„აღშფრთოვანებული ვარ”

„აღშფრთოვანებული ვარ”

გასულ წელს ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ხალხში მოარული ანეკდოტების შეგროვება დავიწყე. მინდა გაცნობოთ რომ შრომა დამიფასდა და ბატონი მიხეილი ექვსი წერილის მთავარ გმირად მოგვევლინა.

დღეს მკითხველის გამხიარულება კიდევ ერთხელ მოვისურვე და ქართულ ინტერნეტსივრცეში „მიშიკოს“ შესახებ გამოჩენილი ახალი ანეკდოტების ძიება განვაახლე. აღმოვაჩინე რომ სააკაშვილი უწინდელი „პოპულარობით“ აღარ სარგებლობს. მის „თავგადასავლებზე“ ახალ ისტორიებს აღარ იგონებენ და ძირითადად „ძველ მასალას“ ამღერებენ.

სააკაშვილი ერთ რიგით საანეკდოტო ტიპაჟად გადაიქცა. მისმა „რეიტინგმა“ აშკარად ძირს დაიწია და ბოლო ხანებში  ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა მცირე უპირატესობით უსწრებენ. სამწუხაროდ ამ სამეულის „ისტორიებს“ ვერ გაგაცნობთ, რადგან უცენზურო სიტყვებითაა სავსე და მკითხველს შეუარაცხყოფას ვერ მივაყენებ.

დღეს გადავწყვიტე რომ ბოლო დროს გავრცელებული ქართული პოლიტიკური ანეკდოტების ერთგვარი ანთოლოგია წარმოგიდგინოთ. რასაკვირველია ზოგ მათგანს ახალი არ ეთქმის და ხალხში რამდენიმე წლის განმავლობაში „გადაადგილდებოდა“. ალბათ არ გაგიკვირდებათ და მიხეილ სააკაშვილი მათი ერთ-ერთი „საყვარელი პერსონაჟი“ იქნება.

1. გურული სადღეგრძელოს ამბობს:-  ღმერთო იმფერ საქართველოს მომასწარი „კურიერში“ რომაა და „ქრონიკაშიო“.

2. „საქართველოში მიშას დროს აყვავდა დემოკრატია. საქართველოში მიშას დროს ყვავის ეკონომიკა. წელს შემოვიდა 3.5 მილიონი ტურისტი. აჭარა ჯობია ანტალიას, ქუთაისი ჯობია პარიზს“,

3. „აფხაზი დაიჭერს ოქროს თევზს და სთხოვს ისე გააკეთე რომ აფხაზეთი რუსეთი იყოსო!! ამ დროს ცაში დაიქუხებს და თევზმაც, გამიშვი შესრულებულიაო! გადის ნაპირზე - ტანსაცმლის მაგივრად მარტო შლოპანცები ყრია. ნიჩევო!! ზატო ვ როსიი ბუდუ ჟიტ!! მანქანების გაჩერებაზე „ვოლგის“ მაგივრად ველოსიპედი ხვდება!! ნიჩევო!! ზატო ვ როსიი ბუდუ ჟიტ!! მიდის სახლთან. ფეშენებელური სახლის ნაცვლად რუსული ხიბარა დგას. შედის ეზოში და სახლიდან შვილი გამორბის ყვირილით: - პაპა, ნე ხადი ვ დომ, ტამ გრუზინ გივი ვ გოსტიახ უ მამი!!“.

4. „პუტინმა ოქროს თევზი დაიჭირა და უთხრა - ბუზად გადამაქციე, რომ სააკაშვილის ოთახში შევფრინდე და გავარკვიო რას საქმიანობსო. ოქროს თევზმა თხოვნა შეუსრულა. ბუზად ქცეული პუტინი მიშას ოთახში შეფრინდა და მის სამუშაო მაგიდაზე დაჯდა. ამ დროს მიშა გაზეთს კითხულობდა, გაზეთი მოკეცა, ბუზს დაარტყა და მოკლა. თან ჩაილაპარაკა - ყოჩაღ ვანო, კარგი ნამუშევარიაო.“

5. „ორი სომეხი სანაძლეოს დადებენ პურმარილზე, ვინ დიდხანს გაძლებს წყალშიო და ორივე დაიხრჩობა“.

6. „ამერიკელი, ქართველი და ბრაზილიელი ქეიფობენ. რომ შეთვრებიან დაიწყებენ ტრაბახს. ბრაზილიელი ამბობს, ჩვენთან ფეხი დაიბადა, კაცი მივაკერეთ, პელე დავარქვით და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელიაო.

ამერიკელმა, ჩვენთან ხელი დაიბადა, კაცი მივაბით, ჯორდანი დავარქვით და მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელიაო. ქართველმა, ჩვენთან „ის“ დაიბადა, არაფერი მიგვიკერებია, მიშა დავარქვით და დღეს პრეზიდენტიაო“.

7. „გურულს ჰკითხეს: რაფრაა ჩვენი ნატოში შესვლის საქმეო? რაფრაა და „ისეო“. რატომ ძამაო. რატომ და საქმეში ქე ვაართ, მაგრამ შიგნით არ გვიშვებენო.“

8. „შევარდნაძეს ეშმაკი გამოეცხადა. -  ჩემიანი ხარ, მაგრად მიყვარხარ და ჩემი ეშმაკობები უნდა გასწავლოო. ჩასჩურჩულა რაღაც ყურში, გაეღიმა ედიკას - ეგ აბაშის ექსპერიმენტის დროს გავაკეთეო. მეორედ უჩურჩულა, - ეგ სსრკ-ს მინისტრი რომ ვიყავი ბეიკერს ჩავუტარეო. გაგიჟდა ეშმაკი და მესამედაც ჩასჩურჩულა. ისევ გაეცინა ედიკას - ბიჯო, მაგით გავაერთიანე გერმანიაო. მერე იქით უთხრა, - ვერ ყოფილხარ შენ კარგი მასწავლებელი, მოდი აქეთ, მე გასწავლი მაგარ რამესო. დახარა თავი ეშმაკმა, უჩურჩულა ედიკამ. უცებ ეშმაკი გველნაკბენივით გადახტა უკან სამ მეტრზე, ხუთჯერ პირჯვარი გამოისახა და თან ბუტბუტი დაიწყო:  - კი მარა ღმერთის არ გეშინია შე კარგო კაცოო?“

9. „ბუში, პუტინი და სააკაშვილი ერთად მიფრინავენ. მათთან ერთად თვითმფრინავში მხოლოდ ორი პილოტია. თვითმფრინავი დაზიანდა და ვარდება. ხუთ ადამიანს მხოლოდ ერთი პარაშუტი აქვთ. დაიწყეს ბჭობა, ეს ერთადერთი პარაშუტი რომელმა მათგანმა უნდა გამოიყენოს. კამათის შემდეგ გადაწყვიტეს, მოდი არჩევნები ჩავატაროთ და ვინც მეტ ხმას მიიღებს ის გადარჩებაო. ჩაატარეს არჩევნები. მოიგო მიშამ, გაიკეთა პარაშუტი და გადახტა. გაკვირვებული ბუში პუტინს ეკითხება: კაცო ამ თვითმფრინავში მხოლოდ მიშა, მე, შენ და ორი პილოტი ვიყავით და სააკაშვილმა თხუთმეტი ხმა საიდან მოაგროვაო?“

10. „თბილისი-სიღნაღი და ბათუმი-მესტიის შვეულმფრენებს, კავკასიონის თავზე, ბურუსში გზა აერიათ და ერთმანეთს შეეჯახნენ. ორივეში მიშა სააკაშვილი იჯდა“.

11. „ნაციონალის მამა ეუბნება მეორე ნაციონალის მამას: - გადამრევს ეს ჩემი შვილი. ვეუბნები, - შვილო ისწავლე, კაცი გამოხვალ-მეთქი და არ უნდა, 20 წლისაა და მინისტრის მოადგილეა უკვე.“

12. „მიშა სააკაშვილი ოქროს თევზს დაიჭერს და ათხოვს: - მიშველე რამეო,

თევზი უპასუხებს, - ადვილი რამე მთხოვე, ან ტაფაზე შემწვიო“.

13. „კლინტ ისტვუდი ჩამოდის კახეთში და დაინახავს მიხოს. ამოიღებს რევოლვერს, ესვრის და თავიდან ქუდს ჩამოუგდებს, თან დააყოლებს: ამერიკა, ჩიკაგო. მიხო შუბლში მუშტს გაარტყავს და იტყვის: საგარეჯო, მიხაკო“.

14. „მიხო კარატისტია და ტატამზე გავ. მისი მეტოქე იაპონელია. გამოვა ეს იაპონელი და დაიძახებს: - ოსს! ჩაფიქრდება მიხო და საპახუსოს დაუყვირებს: -აფხაზ!“

15. „ენა, მამული, სარწმუნოება. © ილია.

უცხო ენა, დახერხილი მამული, მიშმორწმუნეობა. © ილიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორი.“

„მხიარული წერილის“ მეორე ნახევარში ცნობილი ქართველების მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმულ ორიგინალურ წინადადებებს შემოგთავაზებთ.

„ბატონო მიშა, სამეგრელოში ყველაფერი კარგად მიდის, გაჩნდა ფულიც; აი, მაგალითად, ამ დღეებში გაიტაცეს პიროვნება, რომლის ოჯახმაც მეორე დღესვე 30 000 დოლარი გადაიხადა გამოსასყიდი” – კახა არდია, სამეგრელოს გუბერნატორი.

„აქ უნდა ყოფილიყვნენ ბოკერია და არველაძე, მაგრამ არ მოვიდნენ, პარლამენტში რაღაც საქმე გვაქვსო. ნეტა რა საქმე აქვთ იმისთანა, რომ გადაცემაში არ მოვიდნენ?” - ინგა გრიგოლია.

„ბუკვალურად მინდა აღვნიშნო” - გია ბარამიძე.

ჟურნალისტი: „დაგვიანებული პენსიებისთვის გამოყოფილი თანხები რა პრინციპით განაწილდება”?

ავთო ჯორბენაძე: „პირველ რიგში, მიცვალებულებს უნდა დავეხმაროთ”...

„ლოთი ქობალიას დახოცილი მეომრები ტყეში ერთმანეთს ასაფლავებდნენ” - ნატო ონიანი.

„მე-11-ეკლასელების გამოსაშვებ ბალზე ვიყავი” – მიხეილ სააკაშვილი.

„აღშფრთოვანებული ვარ” - ელენე თევდორაძე.

„მანამდე არ აგიდგათ გვერდები, სანამ მე არ გადავდგები” - ედუარდ შევარდნაძე.

„ის, რომ რუსეთის გენ. პროკურორის მოადგილე ჩადის აფხაზეთში და კარგი კანონიერი ქურდივით არჩევს საქმეებს, ეს არაა პატივისცემა” - მიხეილ სააკაშვილი.

„უნივერსიტეტში ლექციებს არ ატარებენ და ბავშვები ქუჩის ადამიანები ხდებიან” - ნინელი ჭანკვეტაძე.

„საქართველო ესმის მხოლოდ მაღალგანვითარებულ ადამიანს” - ბასა ფოცხიშვილი.

„როცა კანონი არ კანონობს და ადამიანი სჩადის დანაშაულს, ადამიანი იქცევა კანონად” - სოსო ჯაჭვლიანი.

„აგარაკს არ დავთმობ, ლტოლვილებისათვის არ გამოდგება... იქ ყოფილხართ? რომ მოხვალთ, დარწმუნდებით, რომ ლტოლვილები იქ ვერ იცხოვრებენ” - ნინო ბურჯანაძე.

„ვანესა რედგრეივი მირეკავს და ვიღაცა სოფლელი უგულავა მაიგნორირებს" - ქეთი დოლიძე.

„ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ, ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით” - ლევან გაჩეჩილაძე.

„ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკას აქვს საზრისი და ეს საზრისი არის მსახურება, აქიმობა” - გია მაისაშვილი.

„მუცლის გაზი თუ გამოიყენეს, დავიღუპებით” - უცნობი.

„ენა, მამული, სარწმუნოება წამართვა მიშამ მე, როგორც ახალგაზრდას” - ნინელი ჭანკვეტაძე.

„თან პიკეტი გვაქვს და თან ტრაპეზი” - ზვიად ძიძიგური.

„ჰო, ისე, დღეს გიორგობაა, მიშას დღეა” - დავით აქუბარდია 23 ნოემბერს.