ტერაქტების თემა ახალი ხელისუფლების პირობებშიც ინარჩუნებს პოპულარობას, მართალია „ენვერიადას“ ვერ შეედრება, მაგრამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების საფუძველი უკვე გახდა.
სააკაშვილის გუნდი ვიდეოებისა და შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან ნებისმიერი ფორმით დაკავშირებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს. ასევე თვლის, რომ ეს სპეციალურად ხდება. მოკლედ „თალიბანის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოების ავტორობას პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაცია ერთმანეთს აბრალებს. ასეა თუ ისე, მოსალოდნელი ტერაქტების თემა ხელისუფლებამაც საკმაოდ წარმატებულად აიტაცა და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაც კი აღკვეთა.
ვის აწყობს მსგავსი თემების წამოტივტივება, ვინ რა სავარაუდო პოლიტიკური ქულები შეიძლება მიიღოს ამით, ამ თემაზე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, ვის აწყობს ასეთი თემების წამოწევით ქვეყანაში ქაოსური სიტუაციის შექმნა და საბოლოოდ, შეიძლება თუ არა ამით ხელშესახები სარგებელი მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურმა ძალებმა?
- თვითონ ეს ცრუ ქაოსიც ქაოსურია და არ ტოვებს რაიმე ცენტრიდან მართულის შთაბეჭდილებას. ბოლო დროს ავღანეთის თემასთან მიბმული რამდენიმე საკითხი წამოტივტივდა - ნატოს ჯარებიდან კონტიგენტის გამოწვევის საკითხი მრავალ ქვეყანაში დამდგარა და შედეგიც გვინახავს, რომ ანგარიში გაუწევიათ და უკან გამოუწვევიათ კონტიგენტი.
ტერაქტების მუქარაც არ ტოვებს რეალურის შთაბეჭდილებას და არსებობს ეჭვი, რომ ის ვიდეორგოლები საქართველოშია დამზადებული. ამ ყველაფრიდან პოლიტიკური დასკვნები არ გამომდინარეობს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ შავი იუმორის გამოვლენა მოინდომა. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალასაც აწყობდეს. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმი არსებობს და შესაძლოა, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მხარს უჭერენ ავღანურ თემას და ამ მოტივით ქართველების იქ ყოფნას აპროტესტებენ.
საზოგადოებაში თემის პროვიცირებას ნაცმოძრაობას უკავშირებენ - თეორიულად რომ დავუშვათ, ამით რას მოიგებს ნაცმოძრაობა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელშესახებ რეიტინგს შეიქმნის?
- სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის არის თუ არა მომგებიანი ასეთი ვიდეორგოლების გავრცელება, ეს არ ჩანს. ხელწერას რაც შეეხება, ბევრი ანალოგიური ხულიგნობა გაუკეთებია ნაცმოძრაობას, მაგრამ ვიდრე ძიება საბოლოოდ არ დასრულდება, მოტივის დასახელება რთულია.
ხელისუფლებაში დაბნეულობის შეტანა რომ განვიხილოთ მოტივად, როგორ ფიქრობთ ეს ვისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მომგებიანი ?
- დაბნეული ხელისუფლება ბევრ ძალას აწყობს, მაგრამ არ მგონია, „ქართულ ოცნებას“ ისეთი მონოლითურობა ეჩვენებინა განვლილ პერიოდში, რომ მის დაბნევაზე ეზრუნა ვინმეს - სულ იმას უჩივიან, არაკოორდინებულად მოქმედებენო. დაბნევა შეიძლება მოგინდეს ისეთი მოწინაამდეგის, რომელიც თავის ორგანიზებულობით პრობლემებს უქმნის ვიღაცას. როდესაც პირიქით ხდება, იქ ხელოვნური საფრთხეების გაჩენამ შესაძლოა, მეტი მობილიზაცია მოახდინოს.
ნაცმოძრაობის პოლიტიკური ასპარეზის შენარჩუნებისთვის ამ თემების გამოყენება რამდენად არის შესაძლებელი?
- ავღანეთის თემას რაც შეეხება, არ უნდა აწყობდეს ნაცმოძრაობას იმ თვალსაზრისით, რომ კონტიგენტის გაზრდა მის კისერზეა, ამიტომ ვერ ვხედავ პერსპექტივას რომ ამ თემით რაიმე სარგებელი მიიღონ, ვერ ვხედავ საფუძველს, მოსახლეობაში რომელიმე თემით დატოვონ ის პოზიტივი, რომელიც აღაზევებს ნაცმოძრაობას.
შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ეს ხდება მაღალჩინოსნების მოსალოდნელი დაკავების გამო - ხელისუფლებასთან სავაჭრო თემად რამდენად გამოდგებოდა ასეთი პროვოკაციები?
- არ არის გამორიცხული, გვახსოვს მსგავსი მოთხოვნა იყო ნაციონალების მხრიდან წამოყენებული საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, რომ ტოტალური ამნისტია გამოცხადებულიყო, მაგრამ ავღანური თემა არ მგონია ხელისუფლებასთან სავაჭრო თემად იქცეს და რაიმე პირობებზე მისი დათანხმება მოახერხონ ნაციონალებმა. საზოგადოებისთვის ავღანური ტრაგედია მთელი თავისი სიმძემით ისევ ძველ ხელისუფლებას აწვება და არ გადმოაქვთ ახალ ხელისუფლებაზე.
თვითონ სააკაშვილმა რა შეიძლება მიიღოს, მაგალითად ტერაქტების თემის გააქტიურებით? ფაქტია, რომ იწინასწარმეტყველა...
- ამ საკითხს ბევრი უკირკიტებს და ცდილობს ამოხნას. ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს, რომ ნაციონალებმა საკითხი იქამდე გაამწვავონ, დღის წესრიგში დადგეს ჯარების გამოყვანა ან შემცირება და მერე დაიწყონ იმის მტკიცება, რომ რუსული ორიენტაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და ჯარები ამიტომ გამოიყვანაო - ეს თუ ხდება, ცხადია, - დასავლეთისთვის.
სხვა საკითხებშიც ხშირად ცდილობენ, თავიანთი მსჯელობა ამ ლოგიკამდე მიიყვანონ, მაგრამ ეს იმდენად შორეული რამ შეიძლება იყოს (მაგალითად, ჯარების გამოყვანა დიდი არეულობის ფონზე), რომ მეეჭვება, ნაციონალურმა მოძრაობამ ოქტომბრამდე ამ შედეგის მიღება მოახერხოს.
ფაქტია, რომ საზოგადოების ყურადღების გადატანა მაინც ხდება, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას ყველა დარგში სერიოზული სამუშაო აქვს შესასრულებელი. როგორ ფიქრობთ, თავს გაართმევს, რომ სტაბილურ კალაპოტში გადაიტანოს ყველაფერი?
- არაერთხელ გვითქვამს, რომ პიარში მოიკოჭლებს ხელისუფლება. სხვა სფეროებშიც, ლოდინის დრო სავარაუდოდ, გვიან შემოდგომამდე გაგრძელდება, იმ პერიოდისთვის, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რესურსები ბევრად შემცირდება. თუმცა იმ სფეროებშიც, სადაც ნაციონალთა რესურსები მცირეა, არ მგონია, ხელისუფლება საკმაოდ ფხიანად მოქმედებდეს.
მოსახლეობაში გარკვეული სკეპტიციზმი არის და გასაგებიცაა, რადგან პოლიტიკურ არენას თუ გადავხედავთ, ასეთი პასიურობა წლების მანძილზე ახასიათებდათ დღევანდელ სახელისუფლებო პარტიებს. მაგალითად, რესპუბლიკელები რომელიმე პარტიას თუ ვერ იპოვიდნენ ლოკომოტივად, ისე ვერ შედიოდნენ პარლამენტში. ალასანიას გუნდსაც მეტ-ნაკლებად, ახასიათებდა ასეთი პასიურობა - მერის წაგებული არჩევნები შეგვიძლია გავიხსენოთ, იმის მიუხედავად რომ თბილისი ოპოზიციურად იყო განწყობილი.
ეს ის სიმპათიური ხალხია, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლისუნარიანობა ნაკლებად ახასიათებს. ასევე ნაკლებად ბრძოლისუნარიანია ივანიშვილის პარტიაც, სადაც სხვადასხვა სფეროებიდან გაერთიანდნენ ადამიანები და პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება ნაკლებად აქვთ.
სამივე ჯგუფი ნაკლებად ბრძოლისუნარიანია და გამარჯვება ივანიშვილის უპრეცედენტო რეიტინგმა და პირადად მისმა მაღალმა ბრძოლისუნარიანობამ განაპირობა - მან შესანიშნავად გათვალა წინასაარჩევნო კამპანია და სხვათა შორის, მისი ხელმძღვანელობით ძალიან კარგად იმუშავეს ამ პარტიებმაც.
შემდეგ ეტაპზე, როცა პოლიტიკოსებს თავიანთი „უბანი“ მიებარათ, მოსალოდნელი იყო ისევ წამოტივტივებულიყო მათი არაბრძოლისუნარიანობის საკითხი. ვიცით ეს ინტელიგენტთა პარტიებია, ხოლო პასიურობა ინტელექტუალთა სენია და პოლიტიკურ ბრძოლაში კუნთები რომ გამოიმუშავონ, ამას გარკვეული დრო სჭირდება.
თუ მოახერხებენ და პოლიტიკურ ბრძოლას ისწავლიან, შემდგომში მეტ წარმატებებს მოიხვეჭს ეს კოალიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი რამ ბედ-იღბალზე იქნება დამოკიდებული და პიროვნულად, ბიძინა ივანიშვილზე.
ასეთ ფონზე რამდენად შესაძლებელია პროვოკაციები გახშირდეს რუსეთის მხრიდანაც? ვიცით, რომ ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში საზღვრებთან დაძაბულობის საბაბი ყოველთვის გამოიძებნება-ხოლმე. შესაძლოა, ხელისუფლებაში დაბნეულობის შესატანად რაღაც მსგავსი სცენარიც იგეგმებოდეს?
- სიტუაციის სერიოზულ დაძაბვას არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არ ველოდები, ავღანეთის თემა ტრაგედიაა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი სიტუაცია. საზღვარიც არაერთხელ გადაუწევ-გადმოუწევიათ და ამასაც პოლიტიკური კრიზისი არ გამოუწვევია. თუმცა, ცხადია, რომ რუსეთი დაინტერესებულია ივანიშვილს შეუქმნას უსიამოვნო წერტილები და მერე ამ ფონზე აწარმოოს მასთან დიალოგი - რუსეთს ეს ზოგადად, ახასიათებს. ჩამოაგდებს რაღაც სირთულეს და მერე სხვა რამ გიხდება სათხოვნელი, ეს სირთულე რომ არა, სხვა რამეს სთხოვდი და აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, ახალ-ახალ სირთულეებს თავადვე ქმნის-ხოლმე ხშირად. რაღაც ამგვარ თამაშს შეიძლება თამაშობდეს რუსეთი, მაგრამ ასეთი თამაში იმასაც ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი რუსეთის პერსონა არ არის.
მოსალოდნელია თუ არა არჩევნების მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა ტიპის, უფრო სერიოზული სიურპრიზებიც მომრავლდეს?
- ისეთი საგანგაშო, რაზედაც ქართველებს იმუნიტეტი არ ჰქონდეთ გამომუშავეებული, არაფერი მოხდება. ამგვარი სიტუაციები ქრონიკულად გვექმნება-ხოლმე და უფრო მეტ სირთულეებს არ მოველი.