დიტო გელოვანი: მძიმე ნაცრის მსუბუქი მქექავები

დიტო გელოვანი: მძიმე ნაცრის მსუბუქი მქექავები

შემჩნეულია, რომ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველეს ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს - მართვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს. მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ეს, ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როცა კაცს თავისი უპირატესობა ფანატიკურად წამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყველა საქციელი თავხედობამდე გაბედულია.

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)

სწორედ გუშინ იყო, ერთმა ცნობილმა ექსპერტმა პირად საუბარში სიამაყით რომ აღნიშნა, „დათა თუთაშხია“ ბავშვობის შემდეგ არ წამიკითხავსო და დაუფარავად დამცინა - აბა, რაღა დროს შენი ეგენიაო...

ჰო, არა? აი, ის, რითაც დავიწყე და რითაც დავასრულე, ისეთი ნაღდი და მართალია, მე და ჩემმა ღმერთმა, შეგიძლია, მეტი არაფერი თქვა და არაფერი დაწერო. უბრალოდ, თან ატარე ეს (და სხვა) წიგნი და ხმამაღლა უკითხე მას, ვისაც საერთოდ არ წაუკითხავს, ან წაუკითხავს, მაგრამ - ბავშვობაში, და ამიტომ არაფერი ახსოვს. არსებობს 50 და, სულ ცოტა, კიდევ ორი მაგდენი წიგნი, რომელიც სულ უნდა იკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.

ერთხელ კიდევ მოვიტან ერთ სტრიქონს - „როცა კაცს თავისი უპირატესობა ფანატიკურად წამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყველა საქციელი თავხედობამდე გაბედულია“.

ხომ კარგად ჩაწვდით ამ სტრიქონის დედააზრს - თავხედი კაცი ტანკზე უარესია! ჰოდა, ამის დადასტურებაა ის ვრცელი ნიუსი, რომელსაც სრულად შემოგთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ინფორმაციამ თითოეულ თქვენგანამდე მოაღწია, მაგრამ რადგან არ გამოვრიცხავ, რომ თქვენამდე მოღწეული იყო არასრულად, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და სრულად შეგახსენებთ:

„ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა პრემიის სახით სულ 956 389 ლარი მიიღეს, –ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სტატიის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის თვის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 2 702 646,84 ლარი. აღნიშნული თანხიდან წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის იანვარი-ოქტომბერი) გაცემულია 1 746 258 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის ნოემბერი – 2013 წლის აპრილი) – 956 389 ლარი.

ამავე დროს სახელფასო დანამატებით სულ გაცემულია 2 938 319 ლარი, საიდანაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაცემულია - 1 415 043 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 1 523 276 ლარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, პრემიის გაცემის პრაქტიკა 2013  წლის იანვრის თვიდან გაუქმებულია.

„თუმცა, აღნიშნულის კვალდაკვალ 2013 წლის 18 იანვარის საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გაიზარდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის არსებული სახელფასო დანამატები“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, პარლამენტის წევრთა ყოველთვიური შემოსავალი ასე ნაწილდება: ყველა მათგანი პარლამენტის წევრის თანამდებობრივ სარგოს 2000 ლარს იღებს, რასაც ემატება დანამატი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის, რის შედეგადაც, პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი საერთო ჯამში 5905 ლარს, პირველი მოადგილის- 5570 ლარს, მოადგილის - 5505 ლარს, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების - 4705 ლარს და პარლამენტის წევრების კი - 3790 ლარს შეადგენს.

„პრემიების გაცემის ყოველთვიური პრაქტიკის გაუქმებით რეალურად ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შემოსავლები უნდა შემცირებულიყო 30%-ით წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შემოსავლებთან შედარებით, თუმცა სახელფასო დანამატების ზრდამ განაპირობა შემოსავლების მხოლოდ 5-პროცენტიანი შემცირება“, - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში“.

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?.. რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რაც უკვე ორჯერ გაგახსენეთ და ერთხელაც გავბედავ, რადგან მგონია, რომ ამაზე სწორად და ამაზე ზუტად არავის უთქვამს და ვერც ვერავინ იტყვის - „როცა კაცს თავისი უპირატესობა ფანატიკურად წამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყველა საქციელი თავხედობამდე გაბედულია“.

იცით, როგორ ხდება? ჭაბუა ამირეჯიბის ჰონორარებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითულ 20 პროცენტს ხელფასისა და პრემიის სახით ჯიბეში იდებენ ნუგზარ წიკლაური და გოგი ქავთარაძე, მარიამ საჯაია და ნანა ყეენიშვილი.

ეს - ხელფასისა და პრემიის სახით, თორემ მგზავრობა, ტელეფონი, კვება, ბინის ქირა და მივლინება კიდევ სხვაა და იქნებ ორ მაგდენსაც და მეტსაც შეადგენდეს და ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ბუსუსებიანი პრეზერვატივების გამო დეპუტატებმა ლამის ერთმანეთი დახოცეს, ხელფასებზე და პრემიებზე კი სიტყვაც არ დაცდენიათ. როცა საქმე ანაზღაურებაზე მიდგება, თინათინ ბოკუჩავას ხათუნა გოგორიშვილისგან ვერ განასხვავებ და არც ნანა ყეენიშვილსა და თინა ხიდაშელს შორის არის დიდი განსხვავება. თან, ყველაზე სიმწრით სასაცილო ის არის, რომ ლამის დაგვაყვედრონ, ლამის გმირობა დაიბრალონ და ლამის უფასო რძე მოგვთხოვონ. ა, ბატონო:

„პარლამენტში ყოფნა სახიფათოა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.  

დეპუტატი გუშინ ღამით პარლამენტში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, რა დროსაც მილი გასკდა, წყალმა გაჟონა და ჭერი ჩამოიშალა. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, პარლამენტში ყოფნა ყველასთვის საშიშია, მით უმეტეს, რომ შენობაზე სამხარაულის სახელობის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა ვერ გასცა, რომ ის უსაფრთხოა. „ყველანი ერთნაირი საფრთხის ქვეშ ვართ“, - აღნიშნა ტყემალაძემ“.

მშიშარაა, მშიშარა!

მე თუ მკითხავ, სანამ რამე უბედურება არ დატრიალებულა, ის დროა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ვითხოვდეთ. ისე კი, გააჩნია, ვისთვის რა არის უბედურება. მე თუ მკითხავ, უბედურება სწორედ ის არის, რაც ახლა ხდება - გამოვა რომელიმე ნაცი, იტყვის რაღაცას, წამოუხტება რომელიმე ქოცი და დამცინავი ღიმილით ეუბნება, თქვენ რა გაქვთ სალაპარაკოო... და უახლეს ისტორიას გაახსენებს. ასე გადის დრო. ბუსუსებიანი პრეზერვატივებით დაიწყეს, გასულ კვირაში კი მთავარი სალაყბო თემა ნაცარი იყო. თავიდან, ნიუსის სათაური - „გიგი წერეთელი: საქართველოში ნაცრის შემოტანა ის ბიზნესი არ არის, რომელიც მოსახლეობას დაასაქმებს“ - რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას გულისხმობს-მეთქი, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას და წასაკითხი ბოლომდე უნდა წაიკითხო.

„საუბარია ნაცრის შემოტანის ბიზნესზე, რაზეც პარლამენტში კანონპროექტი შემოდის. როგორც ვიცი, ვიღაცას აქვს ალბათ ასეთი ბიზნესი ევროპაში ან სადმე სხვაგან - განადგურებული ნარჩენები, ან ნაცარი, რომ შემდეგ საქართველოში შემოიტანოს. ეს ის ბიზნესი არ არის, რაც ჩვენს მოსახლეობას დაასაქმებს და რაც უკეთესს პირობებს შექმნის“, - განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის ტერიტორიაზე მძიმე ნაცრისა და საცეცხლე წიდას იმპორტის დაშვების ინიციატივით მიმართა. ამას „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორი - ენერგეტიკის სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობაა“.

მოკლედ, ბუსუსებიანი პრეზერვატივი, მძიმე ნაცარი და აკადემიური დისკუსიები თემაზე „ყვავმა ყვავს უთხრა, შე შავოო“.

ნაცებს მართლაც არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ხანდახან სიტყვები „ოცნებამაც“ უნდა გაფილტროს. მაგალითად, გასულ კვირაში  მანანა კობახიძემ დავით დარჩიაშვილს „კომკავშირული წარსული“ გაახსენა. „ბატონო დავით! მე და თქვენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ერთდროულად ვსწავლობდით. თქვენ ცოტა წინ იყავით. მახსოვს, ძალიან წარმატებულად საქმიანობდით ე.წ. კომკავშირის კომიტეტში და იყავით ისტორიის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. ეს დიახაც იყო პარტიული დანიშვნა. პარტიული ნომენკლატურა საზღვრავდა, ვინ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძალიან პოლიტიზირებული - ისტორიის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. ამ თანამდებობებზე ტრადიციულად ინიშნებოდნენ თუ ირჩეოდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან წარმატებულად თანამშრომლობდნენ მაშინდელ უშიშროების სამინისტროსთან თუ სამსახურებთან. ეს კომუნისტური წარსული იქნებ თქვენ გაქვთ ბატონო დავით, ჩვენ რომ გვაბრალებთ რაღაც კავშირებს ძველ კომუნისტურ ნომენკლატურასთან“, - უკბინა დარჩიაშვილს მანანა კობახიძემ.

არავინ კამათობს - საკბენი უნდა დაიკბინოს, მაგრამ ცოფი? თუ გაცოფდა ხომ მტრისას? მე ის მიკვირს, დარჩიაშვილი რომ არ გაცოფდა (პრინციპში, მაგათ პარტიაში ცოფის საკონტროლო პაკეტი ერთ სუბიექტშია თავმოყრილი), მომენტით არ ისარგებლა და ქ-ნ კობახიძეს არ შეახსენა, რომ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი კომუნისტური პარტიის წევრი იყო და პარტიაში სწორედაც რომ 9 აპრილის შემდეგ შევიდა.

მაგრამ რადგან დარჩიაშვილი არ ახსენებს კობახიძეს, მუჰამედი მიდის მთასთან და მანანა კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ... თუმცა, ჯობს ჯერ ნიუსს გავეცნოთ: „ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი, მოწადინებულია, რომ ქვეყანაში ყოველგვარი ფაქტი, რომელიც უკავშირდება უმცირესობების უფლებების შელახვას გამოძიებული იყოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საქართველოს ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების შესახებ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმიდინარე კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე განმარტებით, ცუდია, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ვექცევით არასწორად და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სახელმწიფომ ძალადობის ფაქტებსა და სიძულვილის ენაზე რეაგირება მოახდინოს“.

ერთადერთი, რასაც მივხვდი, არის ის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მანანა კობახიძე ექცევა არასწორად. ასევე, მივხვდი იმასაც, რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს უმრავლესობის უფლებები, რაც არ უნდა შელახული იყოს ის. რეპრესირებული ბიზნესმენები, საერთოდ, ბიზნესმენთა უმრავლესობას შეადგენენ, არარეპრესირებულები უმცირესობაში არიან და ალბათ ამიტომაც არის, რომ არარეპრესირებული პარლამენტში ზის, ხოლო რეპრესირებული ემიგრაციაში იმყოფება. საბოლოოდ, ისე გამოდის, რომ საქართველოში მხოლოდ უმცირესობის უფლებებია დასაცავი, უმცირესობათა სიაში კი, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების გვერდით საპატიო ადგილი უკავია საპარლამენტო უმცირესობას და აქ კიდევ ერთხელ როგორ არ უნდა გავიხსენოთ დავით უსუფაშვილის უკვდავი სიტყვები - „ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანაა“.

ამოცანა გვეკითხება: „რა არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა?“ პასუხი: „ნაციონალური მოძრაობის მთავარ ამოცანას „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებული შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცების გადარჩენა წარმოადგენს“.

როგორც მივხვდი, კოჰაბიტაცია წყალწაღებულთა მიერ ერთმანეთის გადარჩენაზე ზრუნვა ყოფილა და აგერ ორი სათაური, რომელთაგან ერთი „ცისფერი მთებია“, ხოლო მეორე - „დაუჯერებელი ამბავი“.

ნიკა რურუა: „ყველაფერი დამთავრდება ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის ინტერესებიდან გამომდინარე“.

გურამ ოდიშარია: „ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება არავის უნდა“.

ოდიშარიამ იმდენი იჩალიჩა, რომ რურუას შექებაც კი დაიმსახურა - „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შემცვლელი, ჩემი მემკვიდრე ბატონი გურამი, ამაში მიიღებს კომპეტენტურ და სამართლიან მონაწილეობას. ის არ არის უსამართლო ადამიანი და ყველაფერი დამთავრდება ორკესტრის და მისი ხელმძღვანელის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“. 

ეს რა უბედურებაა? რატომ იცის ამ ხალხმა სხვისი სახელით ლაპარაკი? აგერ, მანანა კობახიძემ თქვა, უმცირესობებს ცუდად ვექცევითო და ისე გამოვიდა, რომ მეც ცუდად ვექცევი, არადა, საერთოდ არ ვექცევი - არც ცუდად და არც კარგად. მანამდე, უსუფაშვილმა თქვა ის, რაც თქვა - ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანააო და ისე გამოდის, რომ დემოკრატიისთვის იმიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ნაციონალური მოძრაობა რომ გადარჩეს და, ოდიშარიას განცხადებაც - „ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება არავის უნდა“ - ჩემი და თქვენი სახელით იყო გაკეთებული.

რამდენიც, მინდა ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება? რამდენიც მინდა, იმდენი მოხვდეს არმაგედონის ზანგისა ყველა იმას, ვინც გიგი უგულავას მემკვიდრის დაბადებას ვენაში არამუსიკალური ღრიანცელით აღნიშნავდა!

გაბრაზებული ვარ და ვცდილობ, ბრაზიანი ემოციები სხვა დროისა და სხვა ვითარებისთვის შემოვინახო - როცა მომეცემა საშუალება და პირადად შევხვდები თუნდაც კობახიძეს, თუნდაც უსუფაშვილს და თუნდაც ოდიშარიას. იმედი მაქვს, რომ შევხვდები და ვიმედოვნებ, რომ ჩემი არაენჯეოშნიკობის მიუხედავად ამის საშუალება აუცილებლად მომეცემა.

აი, მთა მთას არ შეხვდება, თორემ კაცი კაცს აუცილებლად გადაეყრება სადმე.

გასულ კვირაში სხვაც ბევრი ამბავი მოხდა - იუსტიციის საბჭოდან ვიღაც წავიდა და ვიღაც მოვიდა, რექტორობიდან ბევრის წასვლა და მათ ადგილებზე სხვების მოსვლა გადაწყდა...

კოტე კუბლაშვილმა თქვა, თეა წულუკიანი მიხვდება, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო მოსამართლესო...

ნუგზარ წიკლაურმა თქვა, პრემიერი აპირებს თვითონ დანიშნოს რექტორები, რაც მიანიშნებს სურვილზე, დაიქვემდებარონ ყველაფერი ამ ქვეყანაშიო...

აი, სწორედ ამ თავხედობაზეა საუბარი - რა რექტორი... წიკლა-ნუგზარას კარგად უნდა ახსოვდეს, როგორ დაინიშნა ტუტუცი ანდრო ბარნოვი დეკანის თანამდებობაზე და ახლა არავინ დაიწყოს, ბარნოვს შეურაცხყოფას ნუ აყენებო. სულ სხვა ეპითეტის გამოყენებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემში თვითცენზურა ამოქმედდა.

რაც შეეხება მოსამართლეს და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას...

ზოგადად, მოსამართლის შეურაცხყოფა სამართლის შეურაცხყოფის ტოლფასია. ეს - ზოგადად, თორემ ცხოვრებაში კონკრეტული უფრო მეტია, ვიდრე ზოგადი. ზოგიერთი კონკრეტული მოსამართლის შეურაცხყოფა კონკრეტული სამართლიანობის აღდგენის მცდელობაა, კონკრეტული ნაპერწკლიდან კი, როგორც მოგეხსენებათ, ზოგადი ცეცხლი ინთება ხოლმე.

რ.მ.მ. (რაც მართლია, მართალია) ...როგორც უკვე ვთქვით, ჭკვიანი კაცების ნაკლებობის პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი შეზღუდულის ადგილზე მეორე შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის დაწინაურებას. ამიტომ, შეზღუდულისთვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ სხვა, ხშირად, უმჯობესის მიღებას ნიშნავს.

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)