თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 12 ივნისს გამოცხადდა. რექტორს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით აირჩევს. როგორც ცნობილია, რექტორის კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ როგორც ფაკულტეტებს, ისე პროფესორთა თუ სტუდენტთა ჯგუფებს.
საინიციატივო ჯგუფის წარდგენის შემთხვევაში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა მზადაა, თსუ-ის რექტორის არჩევნებში კენჭი იყაროს. For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ აკედემიური საბჭო რექტორის თანამდებობაზე ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის, მარიკა გერსამიას კანდიდატურას წარადგენს. უნივერსიტეტის სტუდენტთა უმრავლესობა პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.
თსუ-ს სტუდენტი, თვითმართველობის დამოუკიდებელი წევრი ლევან ლორთქიფანიძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ თუ რევაზ გაჩეჩილაძისგან იქნება შესაბამისი იმპულსი, მზად არიან შექმნან მისი მხადამჭერთა საინიციატივო ჯგუფი.
თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და ის ახლა რექტორის მოვალეობას ასრულებს. როგორ ფიქრობთ, რა დგას აკადემიური საბჭოს ამ გადაწყვეტილების უკან სინამდვილეში?
ლევან ლორთქიფანიძე: ეს იყო ტრადიციული, ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი, რომელსაც დგამს ხოლმე აკადმიური საბჭო კვიტაშვილის და სხვა მსგავსი ლექტორების სასრგებლოდ. ჩემი ღრმა რწმენით აკადემიური საბჭო დაკავშირებულია საპრეზიდენტო პარტიასთან, მის ელიტასთან და შესაბამისად მათ იხმარეს ჭკუა - განათლების სამინისტროს ტაქტიკური ბრძოლა მოუგეს. განათლების სამინისტროს სურდა, რომ დროებითი მმართველი შემოეყვანა უნივერსიტეტში, მაგრამ მათ ვერ გათვალეს, რომ კვიტაშვილს შეეძლო გადამდგარიყო. გადადგა და ახლა ის ორი თვე იქნება მოვალეობის შემსრულებელი. 16 აგვისტოს დანიშნულ არჩევნებზე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ალბათ, კვიტაშვილის მსგავს, იმავე შინაარსის მქონე რექტორს აირჩევს, იმ განსხვავებით, რომ მას ექნება დოქტორის ხარისხი.
რატომ ვერ გათვალა ეს განათლების სამინისტრომ?
- როგორც ვიცით, შემოგდომაზე გეგმავენ კანონის - „უმაღლესი განათლების შესახებ“ თავიდან დაწერას, სრულიად ახალი ფორმულირების შემოტანას და ალბათ, მანამდე სურდათ ისეთი რექტორი ყოფილიყო უნივერსიტეტში, რომელიც შეამზადებდა ამ ცვლილებებსთვის ნიადაგს და ეს კანონები დაჩქარებული წესით განიხილეს კომიტეტში - ამ სიჩქარეში გამორჩათ. ზოგადად, განათლების სამინისტრო საპრეზიდენტო პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებიც კარგად არიან გამაგრებულები უნივერსიტეტში, ხშირად იგებს ტაქტიკურ ბრძოლას.
ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ განათლების სამინისტროში არ არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც წინასწარ გათვლიან მოსალოდნელ შედეგებს?
- კომპეტენტური ადამიანები არიან, მაგრამ ზოგადად, მათი მუშაობით მე, როგორც სტუდენტი, ადამიანი რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია განათლების სისტემაში, რომელსაც ძალიან აწუხებს რა ხდება უნივერსიტეტში, უკმაყოფილო ვარ. ხშირ შემთხვევაში, გაუთვლელ ნაბიჯებს დგამენ და ძალიან ნელა მოქმედებენ. მაგალითად, მე ვარ აქტური მხარდამჭერი დვალის კონცეფციის, ბატონი დვალის კონცეფციის განხორციელებისათვის მე ვერ დავინახე ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც წესით და რიგით, განათლების სამინისტროს უნდა გადაედგა. შესაბამისად, განათლების სამინისტო არის ძალიან პასიური და ძალიან ნელა მუშაობს.
ითქვა, რომ განათლების სამინისტროში არის ჯგუფი, რომელიც მინისტრს შეგნებულად, მიზანმიმართულად აწვდის დამახინჯებულ ინფორმაციას და, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება შეცდომის საფუძველი...
- დიახ, ასეთი დივერსიები რომ ხდება გასაგებია და აბსოლუტურად მოსალოდნელია, რადგან დაბალი რგოლის მოღვაწეები, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე სასკოლო მოღვაწე აქტიურ პირთა უმრავლესობა, სწორედ დაკავშირებულია საპეზიდენტო პარტიასთან და ეს არის ლოგიკური, მაგრამ მინისტრი მაშინ არის კარგი, როდესაც ასეთ საბოტაჟს, ასეთ დაუდევრობას მალე აღმოაჩენს და არასწორი ინფორმაციის ტყვეობაში არ მოექცევა. ბატონი მარგველაშვილი მგონია, რომ ამას ვერ ახერხებს, იგი ხშირად შეჰყავთ შეცდომაში.
ვის შეჰყავს შეცდომაში, რა ჯგუფია ეს, რომელიც ამას აკეთებს?
- განათლების სამინისტრო არის ურთულესი სტრუქტურა, იქ გარკვევა ძნელია. ხშირად ვფიქრობ ამაზე, რომ პრეზიდენტობა შეიძლება უფრო ადვილია, ვიდრე განათლების მინისტრობა დღევანდელ საქართველოში. თუმცა, ცხადია, რომ ძალიან სუსტი განათლების მინისტრია ბატონი მარგველაშვილი, ძალიან სუსტი. პრეზიდენტის თანამდებობას უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება და შეიძლება გაართვას თავი.
რაც შეეხება კითხვას, ვინ არის ეს ხალხი? - მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის მთელი მმართველობითი ელიტა; ჩვენი უნივერსიტეტის მმართველობითი ელიტა; ძალიან ბევრი სკოლის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი საშუალო რგოლის თანამშრომელი განათლების სამინისტროში, რომელიც არ შეუცვლიათ. ისინი თავიანთი ძველი „წესრიგის“ მომხრეები არიან და აგრძლებენ შაშკინისა სხვათა იდეების ერთგულებას, მაგრამ მათ წინააღმდეგ ჯერჯერობით ვერაფერს აწყობს განათლების სისტემა.
პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს უნივერსიტეტში, ვერ უმკლავდება განათლების სამინისტრო? ძალიან აქტიურობს ილიას უნივერსიტეტი...
- ქურდს კუდი ეწვისო, მშვენიერი ანდაზა გვაქვს. ილიას უნივერსიტეტი არის თავიდან ბოლომდე გიგი თევზაძის წესებზე დაფუძნებული. „უმაღლესი განათლების კანონის“ ცვლილება, იწვევს გიგი თევზაძის ამ ავორიტარული სისტემის შეცვლას და ცხადია, მას ეშინია. ცხადია, მას და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს არ სურთ, რომ ძალაუფლება დაკარგონ. შესაბამისად, ისინი თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგებიან ყველა მოსალოდნელ ცვლილებას, იმიტომ, რომ ეს არის მათი საუნივერსიტეტო ყოფნა არყოფნის საკითხი.
გიგი თევზაძე არის ფაქტობრივი ავტორიტარი ილიას ინივერსიტეტში, მის გარეშე სხვა ხმას ვერ იღებს. ახალი კანონი კი იწვევს მისი სისტემის ნგრევას. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი ხდებიან უკიდურესად სუსტი მმართველები და ოქტომბერში განსახორციელები ცვლილების საფუძველზე, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ახლა ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიმღებ გიგი თევზაძეს, ბუნებრივია, ეს არ ესიამოვნება.
მე ყველა კანონს, ყველა უნივერსიტეტში ჩარევასაც კი ვემხრობი მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მე განათლების სამინისტროდან დავინახავ, რომ ეს ჩარევა მათ სურთ დვალის კონცეფციის ძირითადი პრინციპების განსახორციელებლად. მაგრამ, მთელი უბედურება ისაა, რომ მე ვერ ვხედავ განათლების სამინისტროს ამ ჩარევით სურდეს სისტემური ცვლილება. ვხედავ იმას, რომ მათ ეს ჩანაცვლება სურთ იმიტომ, რომ ერთი მმართველი ჩაანაცვლონ მეორე მმართველით და სისტემა დატოვონ იგივე. ეს ბუნებრივია შეშფოთების საფუძველს იძლევა.
ვინ შეიძლება იყოს ის მეორე მართველი?
- ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ განათლების სამინისტროს ტაქტიკური ბრძოლა მოუგო კვიტაშვილმა და მის ირგვლივ შემოკრებილმა ჯგუფმა. 16 აგვისტოს ისინი ჩაატარებენ არჩევნებს, რომელშიც ისევ თავად მისცემენ ხმას. ხელისუფლების ფავორიტი ვინ არის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არსებობს აზრი, რომ აკადემიური საბჭოს წევრები იმდნად უპრინციპო ადამიანები არიან, რომ ქარი საიდანაც დაუბერავს იქით გადაიხრებიან. ვნახოთ, დარჩება აკადემიური საბჭო ძველი ხელისუფლების ერთგული, თუ შეეცდება, რომ უკვე ახალი ხელისუფლების მიმართ გახდეს მონური ფსიქოლოგიით დამოკიდებული.
ვინ არიან აკადემიური საბჭოს წევრები?
- ზურა დავითაშვილი, რომელიც „ნაცინალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრი იყო. მარიკა გერსამია, ფრიდონ თოდუა, 12-დან 10 ადამიანი დაახლოებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მშვენივრად იყვნენ იქ და ირჩევდნენ იმას, ვინც მმართველ ჯგუფს უნდოდა. კვიტაშვილი კი არა, კარტოფილის ტომარა რომ დაგეყენებინათ და ის ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასრგებლო, ისინი ხელების აკანკალების გარეშე მისცემდნენ ხმას.
რექტორის კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ როგორც ფაკულტეტებს, ისე პროფესორთა თუ სტუდენტთა ჯგუფებს. თუ გყავთ თქვენი რჩეული?
- არის ერთი კანდიდატი, რომელსაც არ ვიცი თვითონ სურს თუ არა, მაგრამ მე უდიდესი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპოდენტი, დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი რევაზ გაჩეჩილაძე. უდიდესი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ადამიანს რექტორად, მარტივი მიზეზის გამო, კაცი 1968 წლის შემდეგ კითხულობს ლექციებს, ყოფილა უამრავი სტრუქტურის ხელმძღვანელი და აქვს სამეურნეო საქმიანობის მეჯმენტის გამოცდილებაც და არის მსოფლიო კლასის მეცნიერი.
აკადემიკოსი ლადო პაპავაც საინიციატივო ჯგუფის წარდგენის შემთხვევაში, მზადაა, თსუ-ის რექტორის არჩევნებში კენჭი იყაროს...
- ლადო პაპავას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მგონია, რომ სხვა უკეთესი რექტორი შეიძლება ჰყავდეს უნივერსიტეტს. რაც შეეხება ბატონ რეზოს, ეს არის შიდა აზრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ რომ მოინდომოს და გახდეს კანდიდატი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. ვფიქრობ, უნდა გავესაუბროთ ბატონ რეზოს და თუ მისგან მივიღებთ შესაბამის იმპულს, მზად ვართ საინიციატივო ჯგუფი შევქმნათ. ის მოახერხებს, რომ გარდამავალი სერიოზული სიტუაცია შექმნას უნივერსიტეტში.
თუ გაქვთ ინფორმაცია რექტორის თანამდებობაზე ვის ლობირებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო?
- ძალიან შემაშფოთებელ ინფორმაციას ვიგებ, რომ ვიღაცეები გეგმავენ კანდიდატურად დააყენონ ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის, სრული პროფესორის, მარიკა გერსამიას კანდიდატურა, რომელიც ვფიქრობ, რომ იქნება თედო ღლონტის, ან მალაქია ტოროშელიძის მსგავსი რექტორი, ბოლშევიკური ფსიქოლოგიის მქონე.