- ამ კეთილ, მარადსასურველ დღეს ბევრი კეთილი და უნიჭიერესი სიტყვის თქმა შეიძლება, - განაგრძო მეკვლემ, - და ვილაპარაკოთ კარგად, კეთილად, რადგან სიბოროტე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ახლა, როდესაც კარგი მეკვლეები ცხოვრების შუაგულში ტრიალებენ, ზოგიერთ უარყოფით ადამიანს არც კი სიამოვნებს ეს, ხოლო ეს - ეს ხომ მისი მხრიდან მორალური ძარცვა-გლეჯის ასპარეზია, დაე, ახალ, მომავალ ნათელ წელს კი მოსახდენ დიდმნიშვნელოვან სასიკეთო ძვრებს გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს, - შესძახა მამიდა არიადნამ და სხვებიც აყვნენ.
- მაგრამ როგორ დავიცვათ ეს გზები, ეს უფაქიზესი ბილიკები, როგორ მივანიჭოთ მას შეუქცევადი, მტკიცე ხასიათი - როგორ?.. როგორ და, ადამიანის შინაგანი ვითარების გაჯანსაღების გზაზე თანმიმდევრული წინსვლა უნდა აღვჭურვოთ მთავარი ყურადღებით, რაც ხანდახან არ ხორციელდებოდა გასული წლის განსაკუთრებით მეორე ნახევარში...
(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)
1 იანვარი ერთი, ჩვეულებრივი, კალენდარული დღეა და მეტი არაფერი. უბრალოდ, საჭმელებია ბევრი - დეკემბრის განმავლობაში ადამიანები ფულს აგროვებენ, რათა მთელი წლის განმავლობაში სიმაძღრე დაებედოთ, იანვრის განმავლობაში ნარჩენებს მიირთმევენ, ხოლო თებერვალში, როცა წმინდა სარქისის ეტლი ძვლებში იწყებს გავლა-გამოვლას, ადამიანები ხვდებიან, რომ კიდევ ერთხელ გაბითურდნენ. მერე ახსენდებათ, რომ მოახლოებული გაზაფხული ბუნების ზეიმი კი არ არის, არამედ - მუცლის გვრემა, ავიტამინოზი და აქედან გამომდინარე წნევების ცვალებადობით და მყარად ცვალებადი გუნება-განწყობით.
ჰა, კარგი იყო საცივი? აბა ახლა ღვიძლს შეეკითხე!
ჰა, კარგი იყო სანდრო ბოჩელი? აბა ახლა ვეტერანს ჰკითხე, ჯიგარს...
...და როცა მუცელზე გასიებულმა პრეზიდენტმა გულზე გასიებულ მოშიმშილეებს ჩაუარა, მათი დარბევა ბრძანა.
იყო, და ჯერ კიდევ არის ერთი თემქელი შნირი ბიჭი ოთარა გვენეტაძე; იყვნენ და ჯერ კიდევ არიან წაკუზული ტელევიზიების წაკუზული ჟურნალისტები, დღედაღამ რომ გაიძახიან - ”წავკუზავ დედას, წავკუზავ მამას, თუ პრეზიდენტი მიბრძანებს ამას”.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ როდესაც სააკაშვილმა ვეტერანების დარბევა ბრძანა, გულში გავიფიქრე: ”ეს საწყალი კურდღელი, ძლიერ ავად გაგვიხდა”. თან, ეს წელი კურდღლის ყოფილა - საკუთარ თავზე ავადმყოფურად შეყვარებული კურდღლის წელი. აქედან გამომდინარე, 2011 წელს იმედიანად შეჰყურებენ მისი თათზე მოსამსახურე გოგოები და ბიჭები - დავით ბაქრაძე, ხათუნა ოჩიაური, ნუგზარ წიკლაური, გია ბარამია... მათ კარგად დაიბედეს - ზღვაზე, მთაში ბარში და ვაკეში. სამწუხაროა, რომ გოიმები არიან. რას ნიშნავს გოიმი? გოიმი ნიშნავს გაუგებარ კაცს. ჰოდა, თავად განსაჯეთ, არიან თუ არა ისინი გოიმები:
”საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური ომის ვეტერანთა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შესახებ საქმის კურსში არ არის. როგორც ოჩიაურმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მომხდარის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან ამ დროს თბილისში არ იმყოფებოდა”.
”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, გია ბარამიამ ვეტერანთა შიმშილობის აქციის დარბევის ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა”.
”როგორც უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვეტერანებს ნამდვილად აქვთ პროტესტის გამოხატვის და სოციალური მოთხოვნების დაყენების უფლება, თუმცა დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალთან ლეიბები და ”ლეჟანკები” არ უნდა დაყარონ”.
ნუგზარ წიკლაურს შეეძლო ეთქვა, რომ ვეტერანებს აქვთ შიმშილით სიკვდილის უფლება და ამ უფლებას არც მათ და არც მათ შვილებს არავინ ართმევს.
უფლება ერთია, მოვალეობა - მეორე. გასულ კვირაში დავით ბაქრაძე მოვალე იყო ეთქვა ის, რაც თქვა - ”მიხეილ სააკაშვილის შვიდწლიანი პრეზიდენტობის უმთავრესი შედეგი არის ის, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა და ვითარდება”.
შემდგარ სახელმწიფოში დაუშვებელია უკმაყოფილების გამოხატვა. შემდგარ სახელმწიფოში ბავშვებს უყვართ პოლიციელები, ეზიზღებათ ომის ვეტერანები და აღმერთებენ პრეზიდენტს. შემდგარ სახელმწიფოში წაგებული ომის თავდაცვის მინისტრს ლატარიის კომპანია აქვს, ხოლო ლატარიის კომპანიას აქვს დევიზი ”შეეჩვიე მოგებას”.
გასულ კვირაში, სამეგრელოში, ჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო. ხბოს აქვს ორი თავი, სამი ყური, ოთხი თვალი და კურდღლის ტუჩი. ამ დროს კი ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ზის და სპილოს ეროგენული ზონების შესახებ აგროვებს ინფორმაციას, რადგან ტაილანდში სპილოს ტაილანდური მასაჟის გაკეთება ასწავლეს.
ეკა ტყეშლაშვილმა, შეისწავლა რა არსებული ვითარება, დაასკვნა, რომ უსაფრთხოების კუთხით ამ ეტაპზე საქართველოს წინაშე რაიმე კონკრეტული პრობლემა არ დგას. ”ეს იყო უშიშროების საბჭოს წლის პირველი სხდომა, რომელზეც გასული წელი შევაჯამეთ და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ვიმსჯელეთ. ამჟამად ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით რაიმე ისეთი საკითხი არ დგას, რომ მასთან დაკავშირებით შევკრებილიყავით. ამის შემდეგ კი უშიშროების საბჭოს სხდომები უკვე კონკრეტულ საკითხებს შეეხება”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ისე შეკრებილან, ერთმანეთი მონატრებიათ, მიშას - გიგა, გიგას - ვანო, ვანოს - ეკა, ეკას - თხა, თხამ ვენახი შეჭამა. თხამ რომ ვენახი შეჭამა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჰოდა, დასვენების, კუნთების მოდუნების დროა. ისევ გამახსენდა ტაილანდელი სპილო...
”რელაქსაციისთვის საჭირო ილეთები ტაილანდელებმა გიგანტურ ცხოველს შეასწავლეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ და როგორ ასწავლა სპილოს სასიამოვნო და გამაჯანსაღებელი პროცედურები, თუმცა იმ ტურისტებმა, რომლებმაც შიში დაძლიეს, აღიარეს, რომ სპილოს მიერ გაკეთებული ტაილანდური მასაჟები მართლაც სასიამოვნო იყო”.
დავით ბაქრაძე ტაილანდის პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყოს, რა თქმა უნდა, იტყოდა, ტაილანდი, როგორც სახელმწიფო, შედგაო.
მომავალი კვირიდან შემდგარი სახელმწიფოს პრეზიდენტის მეხოტბეთა რიგები მწერალთ კავშირის რამდენიმე ათეული ათასი წევრით შეივსება, რადგან გასულ კვირაში... ”მწერალთა კავშირი ძველ შენობაში, რომლიც მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობს, იანვრის ბოლოსთვის დაბრუნდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მწერალთა კავშირის ხელმძღვანელმა, მაყვალა გონაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ძველი შენობა მწერალთა კავშირს ”სახელმწიფოს კეთილი ნების და გადაწყვეტილების საფუძველზე უბრუნდება”.
თუ ოდესმე კროსვორდის შესავსებად მოიცლით და შეგხვდებათ ასეთი კითხვა - ”ქართველი პოეტი ქალი” - და გეცოდინებათ, რომ გვარი იწყება ”გონ”-ზე და მთავრდება ”შვილ”-ზე, მერწმუნეთ, ეს კითხვა მაინც პასუხგაუცემელი დაგრჩებათ. არადა, პასუხში ”გონ”-სა და ”შვილ”-ს შორის ერთი ასოა და, საერთოდ, ასეთ გონსა და ასეთ შვილს შორის მხოლოდ ერთი ასო შეიძლება რომ იყოს.
იმ ნიუსს ასეთი სათაური ჰქონდა - ”მწერალთა კავშირი ძველ შენობაში ბრუნდება”. მინდა გითხრათ, რომ რევოლუციის ”კეთილი ნებით”, მწერალთა კავშირი არა თუ ძველ შენობაში, 30-იან წლებშიც კი უყოყმანოდ დაბრუნდება. ცხონებული თენგიზ ჩანტლაძ ამბობდა: ”ჰმ... ჟურნალი ”საქართველოს ბუნება”... რად უნდა ბუნებას ჟურნალი?! ბუნებას უნდა მგელი და ხვლიკი”.
”ის შენობა, სადაც ახლა ჩვენ ვართ განთავსებული, მწერალთა კავშირის მფლობელობაში დარჩება და ძველ შენობაში დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა მწერლებს დაეთმობათ. მასში სხვადასხვა სახის გამოფენები მოეწყობა”, - აღნიშნა გონაშვილმა და სულ არ აღნიშნა, რომ იმ დროს როდესაც წერა-კითხვის უცოდინარ მწერლებს ორი შენობა დაუკანონეს, ომის ვეტერანებს კარვის გაშლის უფლებაც კი არ აქვთ.
დარწმუნებული ვარ, მაყვალა გონაშვილს და მწერალთ კავშირის სხვა მაღალჩინოსნებს უკვე მზად ექნებათ ვეტერანთა დარბევისადმი მიძღვნილი ლექსები და პოემები, ნარკვევები, ჩანახატები - ”თვალი მევსება ცრემლით, გული მევსება სისხლით/ქართველი გმირის ცრემლით, ქართველი გმირის სისხლით”... რაღაც ამდაგვარი. ამ სტრიქონებს ისინი მხოლოდ 2013 წელს გამოაჩენენ და იქვე მოითხოვენ მესამე შენობასაც, რომელშიც ჩვილი პოეტების შემოქმედებითი საღამოები მოეწყობა.
და, კიდევ ერთიც. ”შენობა მწერალთა კავშირს უზურფრუქტის წესით უბრუნდება”, - უთქვამს მაყვალას. უზურფრუქტი, ზედნადები, ინკასო, დღგ... - ჩემი აზრით, ხელოვანმა ადამიანმა ამ სიტყვების მნიშვნელობა არ უნდა იცოდეს. გურამ დოჩნაშვილმა არ იცის, აკა მორჩილაძემ არ იცის, გალაკტიონმა არ იცოდა... მაყვალამ იცის და ალბათ უკვე იცის ლეიბორისტული პარტიის სასიქადულო შვილმა, ნუგზარ ერგემლიძემ.
თავიდან რომ გადაიღონ ”ქეთო და კოტე”, თავადი ლევანი ალბათ შეწუხებული იტყვის: ”იყიდე, გაყიდე... რა, მწერალთა კავშირია?!”
რაც შეეხება ლეიბორისტებს. გასულ კვირაში შალვა ნათელაშვილმა რუსეთის დუმას ”თელასზე” ზეწოლისკენ მოუწოდა. რუსეთის დუმას, რა თქმა უნდა, მაგრად კიდია შალვას მოწოდებები, მაგრამ მოწოდებაში მთავარია თავად მოწოდება, ანუ - შთბეჭდილების მოხდენა ელექტორატზე. საფიქრებელია, რომ ნათელაშვილს მრავლად გამოუჩნდებიან მიმბაძველები. მაგალითად ჯონდი ბაღათურია ამერიკის სენატს ”მაკდონალდსზე” ზეწოლას მოთხოვს. ტაილანდელი მასაჟისტი სპილოს ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე. ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
”ნათელაშვილი რუსეთის დუმას მოუწოდებს, რომ მიიღოს ყველა დასაშვები ზომა და აღკვეთოს რუსული კომპანიის ქმედებები, რომლებიც ერთის მხრივ აზიანებს ქართველ ხალხს და მეორეს მხრივ, ანტირუსული ისტერიის გაღვივების საბაბი ხდება” - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო. მერე, შალვას გაუკვირდება, რატომ ვერ მიტანენ ზოგ-ზოგიერთებიო! შალვა, შე კაი კაცო (პირი ქვისკენ მიქნია), ”თელასის” გარდა რუსეთთან სხვა პრობლემა არ გვაქვს? ანტირუსული ისტერიის სხვა მიზეზი არ გაგვაჩნია?
გასულ კვირაში ჩტარდა კვლევა და გაირკვა, რომ საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში - „Paying Taxes 2011”, გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, გასული წელთან შედარებით მდგომარეობა 3 პოზიციით გაიუმჯობესა და 183 ქვეყანას შორის 61-ე ადგილი დაიკავა. ეს, რა თქმა უნდა, ძლიერ გაახარებს მაყვალა გონაშვილს.
ლადო ვარძელაშვილმა 700-მდე ბავშვი (სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების მცირეწლოვანი წევრები; თბილისის მზრუნველობამოკლებულ სახლთა აღსაზრდელები) გაახარა - რუსთაველის თეატრში ”სალამურაზე” დაპატიჟა. სპექტაკლს მინისტრმაც უცქირა და ყველაზე მეტად ის ადგილი მოეწონა, სადაც სახურავის ბინადარი კარლსონი კარდინალის გვარდიელებს უთანასწორო ბრძოლაში ამარცხებს.
ლადო ვარძლაშვილზე ყოველთვის ჰეკლბერი ფინი და მისი უკვდავი სიტყვები მახსენდება - ”გამრავლების ტაბულა ზეპირად ვიცოდი იმ ადგილამდე, სადაც ექვსჯერ შვიდი ოცდათხუთმეტია”.
ვარძელაშვილს შეეძლო თეატრში 7 დღის განმავლობაში ეტარებინა 700-700 ბავშვი, მაგრამ მერე ვეღარ ჩაასწრებდა ბათუმში - ბოჩელის კონცერტზე, მესტიაში - ქალის ხორცისა და ღორის ქონის ფესტივალზე და ა.შ.
გასულ კვირაში ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის სანაპიროებს თეთრი ზვიგენები შეესივნენ, ხოლო სამხრეთაფრიკული პრესის ცნობით მესტიას შეესივნენ ქართველი მინისტრები (ცოლებითურთ) და პარლამენტარები (მდივნებითურთ). ორი თუ სამი რაიონის გამგებელმა მესტიაში ჩასვლა ვერ მოახერხა და სწორედ მათზე დაზოგილი თანხით იყო ვარძელაშვილმა 700 ბავშვს თეატრში რომ უმასპინძლა.
გასულ კვირაში ეკონომიკის სამინისტროში მასპინძლის როლში მოგვევლინა მე-12 კლასელი გიორგი ქიტიაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტ ”მინისტრი ერთი დღით”, გამარჯვებული. ”ქიტიაშვილი მინისტრის როლში ყოფნისას ტელეფონით ესაუბრა სოფლის მეურნების მინისტრს და მასთან ერთად განიხილა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები” - ეს ინფორმაცია კი აღნიშნული სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა. იმ დღიდან მოყოლებული, ბაკურ კვეზერელმა უკვე იცის, რომ საქართველოში დედალ-მამალი ძროხების შემოყვანა არარენტაბელურია და რომ გაცილებით მომგებიანი იქნებოდა თუ კვერცხებს ის წიწილები დადებდნენ, რომლებსაც მამლები გამოჩეკავდნენ.
იდეამ ”მინისტრი ერთი დღით” გაამართლა, განსხვავებით იდეისგან ”სააკაშვილი - პრეზიდენტი და მთავარსარდალი 8 წლით”.
”ჩვენ გვინდა შევხვდეთ პრეზიდენტს და პირადად მოვუყვეთ იმ ქართველ მეზღვაურთა გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ახლა სომალელთა ტყვეობაში იმყოფებიან; ასევე ვთხოვთ პატრიარქს და საგარეო უწყებას, შეძლებისდაგავარად დაგვეხმარონ მათ გათავისუფლებაში” - თქვეს ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახების წევრებმა, მაგრამ არც ამ იდეამ გაამართლა.
”არ მაინტერესებს” - თქვა პრეზიდენტმა და ქონიანი ტუჩები სახელოთი მოიწმინდა. ”ქართული სახელმწიფო შედგა - გაიფიქრა პარლამენტის თავმჯდომარემ და ჯიბეში კოვზი მოსინჯა - მტერი ვერაფერს დაგვაკლებს”.
”ხბოს სამი ყური და ოთხი თვალი აქვს. ის ორივე პირს ამოძრავებს და ოთხივე თვალით იყურება. ხბოს ”ოთხთვალა სამყურაშვილი” შეარქვეს. ”პირველად გვეგონა, რომ ტყუპები დაიბადა. ასეთი რამ ჩვენს სოფელში და რაიონში ჯერ არ მომხდარა. ვეცდებით, ხბო ზრდასრულობამდე გავზარდოთ. მთელი ცხოვრება ფერმაში ვმუშაობდი, მაგრამ მსგავსი არაფერი გამიგონია”, - განაცხადა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ოჯახის უფროსმა ვასილ ჯღარკავამ.
ერთი ხბო ვიცი... სამი ყური აქვს, ორი თავისი, ერთი - ვანოსი; ოთხი თვალი აქვს, ორი თავისი, ერთი - ვანოსი; ორივე პირს ამოძრავებს და ორივე თავისია. ორი თავი აქვს, მაგრამ უთაურია.
ქართველმა ხალხმა მას ”საქართველოს პრეზიდენტი” შეარქვა...
ს.ი.დ.გ. (სმენა იყოს და გაგონება) ხოლო რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ადამიანთა გულებში ჯანსაღი ატმოსფეროს მყარად დასადგურება, ჩვენ ამთავითვე უნდა დავსვათ საკითხი, რას უნდა მიექცეს მთავარი ყურადღება. მაღალმნიშვნელოვანი საქმე ისე უნდა წარვმართოთ, რომ განვიცადოთ ბედნიერებისგან გამომავალი არსებით ცვლილებები.
(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)