"ტენდერში ის გაიმარჯვებს, ვინც დააკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს"
"4 დღეში უნდა დაშლილიყო ეს ბაზა და სხვაგან გადასულიყო, მაგრამ..."
"ბრიტანელები, ამერიკელები და ქართველები არიან ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ ზონაში"
"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და თუკი დამნაშავეები გამოიკვეთებიან, უმკაცრეს ზომებს მივიღებ და ყველას თავები დაგორდება, ვისაც ვერ გაუაზრებია, რამხელა პასუხისმგებლობაა ჯარის კვება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც 11 ჯარისკაცი საკვებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში მოხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან საუბარი ავღანეთში მომხდარი ტერორისტული აქტით დავიწყეთ:
- უკვე 29 ქართველი სამხედროა დაღუპული სამშვიდობო ოპერაციების შესრულებისას. რამდენად კარგად არიან აღჭურვილი უსაფრთხოების საშუალებებით ჩვენი სამხედროები? დაისვა კითხვები - ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოების დაცვის საშუალებები ხომ არ ჩამოუვარდება IშAF-ის მისიაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლების აღჭურვილობას და წვრთნიან თუ არა ჩვენს ჯარისკაცებს იმ ამოცანების შესაბამისად, რისი შესრულებაც ავღანეთში უწევთ?
- სწორად მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ეს შეკითხვები ჩნდება. ჯარი საერთო ოჯახივით არის, საზოგადოებას უყვარს ჯარი და ზრუნავს მასზე. პირობები, რაც ჩვენს ჯარს აქვს წვრთნისთვის (მოსამზადებელ ეტაპზე) და მერე ადგილზე აღჭურვილობისა და თავდაცვის საშუალებების მხრივ, ზუსტად ისეთივეა, როგორიც აქვთ ნატოს კოალიციურ ჯარებს. ამ მხრივA არანაირი დისკრიმინაცია არ არსებობს. პირიქით, ჩვენი სამხედროები იმდენად გმირულად იქცევიან, რომ მათზე უფრო მეტი ზრუნვა უნდათ კოალიციის ჯარებს, ამერიკელებს. ეჭვიც არ უნდა გაგვიჩნდეს, რომ ამერიკელები და ნატოელები ჩვენებს ისე არ ექცევიან, როგორც საკუთარ ჯარისკაცებს. გერმანიაში ჩვენს დაჭრილ ჯარისკაცებს ამერიკელები ისე უვლიან, როგორც საკუთარს.
ავღანეთში გასაგზავნად ჩვენი სამხედროები რამდენიმე თვე ემზადებიან. შემდეგ ამერიკელების სულ სხვა ჯგუფი გერმანიაში ჩადის და აფასებს, მზად არიან თუ არა ყველა ამოცანის შესასრულებლად... ჩვენმა ჯარისკაცებმა მაღალი შეფასება მიიღეს და ამიტომ გაგზავნეს ავღანეთში.
პატივი უნდა ვცეთ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს. სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისადმი. ამიტომაც მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა სამშობლოსთვის დაღუპული გმირის ოჯახს, განურჩევლად იმისა, რომელ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, დაენიშნება პენსია 1.000 ლარის ოდენობით. Eეს ორ ეტაპად განხორციელდება. 2014 წლიდან დაენიშნებათ 500-ლარიანი პენსია, ხოლო 2015 წლიდან კიდევ 500 ლარი დაემატებათ. საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევათ 100.000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. ეს გავრცელდება საერთაშორისო ოპერაციებში აქამდე დაღუპულ გმირებზეც.
- აფხაზეთის ომში ყველა საბრძოლო დანაყოფი არ ექვემდებარებოდა თავდაცვის უწყებას. იქ იბრძოდნენ ფორმალური თუ არაფორმალური სამხედრო შენაერთები და მოხალისეები. 1 000-ლარიან პენსიას ყველა ფორმირების დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი მიიღებს?
- ეს სცდება თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობას. აფხაზეთში იბრძოდნენ შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, პოლიციელები, სასაზღვრო ძალები, მოხალისეები, გვარდია, "მხედრიონი". პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვეტერანთა დეპარტამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაადგინოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ყველა მებრძოლის ვინაობა და მათი სამართალმემკვიდრეები, რომელთაც ეკუთვნით პენსია.
რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიკრა ერთ მუშტად ჩვენი ორი ბატალიონი, რომელიც ავღანეთში მსახურობს. ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, სიამაყით ავივსე, როდესაც ჩავედი და ვნახე, როგორ ეპყრობოდნენ ჩვენს ჯარისკაცებს და როგორი პატივით გამოაცილეს გარდაცვლილები ამერიკელებმა, ავღანელებმა და კოალიციის ჯარებმა.
- ამ ტრაგედიის მიზეზი ჩვენი სამხედროების რაიმე გადაცდომა ხომ არ იყო?
- ჩვენი ორივე ბატალიონის ხელმძღვანელი და განსაკუთრებით 42-ე ბატალიონის მეთაური მაიორი კალანდაძე, ზედმიწევნით პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა სტანდარტულ ოპერატიულ პროცედურას. ბაზაზე პირველი თავდასხმის შემდეგ გაანალიზდა თავდასხმის სპეციფიკა, ტაქტიკა და 42-ე ბატალიონის ხელმძღვანელმა მისცა რეკომენდაცია სარდლობას (ჩვენ მეოთხე დონის დაქვემდებარებაში ვართ, ჩვენს ბატალიონს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება), რა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. ეს გაიზიარა ნატოს სარდლობამ და დაიწყო მოქმედება.
4 დღეში უნდა დაშლილიყო ეს ბაზა და სხვაგან გადასულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო მისი დახურვა.
მე შევხვდი გაერთიანებული შტაბის დელეგაციას. მომახსენეს, რომ ზომების 80% უკვე მიღებულია და ჩვენი შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება იმ საფრთხის ადეკვატურია, რომელიც დღეს გაჩნდა. ეს არ არის კონკრეტულად ქართველების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე. ჩვენ ორჯერ დაგვესხნენ თავს, იმ პერიოდში კი 10 თავდასხმა მოხდა მარტო ჰილმენდის რაიონში.
როდესაც საქართველოში უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ მარგინალური ძალები (რომ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ყოფნით საქართველოს არ ემსახურებიან), ჩვენი ჯარისკაცები ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიან. Mმინდა ჩვენი საზოგადოებაც ისევე ერთ მუშტად შეიკრას, როგორც ჩვენი ჯარი. პოლიტიკური კითხვა და შეფასება შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ვინც კითხვებს სვამს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, - სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილება სამხედროებს არ მიუღიათ. სამხედროები პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას ასრულებენ. ჩვენს სამხედროებს უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ ავღანეთის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაში. ჩვენ გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი და ამიტომ მის უსაფრთხოებაშიც უნდა შევიტანოთ წვლილი. ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება და თავმოყვარე სახელმწიფო ამას არ უარყოფს. 2014 წლის ბოლომდე კონტინგენტი ეტაპობრივად შემცირდება, მომავალი წლიდან ნელ-ნელა შეიცვლება ქართული ჯარის დისლოკაციის ადგილიც.
- თავიდანვე შეცდომა ხომ არ იყო ამხელა კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთში?
- ჩვენ გადაწყვეტილებების რევიზიას არ ვაკეთებთ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი იყო. მე და მთელი ჯარი ვამაყობთ, რომ საქართველოს ასე ღირსეულად შეუძლია ამ ტვირთის ტარება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არაჩვეულებრივი სამხედრო გამოცდილებაა ქართველი სამხედროებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს ჯარები ემსახურებიან ავღანური სახელმწიფოს შექმნას, "ალ-ქაიდასა" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ვაცლით საყრდენს. თუ ისინი აღადგენენ საყრდენს ავღანეთში, იგივე განმეორდება, რასაც 11 წლის წინ აკეთებდნენ. ევროპის დედაქალაქებსა და საქართველოში ტერორისტული აქტები მოეწყობა. ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ყოფნით ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას იცავენ. უკან დახევა და ტერორისტების მოთხოვნებზე აყოლა არ გვარგებს. როგორც კი მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ მათმა ტაქტიკამ და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ჩვენზე გაჭრა და კონტინგენტი შევამცირეთ, თავდასხმა გაათმაგდება. ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ.
- როგორ მოახერხეს ტერორისტებმა ქართულ ბაზასთან მიახლოება და მანქანის აფეთქება მაშინ, როდესაც ბაზამდე მისასვლელი გზა ზიგზაგურია (მანქანა დიდ სიჩქარეს ვერ განავითარებს) და ბაზას აქვს საგუშაგო კოშკი, საიდანაც მიმდებარე ტერიტორია კონტროლდება?
- ტერორისტებმა ბაზაში ვერც შეაღწიეს. მათ თავი აიფეთქეს გზაზე, იმ ადგილას, სადაც გზა ყველაზე ახლოს იყო ბაზასთან. ჩვენს სამხედროებს შეცდომა არ დაუშვიათ. უბრალოდ, თვითმკვლელი მანქანების გამოყენების ტაქტიკა აქამდე არ ყოფილა ამ ზონაში და ახლა დაიწყეს. როგორც კი ეს საფრთხე დადგა, დაისვა საკითხი, რომ ბაზები გადაიტანონ გზიდან მოშორებით, სიმაღლეებზე. კიდევ ბევრი რამ გაკეთდა, რაზეც კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ მიზეზთა გამო. ჩვენ ვართ ომში და გამორიცხული არ არის ახალი იერიშები კოალიციურ ჯარებზე.
- ხომ არ იგეგმება 42-ე ბატალიონის ჯარისკაცების ჩანაცვლება? ტერაქტის მერე, ალბათ, სტრესულ მდგომარეობაში არიან და ასეთ დროს შეცდომის დაშვების ალბათობაც დიდია.
- ჯარისკაცებთან სათანადო მუშაობა მიმდინარეობს. ვინც ომში ვართ ნამყოფი, ვიცით, რომ ომში მოვლენების ისეთი აღქმა არ ხდება, როგორც სამოქალაქო ცხოვრებაში. რაც მთავარია, ჩვენი საბრძოლო სული და მორალური მდგრადობა იოტისოდენადაც არ გაბზარულა. ჩვენ მართლაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯარისკაცების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე, როდესაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან. ეს საკითხი პრიორიტეტულად დგას თავდაცვის სამინისტროში...
- მოვისმინეთ შეფასება, რომ სააკაშვილის განცხადებამ აქცია ჩვენი ჯარისკაცები ტერორისტების სამიზნედ. თქვენ როგორ თვლით?
- დაუშვებელია, როდესაც ასეთი რამ გადის ტელეეთერით. შეიძლება პრივატულ საუბარში ჰკითხო ჯარისკაცს რაღაც, მაგრამ ამის ეთერში გაშვება წინდაუხედაობა იყო. ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მჯერა, რომ მომავალში ამგვარი რამ აღარ განმეორდება. ისევე როგორც აღარ დაანონსდება უმაღლესი მთავარსარდლის ვიზიტი ავღანეთში, რაც ასევე საფრთხის შემცველია.
- ავღანეთის ქართულ ბაზასთან აფეთქება დაემთხვა თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის განთავსებას ყოუტუბე-ზე, სადაც ემუქრებიან ქართველ ჯარისკაცებს. უკავშირებთ ამ ორ ფაქტს ერთმანეთს?
- გამოძიება დაადგენს ამ ფირის წარმომავლობას და იმას, კავშირშია თუ არა ის ქართულ ბაზაზე თავდასხმასთან. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: აუცილებელია, ამის ჩამდენის დაკავება და უმკაცრესად დასჯა. ერთიანი საინფორმაციო იერიშის ჩანაფიქრად აღვიქვამ როგორც ამ ვიდეორგოლს, ისე უბინძურეს და ამორალურ სტატიას, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა ("ნიუ-იორკ ტაიმსის" სტატია იხ. www.kvirispalitra.ge-ზე) ავღანეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებზე. ეს ჰგავს მიზანმიმართულ საინფორმაციო იერიშს საქართველოზე, ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანზე და მის დისკრედიტაციაზე.
- ის, რომ ვიდეორგოლი საქართველოშია ატვირთული, რა ვარაუდს გიჩენთ?
- ვარაუდებზე ვერ ვილაპარაკებ. ვინც ამას აკეთებს, მას ხელი მიუწვდება იმაზე, რომ ასეთი ვიდეოფირი საქართველოში აიტვირთოს და შეაცდინოს ისეთი ავტორიტეტული გამოცემა, როგორიც "ნიუ-იორკ თაიმსია". შემდეგ შეცვალეს სტატია და აშშ-ში ჩვენი ელჩის პასუხიც გამოაქვეყნეს, მაგრამ ტყუილი ხომ გავრცელდა.
- ტყუილში გულისხმობთ წერილის იმ პასაჟს, როგორ არ უყვართ ქართველი სამხედროები ავღანელებს?
- არადა, პირიქით არის. ჩვენი ჯარისკაცები ეხმარებიან ავღანელებს და ეკონტაქტებიან ბავშვებს, თორემ პატრულირებისას ჩვენებს მანქანის გაჩერებაც უწევთ და შემოწმებაც.
- ამბობენ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს განსაკუთრებით რთულ უბნებზე უწევთ პატრულირება.
- ჩვენს ბაზებში ამერიკელი სამხედრო ქვეითები არიან დისლოცირებული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ორივე ჯარისთვის საამაყოა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეYთესოებმა აირჩიეს ერთმანეთი ამ ოპერაციის შესასრულებლად. ბრიტანელები, ამერიკელები და ქართველები არიან ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ ზონაში.
- რამდენიმე დღის წინ აღკვეთილი ტერაქტი ზოგმა ლაფანყურის მოვლენებს დაუკავშირა, ზოგმაც ავღანეთში ჩვენს სამშვიდობო მისიას...
- როგორც ჩანს, ეს იყო ტერორისტული აქტის დაგეგმვის მცდელობა. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ პრევენციულად იმოქმედა შს სამინისტრომ. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბევრ საინტერესო დეტალამდე მივა.
- პრემიერმა გააკრიტიკა უშიშროების საბჭოს მუშაობა, რომელიც 8 თვის განმავლობაში არ შეკრებილა.
- 8 თვე კი არა, 8 წელი არ ჰქონია ამ ინსტიტუტს ის დატვირთვა, რაც უნდა ჰქონოდა, ეფექტური კი არა, დეფექტური ინსტიტუტი იყო. უშიშროების საბჭოს ჯეროვნად რომ ემუშავა, წინა ხელისუფლება ბევრ შეცდომას აიცილებდა.
ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების ორგანო. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით. საგანგებო ვითარებებზე მსჯელობა, საფრთხეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უშიშროების საბჭოში ერთობლივად უნდა ხდებოდეს. უშიშროების საბჭო არ არის ბოკერია. ის არის აპარატის წარმომადგენელი. უშიშროების საბჭოში უნდა იმუშაონ პრეზიდენტმა და სათანადო უწყებების მინისტრებმა.
- ოპონენტები ბრალს გდებენ, თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ტენდერები ახლობლებს მოაგებინესო. ამას დაემატა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტიც, რაც ასევე თქვენი კრიტიკის საფუძველი გახდა.
- ამიტომ სიფხიზლისკენ მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს. სახელმწიფომ, ტერორიზმთან მებრძოლმა ქვედანაყოფებმა და შს სამინისტრომ ეს უნდა გაითვალისწინონ - ჩვენი ხელმძღვანელობისთვის ჯარის კვება იგივეა, რაც საკუთარი ოჯახისა და შვილების კვება. როგორც კი შევიტყვეთ ჯარისკაცების ეს ამბავი, სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა, ვინც პასუხისმგებელი იყო ჯარის კვების უსაფრთხოებაზე, დროებით გამეთავისუფლებინა მოვალეობის შესრულებისგან... ასევე, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ყველა ტენდერის გაუქმება გადავწყვიტე. ჩემდა დაუკითხავად გასცეს რეკომენდაცია, რომ ჯარისკაცები ნორმირებულ კვებაზე გადასულიყვნენ, რაც მიუღებელია. ოჯახში შვილს თუ არ უთვლი ულუფას, არც ჯარისკაცს უნდა დაუთვალო. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ასე გამჭვირვალედ ტენდერები არ ჩატარებულა არც ერთ სხვა უწყებაში. ეს არის ელექტრონული ტენდერი, სადაც მთავარია ფასი, ხარისხი და შეთავაზებული სამსახურის შესრულების გარანტია. ტენდერში ის გაიმარჯვებს, ვინც დააკმაყოფილებს ამ სამ კრიტერიუმს.
- რატომ გაჭიანურდა აგვისტოს ომის გამოძიების კომისიის შექმნა თქვენს უწყებაში?
- კომისია უკვე მუშაობს და მას გენერალი ვახტანგ კაპანაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ სხვადასხვა უწყების ჩართვას ველოდებოდით. ცოტა დაიგვიანა მათმა პასუხმა და ამიტომაც გაგვიჭიანურდა, მაგრამ გპირდებით, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.