ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ საქართველო ამერიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თუმცა ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მკვეთრი პოზიციაც არის დაფიქსირებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის და მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის - ვანო მერაბიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს.
„ოპოზიიური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე - 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარობის წინასვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს“, - ვკითხულობთ კონგრესის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ აშშ ერთგული რჩება პოზიციის, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას.
„აშშ-ის პოზიცია ერთმნიშნვენლოვანი უნდა იყოს, როდესაც მის მთავარ მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბირების შემდეგ, დემოკრატია რეგრესს განიცდის. ამერიკელი ხალხი და კონგრესის წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში, 2013 წლის 6 ივნისს დაღუპული შვიდი სამხედროს გამო, ასევე 2013 წლის 13 მაისს დაღუპული სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტნიორი ქვეყნების რჩევები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ისინი ჩვენს ქვეყანას მძიმე სიტუაციაში არაერთხელ დახმარებიან.
„რომ ვნახე ეს განცხადება გული მომიკვდა, იმიტომ, რომ ამერიკის კონგრესი წინა წლებში იღებდა და უნდა მიეღო განცხადება, სადაც საუბარი იქნებოდა, რომ საქართველოს იარაღი უნდა მისცენ და ქართული არმია აღჭურვონ, ნატოში ინტეგრაცია დააჩქარონ, ამის მაგივრად პირველად ისტორიაში მიიღეს განცხადება, მსგავი არასდროს არაფერი არ მომხდარა მიახლოვებითაც კი, ეს არ არის საგაზეთო სტატია, ან ვიღაცის განცხადება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ამერიკა გვერდზე გადგა, საქართველო ონიშენკოს პატრონი ქვეყნის ამარად დარჩება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში არსებული ჩანაწერის სულისკვეთებას თეთრი სახლი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ იზიარებს. ამიტომ დოკუმენტი, რომელიც კანონის სახეს შეიძენს, საქართველოს ინტერესების მხარდამჭერი იქნება.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს განცხადება არ გაუვრცელებია, ეს მხოლოდ წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში კონგრესმენ მაიკ ტერნერის ჩანაწერია და არასწორია, როცა მედიასაშუალებები გავრცელებულ დოკუმენტს აშშ-ის კონგრესს მიაწერენ.
„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესმენი ტერნერი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ კანონპროექტის ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელ ფორმულირებას მტკიცედ უჭერდა მხარს. მოგვიანებით მისი ინიციატივით წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში უაღრესად მიკერძოებული ჩანაწერი გაკეთდა, რაც სავარაუდოდ, საქართველოში კერძო ინტერესებით მოქმედი პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.
იგი ასევე განმარტავს, რომ ვიდრე კანონის მიღება მოხდება, მანამდე აშშ-ის კონგრესის სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ ვერსიები უნდა შეაჯერონ და ბოლოს, დოკუმენტი პრეზიდენტს გადაეგზავნება. გარდა ამისა, ზალკალიანის თქმით, უშუალოდ წარმომადგენლობის პალატის ვერსიასაც არ ჰქონდა ერთგვაროვანი მიდგომა და 100-ზე მეტმა დეპუტატმა მას მხარი არ დაუჭირა.
„ვფიქრობ, კონფერენციაზე, სადაც უნდა შეჯერდეს სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის ვერსიები, საქართველოსთვის სასურველი ფორმულირება შემუშავდება საბოლოო ვერსიისთვის“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტში დადებითი მომენტებიც არის და უარყოფითიც. ამასთანავე, ექსპერტისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ინფორმაციის ნაკლებლობა ჰქონდეთ.
„არ მგონია, რომ ეს ინფორმაციის ნაკლებობის გამო იყოს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ისინი მართლაც შეწუხებულები არიან, ვინაიდან ხედავენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჩარევა ხდება სამართალწარმოების პროცესის აღსრულებაში. უფრო სწორად, ამერიკელები ხედავენ გარკვეულ ანგაჟირებას იმ საქმეებში, რომლებიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არის აღძრული“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნითაც იყო კრიტიკა გარკვეულ საქმეებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საქმეები შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იყო გამყარებული და, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჰგავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ექსპერტი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ამერიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ჩვენი პარტნიორი შეეცდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიის პრინციპებს არ გადაუხვიოს.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ მისთვისაც ის არის ცნობილი, რაც მთელი ქართული საზოგადოებისთვის (ანუ ის, რაც მედიით გავრცელდა), მაგრამ ის, რაც ცნობილია, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ ამგვარი დოკუმენტის ამერიკის კონგრესის მიერ მიღება, უდავოდ არასასიამოვნო ფაქტი იქნება საქართველოსთვის.
„კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს, პასუხის გაცემა, ერთმნიშვნელოვნად, ჯერჯერობით, ძალიან ძნელია. ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა ამერიკელ კანონმდებელთა ერთ გარკვეულ ჯგუფთან მაინც, რადგან ისინი ამგვარ შეფასებებს აკეთებენ“, - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი მხოლოდ პროექტია და მას ჯერ კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს გასავლელი. ამიტომ, ექსპერტი აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს გაუგებრობა გამოსწორებულ იქნას, ვინაიდან არ შეიძლება ვინმეს პერსონალური ინტერესები ქვეყნის ობიექტურ ინტერესებზე მაღლა დადგეს.