ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს. გედევან ფოფხაძის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს. თუმცა, როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის აზრის არა პოლიტიკური თანხვედრა, არამედ საკითხისადმი სამართლებრივი დამოკიდებულება.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს - კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1-ელი სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს ეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.
პრეზიდენტი საკუთარ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები გაითვალისწინა, როდესაც კანონს ვეტო დაადო. რა შემთხვევაში შეიძლება მხარი დაუჭიროთ თქვენ პრეზიდენტის ვეტოს?
- ჩემი ინტერესია დროულად ამოქმედდეს ის ჩანაწერი, რომელიც გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა. შესაბამისად, თუ მხარდაჭერილი იქნებოდა ეს ცვლილება მაშინ ამოქმედდებოდა 1 სექტემბრიდან. როგორც კონსულტაციებით ჩანს, უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ვადა ნაადრევია და ცოტა უნდა გადაიწოს. შესაბამისად, თუ ვადა იქნება მარტო დავის საგანი, შეიძლება ვეტო ამის გამო არ იყოს გაზიარებული. შეიძლება შემოვიდეთ ცალკე პროექტით და მერე დავარეგულიროთ ეს საკითხი. ამ შემთხვევაში ჩემი პოზიციაა, რომ ადვოკატების ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად უნდა გავიზიაროთ. მე არ მაინტერესებს რა ფორმით მოხდება ამ ინტერესების გაზიარება, დავუჭერთ ვეტოს მხარს თუ ცალკე კანონით მოვახდენთ ცვლილებას. ვეთანხმები ადვოკატთა ასოციაციის შენიშვნებს. პოლიტიკური მოტივაციის გამო, ეს საკითხი არ უნდა გავხადოთ სადავო.
პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა ეხება მტკიცებულებების საკითხს...
-12 პუქტიდან 11 პუნქტი შეთანხმებულია, რომელიც ყველას მოსწონს და რომელიც არც პრეზიდენტს არ გაუხდია სადავო თავისი ვეტოთი. აქიდან გამომდინარე, ჩემი ამოცანაა, რომ ცვლილებები რომელიც სისხლის სამართლის პროცესში შევიდა მთლიანობაში არ დაზარალდეს. ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას ვეთანხმები და ამ პოზიციისთვის თანახმა ვიყავი ვეტოსთვისაც ხმა მიმეცა, ოღონდ ადვოკატთა ასოციაციის პოზიციის რეალიზაცია მიმხდარიყო. ეს ხომ ცოცხალი პროცესია, ჩვენ გამოვთქვით ეს მოსაზრებები, მაგრამ, ვიღაცას მიაჩნია, რომ არა ვეტოთი, არამედ ეს უნდა მოხდეს სხვა ფორმით. მთავარია, რომ ეს მოხდეს, მთავარია, რომ ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია იყოს გაზიარებული და სისხლის სამართლის პროცესში ეს აისახოს. ამიტომ ვამბობდი, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მომხდარიყო, რომ მაინცდამაინც პრეზიდენტის ვეტოა. თუ ეს ფორმა არ გვინდა გამოვიყენოთ, სხვა ფორმით მოხდეს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს...
- ეს აძლევს ადვოკატს უფლებას, რომ დააყენოს შუამდგომლობა და ამ შუამდგომლობით მიიღო ეს ეს უფლება. შეიძლება ეს ტექნიკურად ძალოვნებმა ვერ უზრუნველყონ, არის ასეთი პოზიცია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ უფლების რეალიზება შეიძლება იყოს პრობლემებთან დაკავშირებული. თუ 1 სექტემბერისთვის პრობლემაა ამის რეალიზაცია, მაშინ ეს უნდა მოხდეს 1 დეკემბერს, გნებავთ 1 იანვარს, მაგრამ უნდა მოხდეს, ამას ელოდება ადვოკატთა კორპუსი.
ანუ, თქვნი პოზიცია არის საკითხისადმი სამართლებლივი დამოკიდებულება და პოლიტიკურ თანხვედრაში არ მოდის პრეზიდენტის ვეტოსთან?
- რა თქმა უნდა. სწორედ ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენ პოლიტიკური ნიშნით ეს საკითხი არ უნდა განგვეხილა. აქ უნდა განგვეხილა ადვოკატთა ინტერესი. ობექტურად და სამართლებლივად რამდენად სწორი იყო საკითხის ასე გადაწყვეტა. ვეტოთი დაიძლევა ეს საკითხი, თუ რამე ცალკე კანონით, ამის პრობლემა არაა.
ეს საკითხი ხომ გახდება დაპირისპირების მიზეზი თვითონ უმრავლესობას შორის? უმრავლესობაში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციებია და ეს ფაქტია...
- ეს არის ცოცხალი პროცესი, კამათია. ვმსჯელობთ, ვიკამათებთ, ჩვენს განსხვავებულ პოზიციებს გამოვთქვამთ. ბევრი პიროვნებაა უმრავლესობაში, რომელსაც არ შეუძლია მექანიკურად იმოქმედოს. როცა ამდენი პიროვნება გყავს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში, მზად უნდა იყო, რომ კამათი იქნება. იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი მაქვს, ამიტომ ხომ არ უნდა გავჩუმდე? მე ვამბობ ჩემს განსხვავებულ აზრს და ამის გამო არავინ არ მსჯის და ეს არის კარგი.