შესაძლოა, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაჭერების სერია გაგრძელდეს. კერძოდ, როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, დაჭერილ პირთა შორის აღმოჩნდნენ - დეპუტატი დავით საყვარელიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და თბილისის მერი გიგი უგულავა.
მოსალოდნელ დაკავებებზე რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამის გარკვევას for.ge შეეცადა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე, რომელიც დაკითხვაზე - „რიყის საქმესთან“ და ბიზნესმენების, ილია კოკაიასა და ისრაელის მოქალაქის, ეფრაიმ გურისგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით იყო დაბარებული, აცხადებს, რომ თანანმდებობის ყოფილი პირების დაკავებები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მართვის სტილად გადაიქცა.
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი საკუთარი გუნდის წარუმატებლობის გადაფარვას დაკავებებით ცდილობს, თუმცა, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებებისთვის მზად არის და ყველაზე უარეს სცენარსაც ელოდება.
„ეს ივანიშვილის რეჟიმის მართვის სტილია, რაშიც ხალხი დარწმუნდა. დაკავებების სერიით, ხელისუფლება საკუთარი რეჟიმის წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობს. ეს ეხება ეკონომიკურ დაღმასვლას და თუ ამაში არავინ გვეთანხმება, შეგვიძლია ქუთაისის ბაზარში წავიდეთ, მოვაჭრეს დაველაპარაკოთ და ის გვეტყვის, რომ მას შემოსავალი შეუმცირდა. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, რადგან სილამაზის სალონშიც რომ დავდივარ, სტილისტებიც კი წუწუნებენ, თმის შესაჭრელად ხალხი აღარ დადისო. ამიტომ, მათ ამ დაჭერებით წარუმატებლობის გადაფარვა სურთ, მაგრამ რომ გითხრათ, მათგან გაუაზრებელი ქმედებები მოულოდნელია მოგატყუებთ, რადგან ყველაზე უარესი სცანარისთვისაც კი მზად ვართ“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ.
დეპუტატის მტკიცებით, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ შეაშინებს და ვერ დაშლის, რადგან მათი ფასეულობა ერთიანობაა და არა ივანიშვილის ფული.
„ე.წ. სამართლიანობის აღდგენა თითიდან გამოწოვილია. ვისი სამართლიანობის აღდგენა ხდება ივანიშვილი-ბესელია-კაკაბაძის?! ამაზეა საუბარი?! სამართლიანობის აღდგენა ის არის, რაც ხალხს მართლა აწუხებს - ეკონომიკა, შესურულებელი დაპირებები, დასაქმება და სოციალური პრობლემები. ამაზე უნდა საუბრობდნენ და საზოგადოებისთვის თვალის ახვევას არ უნდა ეცადონ, რადგან ამას დიდი ხანი ვერ გააგრძელებენ. თუ ხელისუფლებას საქმეების გამოძიების ინტერესი აქვს, მაშინ გამომძიებლები მოვიდონენ. თუ ცხრა თვის განმავლობაში, გამოძიებას კითხვები ჰქონდა, რატომ არ გამოჩნდნენ და კითხვები არ დამისვეს?! დაკითხვაზე დაბარება საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდებოდა და მიმდინარეობდა ახლობლების, მეგობრებისა და ძალოვანების მოგზავნა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ამან შედეგი არ გამოიღო. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე, მაგრამ არსებობს პარლამენტის წევრის მიმართ პატივისცემა, თუმცა, იმაზე ზედმეტია საუბარი რამდენად აღიქვამენ პატივისცემას, როცა დაკავებულია მათი პოლიტიკური ოპონენტი ვანო მერაბიშვილი და ყველა პოლიტიკურ ლიდერზე ზეწოლა მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი ბრალდებულის სტატუსით არის, ზოგიერთ მათგანს კი ბრალდებულის სტატუსის არტყმას უპირებენ. მუდმივი არაფერია, მათ შორის ივანიშვილის შეკოწიწებული გუნდი. ჩვენ ღირებულებები გვაქვს, ზიზღის პოლიტიკა და ივანიშილის ფული კი, ამას ვერ შექმნის“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ, რომლის პათოსს გივი თარგამაძეც იზიარებს და აქცენტს დაკავებების სტრატეგიაზე ამახვილებს.
თარგამაძის თქმით, მოსალოდნელი დაკავებების შესახებ ინფორმაცია პრემიერის ანონსებიდან ხდება ცნობილი, თუმცა, ხელისუფლება დაკავებების ტალღას მაშინ იწყებს, როცა მათი წარუმატებლობა პიკს აღწევს.
მისი თქმით, ბოკერიასა და უგულავას დაკავება ივანიშილს პირადად აქვს დაანონსებული, მაგრამ თბილისის მერის შემთხვევაში, პრემიერის მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა.
„არ გამიკვირდება, რომ დეპუტატების შემთხვევაშიც იგივე მოხდეს. დაკავებები დაკავშირებულია არა კონკრეტულ პერსონალიებთან, არამედ რიცხვებთან. მაგალითად, მათ უნდათ, ხუთი დეპუტატის დაკავება, რომელთაც მიუსადაგებენ სხვა პიროვნებებს. თუ მათ პოლიტიკას მივადევნებთ თვალს, ტალღოვან სისტემას დაინახავთ - როდესაც, მმართველ ძალას ჩავარდნები უგროვდება და ეს პიკს აღწევს, დაკავებებს იწყებენ, რომ ეს წარუმატებლობა გადაფარონ. ასეთ მოქმედებას თავისი რესურსი აქვს და რაღაც მომენტში, ეს ხალხისთვის საინტერესო აღარ იქნება და შეუსრულებელი დაპირბები აღარ გადაიფარება. მოთმინება და რესურსი გვაქვს, რომ ასეთ პირობებში ვიმუშაოთ“, - განუცხადა for.ge-ს თარგამაძემ.
საკითხზე საუბრისას, აკაკი ბობოხიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ხელისუფლება ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ სახალხოდ მძიმე ბრალდებებს აჟღერებს, მაგრამ მათთვის ოფიციალურად წარდგენილი ბრალდებები სასაცილოა.
მისი თქმით, თუ კანონდარღვევის ფაქტები არსებობს, მასზე პასუხი ყველამ უნდა აგოს, რადგან პოლიტიკური ფიგურა არ არასებობს, რომელიც კანონზე მაღლა უნდა იდგეს, მაგრამ ბაჩო ახალაიას საბოლოო ბრალი იმაზე დავიდა, რომ თურმე, ახალაია მეომრებს აყვირებდა - „გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას“, „გაუმარჯოს საქართველოს“.
„ეს თურმე ღირსების შელახვა ყოფილა. ივანიშვილისთვის პროცესები ძალიან სახიფათო ხდება, რადგან მას აქვს სრული წარუმატებლობა ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო მდგომარეობაში და მისთვის ნებისმიერი ნაციონალი ლიდერი სახიფათო ხდება და ის პოლიტიკური ლიდერების ჩამოშორებას შეეცდება, მაგრამ ეს იქნება დროებითი და ის თავის შედეგს ვერ მიიღებს, რადგან ეკონომიკური ვითარება კატასტროფულ ვითარებაშია, უმუშევრობის დონე შემცირების ნაცვლად, მატულობს, საინვესტიციო გარემო და კლიმატი ძალიან ცუდია. ამიტომ, ივანიშვილის ფიქრით, ნაციონალების დაპატიმრება მას პოლიტიკურ ცხოვრებას გაუხანძლივებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
კანონმდებელისთვის გაუგებარია, ე.წ. სამართლიანობის აღდგენა რას ეფუძნება.
„ე.წ. სამართლიანობის აღდგენას - რომელი ხალხი ითხოვს? 37 წელში ვბრუნდებით, როცა ადამიანების დაკავება ხალხის მოთხოვნების საფუძველზე ხდებოდა?! სახალხოდ მძიმე ბრალეულობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ოფიციალურად წარდგენილი ბრალდებები სასაცილოა იგივე ახალაიასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა იქნება მერაბიშვილთან მიმართებაში. თურმე, მერაბიშვილი უკანონოდ ჩამორთმეული ქონებით სარგებლობდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის ქონება არ ყოფილა ჩამორთმეული. მითუმეტეს იმ კაცის ქონებაზე საუბრობენ, რომელმაც ეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე დააგროვა. ამას გარდა, გოროზიას ბრალი წაუყენეს, რომ თურმე, ვიღაცას მიწა სახელმწიფოს სასარგებლოდ დააბრუნებინა, თურმე, ჩვენი ბრალი ის არის, რომ სახელმწიფოს ვაშენებდით. ნაციონალების მიმართ არცერთი ბრალი არ არის წაყენებული, რომ ვინმემ ფული სახლში წაიღო. ახლა იმ ბრალდებაზე გადავიდნენ, რომ თურმე, ვიღაცეებს რაღაცას ვაკეთებინებდით ქვეყნისთვის“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
გაგრძელდება თუ არა დაანონსებული დაჭერები, რომელიც ბაჩო ახალაიამ გახსნა და ვანო მერაბიშვილმა გააგრძელა, ეს 19 ივნისს გახდება ცნობილი, როდესაც, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.