ქონებაწართმეულებს დახმარებას კიდევ ერთი ორგანიზაცია ჰპირდება. ეს არის თავისებური მექანიზმი, რომელიც მედიაციის საბჭოს მეშვეობით პრობლემის გადაწყვეტას გულისხმობს. ჯერჯერობით, 3 თვეა, რაც ყველა ასეთი ტიპის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
პოლიტიკისა და სამართლის ცენტრი წინა ხელისუფლების დროს ქონების ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, საუბარია მედიაციის პროგრამაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნების შესახებ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იმ ბიზნესმენების, იურიდიული პირების და კერძო მესაკუთრეების ინტერესების დაცვას და სახელმწიფოსთან მორიგების გზით დავის გადაწყვეტას, რომელთაც 2004 წლის 1-ლი იანვრიდან 2012 წლის 1-ელ ნოემბრამდე, საჯარო მოხელეთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, მათზე, ან მათთან დაკავშირებულ პირებზე რეგისტრირებული საკუთრება (მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონება, წილები საწარმოებში და ა.შ.) აჩუქეს, ან სიმბოლურ ფასად დაუთმეს სახელმწიფოს და ეს საკუთრება ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება.
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ქონება გასხვისებულია უკვე მესამე პირებზე, ან ცვეთის და ამორტიზაციის, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, შეუძლებელია ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის დაბრუნება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციები.
გიგუაშვილის განმარტებით, პირველ რიგში, მესაკუთრეთა ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნება, რომელიც ხელისუფლებას დაზარალებული ბიზნესმენების რაოდენობისა და თანხობრივი მოცულობის დადგენის საშუალებას მისცემს.
„ჩემი ინფორმაციით, დღეს ამის სტატისტიკა არ არსებობს. დაახლოებით ათეული მილიონი ლარი ირიცხება სახელმწიფო საკუთრებაში, საუბარია იძულების წესით ჩამორთმეულ ქონებაზე”, - აცხადებს გიგუაშვილი.
დაზარალებულმა პირებმა „პოლიტიკის და სამართლის ცენტრს“ ორითვის განმავლობაში უნდა მიმართონ, რათა მესაკუთრეთა ერთიანი ეროვნული ბაზა შეიქმნას, რის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს წარედგინება და მედიაციის პროგრამა დაიწყება.
„დღემდე არ არსებობს სტატისტიკა სულ რამდენი დაზარალებულია. ამიტომ, თავიდან უნდა მოხდეს ელექტრონული ბაზის შექმნა. ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სახელმწიფო უწყებებს და შემდეგ დავიწყოთ მედიაციის პროგრამა“, - განაცხადა გიგუაშვილმა და დასძინა, რომ წინადადება უკვე შემუშავებულია და ის პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს უახლოეს მომავალში წარედგინება.
გიგუაშვილის განმარტებით, საქმეების შესწავლას 2 თვე დასჭირდება და უკვე ოქტომბერში პარლამენტის საპროცედურო კომიტეტთან თანამშრომლობა დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული პირებისთვის ქონების პირვანდელი სახით დაბრუნება ვერ მოხდება, მათი დაკმაყოფილება ალტერნატიული ქონებით მოხდება და მედიაციის საბჭოს დახმარებით, მას გრძელი სამართლებრივი პროცედურების გავლა აღარ მოუხდება.
ძნელი სათქმელია, ჩიხში შესული საქმეების ფონზე, რამდენად წარმატებული იქნება მედიციის საბჭოს მუშაობა. მით უფრო, რომ ამ მიმართულებით მოძრაობა „დააბრუნე“ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურობს, მაგრამ რაიმე ხელშესახები შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.
წინა ხელისუფლების პერიოდში საკუთრებაჩამორთმეულ რამდენიმე ათას დაზარალებულს მთავარ პროკურატურაში აქვს საჩივარი შეტანილი. დაახლოებით 18 000 საჩივარია და პროკურატურა ამ საქმეების გამოძიებას ვერ აუდის. ქონებაჩამორთმეული პირები იმასაც ამბობენ, რომ თავიდან მათ საქმეებზე გამოძიება აქტიურად დაიწყო, მაგრამ დაახლოებით 2-3 თვის წინ, თითქმის, ყველა ასეთი ტიპის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, მაგრამ ამაზე საბოლოოდ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ან ვიღაცეები ლობირებენ ამ საქმეების შეჩერებას.
ერთ-ერთი რეპრესირებული ბიზნესმენი, კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი და მოძრაობა „დააბრუნე“-ს ლიდერი, მამია სანადირაძე აცხადებს, რომ თუკი საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, მაშინ ამ საქმეებზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
„დამნაშავე ყოველთვის ცდილობს მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. ამ ადამიანებს მილიონობით თანხა აქვთ მითვისებული და აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ამ ფულს ხარჯავენ უცხოელ ლობისტებზე, ქირაობენ პიარ-ჯგუფებს და ინფორმაციის გამავრცელებლებს, რომლებიც ამ პრობლემის გაბუქებას ეწევიან და ისე წარმოაჩენენ მას, თითქოს, ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია”, - აცხადებს მამია სანადირაძე.