„ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატს აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს, თუმცა, ივნისის ბოლოს პრაიმერი ჩატარდება. პრაიმერში მონაწილე კანდიდატთა ვინაობა ამ დრომდე არ კონკრეტდება, თუმცა, For.ge-ს ინფორმაციით, ექსსპიკერი დავით ბაქრაძე პრაიმერშიც მიიღებს მონაწილეობას და უმცირესობა არჩევანს სწორედ მასზე გააკეთებს.
როგორც For.ge-ს კულუარულ საუბარში უმცირესობის რიგებში განუცხადეს, საპრეზიდენტო კანდიდატებად - გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე განიხილებოდა, მაგრამ ლიდერთა უმეტესობა მხარდაჭერას პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უცხადებს. თავად დავით ბაქრაძე რას ფიქრობს საპრეზიდენტო კანდიდატობაზე, მასთან ამის გარკვევას for.ge შეეცადა.
ბატონო დავით, პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში, პოლიტიკიდან წასვლას აპირებთ, თუმცა, უმცირესობის რიგებში საპრეზიდენტო კანდიდატად მოგიაზრებენ. შეთავაზებას თანხმდებით?
- ამ ეტაპზე, პოლიტიკიდან ნამდვილად არ მივდივარ. საბოლოო ჯამში, როდესმე პოლიტიკურ რიგებს დავტოვებ. რაც შეეხება ჩემს საპრეზიდენტო კანდიდატობას, გიდასტურებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაიმერს გამართავს. ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო, სერიოზული მსჯელობა გვქონდა ჩაგვეტარებინა თუ არა პრაიმერი, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ, პრაიმერი ჩავატაროთ და საზოგადოებას დავანახოთ, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, პარტია გახსნილია. პრამიერის ჩატარება სიგნალია იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ძალაა. გვსურს, რომ ჩვენი კანდიდატი შერჩეული იყოს არა რომელიმე პირის მიერ, არამედ დელეგატებისა და იმ მოქალაქეთა მიერ, რომელთაც პრაიმერში მონაწილების სურვილი გაუჩნდებათ. იქნება საჯარო დებატები და პროცესი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია იქნება. კანდიდატის არჩევა კი, ყველაზე დემოკრატიული გზით მოხდება.
პრაიმერი სტარტს როდის აიღებს?
- პრამიერის მომზადებას დრო სჭირდება და უახლოეს მომავალში, პრამიერის დაწყების თარიღს გამოვაცხადებთ. სავარაუდოდ, ეს ივნისის ბილო იქნება. ეს პროცესი კი, ერთი თვე გაგრძელდება.
პრაიმერში თქვენს გარდა, ვინ მიიღებს მონაწილეობას?
- კანდიდატებს ვერ დაგისახელებთ, თუმცა, ჩემს თავთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ვთვლი, რომ ჩემი ადგილი პარლამენტშია -საპარლამენტო უმცირესობის ლიდერად, მაგრამ ის პასუხიმგებლობა მესმის, რაც პარტიის წინაშე მაქვს. ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემს თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ მივიღებ და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდება ცნობილი, ისევე როგორც პრაიმერის შედეგი.
NDI-ს კვლევების მიხედვით, თქვენი პიროვნული რეიტინგი 48 პროცენტია. ამასთან, საზოგადოება თქვენს მიმართ ყველაზე ნაკლებ გაღიზიანებას გამოხატავს, განსხვავებით სხვა ნაციონალებისგან. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მმართველი ძალის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, თქვენს შანსებს როგორ აფასებთ?
- ჯერ უნდა გაირკვას ვიქნები თუ არა პრაიმერის კანდიდატი, შემდეგ პრაიმერი უნდა ჩატარდეს და ვინც იქნება გამარჯვებული, მომავალ არჩევნებში მის შანსებს სწორედ ამის შემდეგ შეგიფასებთ.