კახეთში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველო დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ ჭიაბერაშვილი მივლინებაშია და საქათველოში 15 ივინსს დაბრუნდება. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ჭიაბერაშვილმა საქართველო გამომძიებლის ნებართვით დატოვა. საქართველოს კანონდებლობით ბარლდებულს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.
საქართველოს მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ კახეთის გუბერნატორს სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო ცალსახად ქვეყნის დატოვებას არ უკრძალავს.
„მისი აღმკვეთი ღონისძიება, როგორც მახსოვს არის გირაო და სასამართლოს მისთვის სხვა შეზუღუდვა არ დაუწესებია, მაშინ გირაო ცალსახად მას არ უკრძალავს ქვეყნის დატოვებას,“ - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა სპეციალური მოწვევა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, იგი მიწვეულია გუბერნატორების შეხვედრაზე ქალაქ ანკარაში, ითხოვა ქვეყნიდან 2 დღით გასვლა და შესაბამისად, გამომძიებელმა დართო ნებართვა და 15 ივნისს დაბრუნდება საქართველოში.
კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია გირაოთი გათავისუფლებული და წინასწარ გამოძიებაში მყოფი პირის ქვეყნიდან გასვლა, პროკურატურაში ამის არგუმენტად ის გარემოება მოჰყავს, რომ ჭიაბერაშვილს არ ჰქონია რაიმე სახის აკრძალვა სასამართლოდან ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით და როგორც არჩილ კბილაშვილის უწებაში განმარტავენ, მიუხედავად ამისა მან მაინც წარმოადგინა მოწვევა, რის საფუძველზე მას გამომძიებელმა ჩვეულებრივად მისცა ქვეყნიდან გასვლის ნებრათვა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" გენერალურ მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი „დასაქმების პროგრამასთან“ დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 6 საათიანი განხილვის შემდეგ, ზურაბ ჭიაბერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათასლარიანი გირაო, ვანო მერაბიშვილს კი პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არაა პირველი მოქმედი ბრალდებული თანამდებობის პირი, რომლის მიმართ საქართველოს პროკურატურა ლოიალობას იჩენს და ქვეყნიდან გამგზავრების ნებართვით ანებივრებს. პროკურატურის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ საგამოძიებო ორგანოს მიმართა ნებართვით და ქვეყნის დატოვება ითხოვა. გამომძიებელმა მას ნებართვა მისცა, თუმცა მოგვიანებით ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამგზავრება გადაიფიქრა და პროკურატურის გულმოწყალებით არ უსარგებლია. მაშინ გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განმარტა, რომ ბატონ ხვედელიძეს ჰქონდა ნებართვა აღებული საგამოძიებო ორგანოდან, რომ დაეტოვებინა საქართველო. ამჟამად ხვედელიძე საქართველოშია.
სამართალმცოდნე კახი კახიშვილის არ ესმის პროკურატურის გადაწყვეტილებების როდესაც საუბარია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების საზღვარგარეთ გაშვებასთან დაკავშირებით.
„ერთია, რომ აკავებენ და მერე სასამართლოზე ასაბუთებენ, რომ ეს ადამიანები პრობლემას შეუქმნიან გამოძიებას, მიიმალებიან და ან მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენენ გამოძიებაზე ხელის შეშლის მიზნით, მაგრამ შემდგომში როდესაც სასამართლო უფარდებს არასაპატიმრო ღონისძიებას მოქმედ თანამდებობის პირებს, მათ უშვებენ საზღვარგარეთ. ეს ჩემთვის გაუგებარია, თუ ჭიაბერაშვილს ბრალი წაუყენეს ისეთ დანაშაულში სადაც იკვეთება სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, მაშინ პირველ რიგში რატომ არ შევიდნენ შუამდგომლობით სასამართლოში მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების თაობაზე და რატომ იმყოფება ის დღესაც თანამდებობაზე.
ცოტა უცნაური მიდგომები აქვს საერთოდ პროკურატურას, ერთის მხრივ იძახიან, რომ ეს ადამიანი როდესაც იყო თანამდებობაზე ფლანგავდა სახელმწიფო თანხებს და შემდგომში დღეს ეს მოქმედი თანამდებობის პირი ისევ მუშაობს და პროკურატურას რეაგირება ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ აქვს. შუამდგომლობაც არ შესულა სასამართლოში თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და ახლა საერთოდ საზღვარგარეთ უშვებენ,“ - ამბობს კახი კახიშვილი.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ პროკურატურა განმარტავს რითი არის გამოწვეული ასეთი დამოკიდებულება, სხვადასხვა ელიტარულ ბრალდებულებთან გვაქვს საქმე, თუ რა ხდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძეხვის ქურდს თუ დაიჭერენ არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებენ. მაგარამ, თუ ადამიანი თანამდებობის პირია, ან საერთოდ თუ წარმოადგეს უმცირესობის ინტერესებს ამ თანამდებობაზე, მაშინ ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღებია. სიმართლე გითხრათ ძალიან მაინტერესებს პროკურატურის განმარტებები ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.