიან შენობაზე დგას. იმიტომ, რომ ეს არის სპეციალური ობიექტი, რომელიც მდგრადი არა მხოლოდ მიწისძვრის დროს უნდა იყოს, არამედ სეისმო ვითარებაშიც. რაც შეეხება ჟანგბადის შემცველობას, რა დადაგინეს?

სამეცნიერო კვლევითმა ფირმამ - „გამა“-მ დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც, ჟანგბადის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით ნაკლებია, ხოლო ნახშირორჟანგის შემცველობა მეტი. ამას გარდა, ხმაურის დონეების მნიშვნელოვანი გადაჭარბება აპარატის შენობის პირველ სართულზე ფიქსირდება.

- ტყუილია, ეს მონაცემები ამოვიღე და გეტყვით რა ხდება. ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით, დაშვებულია 20 პროცენტი, პარლამენტში კი იყო - 19, 8. ანუ, უფრო ნაკლები. უფრო მეტსაც გეტყვით. აპარატმა არ იცოდა, რომ ამ შენობაში ფანჯრები იღებოდა. მანანა კობახიძე ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრად იყო და გაიგო, რომ პარლამენტის შენობას ფანჯრები აქვს. მეორე დღეს, პარლამენტში სიცივე იყო, ვიფიქრე რა ხდება-თქო. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ყველა ფანჯარა გააღო.

სხვათა შორის, ფანჯრების გაღება იმ დღეს დაემთხვა, როდესაც შენობაში სპეციალისტებმა სინჯები აიღეს და მათი შეფასებით, ფანჯრების გაღება შედეგებზე გარკვეულ გავლენას მოახდენდა.

- რა მნიშვნელობა აქვს, ფანჯარა ხომ იღება?

ამ პერიოდს, არც ფანჯრების გაღება შველის, რადგან ტემპერტურა 54 გრადუსს აღწევს. თქვენ აცხადებთ, რომ შენობა უსაფრთხოა. თუმცა, სამხარაულის ეროვნული ბიურო შენობის მდგრადობის შესახებ, რატომ არ დებს დასკვნას?

- რატომ არ დებს? - მე რა ვიცი.

უმრავლესობა აცხადებს, რომ შენობა არ არის უსაფრთხო, რის გამოც მისი მდგრადობის შესახებ დასკვნა არ იდება. . .

- პარლამენტის მშენებელი, მე ხომ არ ვარ? მე ვამბობ, რომ შენობა არის უსაფრთხო.

ამის თქმის საშუალებას რა გაძლევთ, მაშინ როდესაც, უკვე მეორედ, ჭერში დამონტაჟებული სახანძრო მილი დაზიანდა და ნულ სართულზე, დერეფანში ჭერი ჩამოინგრა?

- ის, რომ ამ პარლამენტში ვმუშაობ და ყველაფერს მდგრადად ვუყურებ. სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვნახე, რომ ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტის ჭერში გველი იპოვეს.

ისევე როგორცნაციონალებისოფისში?

- მაინტერესებს, რადგან შენობაში გველი იპოვეს, საკანომდებლო ორგანო უნდა დახურონ? ეს ყველაფერი ცოტა აბსურდია, რადგან კანალიზაცია შეიძლება სახლშიც გასკდეს.

ექსკურსიებს აწყობთ და მოქალაქეებს ხვდებით, მაგრამ აპარატის თანამშრომლებს ესაუბრებით და მათიქუთაისურიცხოვრებით დაინტერესებულხართ?

- რა თქმა უნდა, ჩვენს ფრაქციებშიც არიან თანამშრომლები, რომელთაც ვესაუბრებით.

ადმისტრაციულ შენობაში გადასულხართ? გინახავთ იქ არსებული ვითარება, სადაც ფანჯრები არ არის და ერთ სამუშაო ოთახში დაახლოებით 15 ადამიანი ზის?

- კი, გადავსულვარ.

ვის გაესაუბრეთ?

- რა მნიშვნელობა აქვს? - კადრებისა და ბუღალტერიის სამსახურში გადავსულვარ.

და, რა გითხრეს - პარლამენტში არსებული პირობები მოსწონთ?

- შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს და ვიღაცას - პირიქით. მერე?

ამას მხოლოდ იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ ამბობთ, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობით ბევრი კმაყოფილია...

- მე მოსახლეობას ვგულისხმობ. თქვენ, რა გგონიათ, ჩემთვის რომლი უფრო უმჯობესია - თბილისში რომ იყოს პარლამენტი, თუ ქუთაისში? რომელი მეადვილება? ჩვენი მოვალეობაა, გრძელვადიანი პერსპექტივით ვიზაროვნოთ, ჩვენს პირად ინტერესებზე უარი ვთქვათ და სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. ამიტომ, იმის მომხრე ვარ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.

პარლამენტის გადმოტანისას აცხადებდით, რომ აპარატში ქუთაისელებიც დასაქმდებოდნენ, მაგრამ დღეს, უწყებაში, ქუთაისელები მხოლოდ პრაქტიკებს გადიან. რატომ არ დაასაქმეთ ხალხი?

- როდის? ვის ხელშია ეს უწყება?

ამჟამინდელი მთავრობის, მაგრამ ვაკანსიები გასული წლის ზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ, როცა ხელისუფლებაში თქვენ იყავით. პარლამენტი კი, ქუთაისში 1-ელ ოქტომბრამდე გადავიდა...

- თუ გავიმარჯვებდით. გვიდნოდა, რომ ადგილობრივები დასაქმებულიყვნენ. პარლამენტში სამუშაო სპეციფიკა არასწორად არის აგებული.

რაც შეეხება შეცდომებს, თქვენ საუბრობთ მომავალ გეგმებზე, მაგრამ თავს არიდებთ შეცდომებს. რატომ?

- აბა, შეხვედრაზე რაზე ვისაუბრეთ?

კონკრეტული ფაქტები არ დაგისახელებიათ. მაგალითად, რატომ არ ისაუბრეთ ადამიანის უფლებების დარვევაზე?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში ხალხი იყოს ჩართული. შეხვედრაზე კი, გიამ - „თავში ავარდნა“ ახსენა.

თავში იმიტომ ხომ არაგივარდათ“, ოპოზიცია რომ გაანადგურეთ?

- ჩვენ არ გაგვინადგურებია, მათ საკუთარი თავი თავად გაინადგურეს. ჩვენც გვებრძვიან, მაგრამ ძიერები ვართ. დამარცხების მიზეზებს ვეძებთ და ამიტომაც, არის რომ ხელისუფლებაში მოსვლის იმედი გვაქვს.