უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევა თუ განათლების ხარისხის გაზრდა

უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევა თუ განათლების ხარისხის გაზრდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს. სტუდენტების განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღება დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ხდება.

„ეს პირდაპირი ჩარევაა უნივერსიტეტის ავტონომიაში. სწორედ ამის გამო გამოვედით აქციაზე და ვაპროტესტებთ ხელისუფლების მხრიდან ამის მცდელობას“, - აცხადებენ სტუდენტები.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა და, რომელსაც პარლამენტი იხილავს. კანონპროექტის მიხედვით, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს“.

ამ ცვლიბებებს ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მიიჩნევენ, რომ ამ ნორმების ამოქმედების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა არსებითად შეიზღუდება. მმართველი გუნდის არგუმენტი კი არის ის, რომ თუკი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ თანამდებობებზე მხოლოდ აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანები დაინიშნებიან, ამით მხოლოდ განათლების ხარისხი ამაღლდება და ეს არანაირად არ იქნება უნივერსიტეტების ავტონომიურობაში ჩარევა. ამასთანავე, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში იყო მინიმალური და, რომ აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსები დარღვევებით, მიკერძოებულად იმართებოდა, რასაც სტუდენტებისთვის საზიანო შედეგი მოჰქონდა - აკადემიურ თანამდებობებს არაკვალიფიციური კადრები იკავებდნენ.

ამ თემაზე ისაუბრა განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმაც გადაცემა „მთავარ კითხვაში“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საერთოდ არ ესმით, რა არის უნივერსიტეტის ავტონომია.

„ეს არის ხალხი, რომლებმაც ლექტორები გამოკეტეს ოთახში, წყალი გადაუკეტეს, სანკვანძთან მისვლა აუკრძალეს და ასე ატარებდნენ რეფორმებს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ხარისხის ამაღლებაზე უმაღლეს განათლებაში. წარმოგიდგენიათ ხარისხის ამაღლება ხარისხის კონტროლის გარეშე? ანუ, ჩვენ უნდა ავამაღლოთ სწავლების ხარისხი და ამავე დროს, ხარისხის მქონე კადრები აღარ შევუშვათ უნივერსიტეტში. უნდა ვთქვათ, რომ იყოს ისევ ისე, როგორც იყო აქამდე, ანუ როგორც ნიშნავდნენ დეკანებს? - შეიკრიბებოდა კომისია, ერთი მეგობარი, ერთი ბანკის მენეჯერი, ერთი მძღოლი - დასხდებოდნენ და აირჩევდნენ პროფესორს. შესაბამისი იყო განათლების ხარისხიც“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ასევე წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში უმაღლესი სასწავლებლების მონოპოლიზაციაზე და მათი გარკვეული ნაწილის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებაზე საუბრობენ. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დედას, გიული ალასაიას მინიმალურ ფასად მიჰყიდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობები, მათ შორის - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი, ბათუმში საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა და 1 ჰექტარი მიწა. ეს ქონება მილიონ ლარად იყო შეფასებული, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 2011 წელს გამოაქვეყნა.

„2011 წლის 5 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5-ში (საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა) მდებარე 1556 კვ.მ ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას” სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და 12 თვეში დაამთავროს სკოლის მშენებლობა.

ჩვენ ხელთ არსებული მასალების საფუძველზე, ირკვევა, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 150-დან 60-მდე, ასევე შემცირდა დასასაქმებელ მოქალაქეთა რიცხვი 95-დან 30-მდე. გარდა ამისა, სიმბოლურ ფასად გადაეცათ საჯარო რეესტრის სარგებლობაში რიცხული ყოფილი ინვენტარი. (ოდენობა: 278 ერთეული, ღირებულება: 27 672 ლარი)“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

ამ თემას არაერთი საგაზეთი სტატია თუ სიუჟეტი მიეძღვნა. სტუდია GNS-ის მიერ 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის დედას არაერთი სასწავლო დაწესებულება აქვს გადაცემული სიმბოლურ ფასად. მათ შორის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, რომელიც ახლა „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრებაა. გიული ალასანია კი ამ უმაღლესი საწავლებლის ერთ-ერთი მეწილეა.

 GNS-ის ჟურნალისტური გამოძიებიდანვე ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის განკარგულებით „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ (რომლის პრორექტორიც გიული ალასანიაა) კახეთის გზატკეცილზე, ყოფილი „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 101 222 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ თანხად - ერთ ლარად გადაეცა. ამ ჩამონათვალში კიდევ რამდენიმე სასწავლო დაწესებულების შენობაა, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონს შეადგენს.

პოლიტიკური ექსპერტი, მარინა მუსხელიშვილი აცხადებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც რექტორებად წინა ხელისუფლების პირობებში დაინიშნენ და ვინაიდან სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ, ცდილობენ განათლების სფეროში გასატარებელ რეფორმებს შეეწინააღმდეგონ. მუსხელიშვილი უნამუსოს უწოდებს ამ ადამიანების ქცევას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია შეიზღუდება.

„პირიქით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც აკონტროლებდნენ უნივერსიტეტებს, ზღუდავდნენ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას და საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ დღეს უნივერსიტეტებში ნორმალური, თავისუფალი აკადემიური სივრცე აღარ არსებობს“, - აცხადებს მარინა მუსხელიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ არა მხოლოდ უმცირესობა, არამედ უმრავლესობის დაახლოებით 15 დეპუტატიც ამ საკანონმდებლო ცვლილებების გატარების წინააღმდეგია. დეპუტატის თქმით, ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა არის ის, რომ პრემიერმა პრეზიდენტს მოსთხოვა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თავად დანიშნოს. რატიანი ამას უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევად და კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნებად მიიჩნევს, ვინაიდან უკვე რამდენიმე წელია საქართველოში რექტორებს თავად უნივერსიტეტები ირჩევენ.

„რაც შეეხება ჩვენს მიმართ ბრალდებას, რომ დეკანების არჩევის დროს იყო გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ეს პრობლემები მართლაც იყო, ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ იმ ფორმლური კანონის მორღვევა (რომელიც აქამდე არსებობდა) არის უკან გადადგმული ნაბიჯი. მიდგომა ასეთია - რადგან ვიღაც არჩვევდა კანონს, მოდით ეს კანონი საერთოდ მოვხსნათ და ცუდი კანონით ვიმოქმედოთ“, - ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, ამ კანონს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება, არამედ მის მიმართ საკუთარი კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა გია დვალმა, რომელიც ახალი ხელისუფლების მეცნიერული სტრატეგიის შემმუშავებელი იყო, ასევე უარყოფითად აფასებს ამ ცვლილებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც. ამიტომ სერგო რატიანი ამბობს, რომ ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოჭრილი პრობლემა არ არის.

დეპუტატი კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის დედისთვის სასწავლო დაწესებულებების სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებითაც. იგი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში უმაღლესი განათლების სფეროში ჩარევა არ ხდებოდა, ერთადერთი, რასაც ხელისუფლება აკეთებდა იყო მცდელობა, რომ განათლების სფეროში კერძო სექტორიდან ყოფილიყო თანხები მოზიდული. რატიანის თქმით, მათი მმართველობის დროს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, რომლებიც 2003 წლამდე კონკურენციას ვერ უწევდნენ კერძო უნივერსიტეტებს, ახალი პრესტიჟი შეიძინეს და კონკურენტუნარიანები გახდნენ. გიული ალასანიასთან დაკავშირებით კი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მითებია, რომლებითაც დღევანდელი ხელისუფლება ფონს ვერ გავა.

„ოპოზიციაში ყოფნა ხანდახან გარკვეულ კომფორტთან არის ხოლმე დაკავშირებული, რადგან ფაქტების გადამოწმება არ გჭირდება, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნა სულ სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასეთი მითების შეთხზვით კი ეს ხელისუფლება ფონს ვერ გავა“, - აღნიშნავს სერგო რატიანი.