„უნდა ვიცოდეთ, ავღანეთში ჩვენი ბიჭები რატომ დაიღუპნენ“

„უნდა ვიცოდეთ, ავღანეთში ჩვენი ბიჭები რატომ დაიღუპნენ“

საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებული დიალოგის ფონზე საკმაოდ მკვეთრი განცხადებები კეთდება რუსეთის როგორც ოფიციალური პირების, ასევე პოლიტოლოგების მხრიდან. სოფელ დიცთან რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ სადემარკაციო სამუშაოების დაწყების გამო, ქართული მხარის აღშფოთების საპასუხოდ, რუსებმა ჯერ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება შემოგვთავაზეს, ხოლო შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენის მომხრეა, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. რა ბედი ელის ორ ქვეყანას შორის დაწყებულ დიალოგს და შესაძლებელია, თუ არა ამ ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება, ამ საკითხებზე for.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრება.

- ზოგადად, ჩვენ არავისთან დიალოგის მოწინააღმდეგენი არ ვართ, დიალოგი უნდა გაიმართოს ყველასთან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდეს, ვიდრე დღეს არის, მაგრამ დიალოგს უნდა ჰქონდეს მიზანი და ის საერთო სტრატეგიულ გეგმაში უნდა ჯდებოდეს. ამასთანავე, დასახული უნდა იყოს სტრატეგიული გეგმა.

როდესაც ამ სტრატეგიული გეგმის შესახებ არავინ არაფერი იცის, როდესაც ამ საკითხზე საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი არ არის, როდესაც პრაქტიკულად არ არსებობს ორგანო, რომელიც კონცენტრირებას გაუკეთებს ამ დიალოგთან დაკავშირებულ იდეებს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება სერიოზული ეჭვები, თუ რას ემსახურება ეს დიალოგი და სულ მინიმუმ, გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, რაც დეფინიციებში იგულისხმება.

რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, თავისთავად ძალია კარგი ფრაზაა, მაგრამ ვინ რას დებს ამ დეფინიციაში? ადამიანთა ნაწილი ამაში გულისხმობს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, რა ბედნიერად ცხოვრობდა, როგორ ემსახურებოდა მშობლიურ საბჭოთა კავშირს და ა.შ. ვიღაცეებისთვის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ მოხდეს საქართველოს სრული და უპირობო დეოკუპაცია, რუსეთმა საქართველოდან თავისი ჯარები გაიყვანოს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისი აგენტურის მუშაობა შეაჩეროს, გათვალისწინებული იქნეს ორივე სახელმწიფოს ინტერესები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა მიღწეული.

ამიტომ, როდესაც დეფინიციებში და საერთო სტრატეგიაში არ შევთანხმებულვართ, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები და ყოველი არათანმიმდევრული ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ემოციების აღძვრას იწვევს და შესაბამისად, ბევრი გაურკვევლობა იქმნება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი - თუკი ჩვენ სოფელ დიცთან განვითარებული მოვლენები მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაბით და საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალებს (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნაციონალებსაც და „ოცნებასაც“) არანაირი ქმედება არ განუხორციელებიათ და ერთადერთი, რითიც რუსეთი შეაშინეს არის ის, რომ მომხდარის შესახებ დასავლეთს აცნობებდნენ, თუკი ასეთი სტრატეგია ამართლებს, მაშინ რატომ არ ვიყენებთ იგივე სტრატეგიას რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესატანად? რატომ ამ მიზნით არ ვიყენებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატს (სადაც ბევრი ისეთი სახელმწიფოა გაერთიანებული,რომლის მხარდაჭერაც გვექნება)? მაშინ რაში გვჭირდება დამატებითი ფორმატი აბაშიძე - კარასინის შეხვედრების სახით? ეს ყველაფერი უბრალოდ არალოგიკურია.

საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება მესამე თუ მეოთხე დღეს აკეთებს განცხადებას და თან ამბობს, რომ ჯერ უნდა დაადგინოს, ეს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, თუ რომელიმე ჩინოვნიკის. ამავე დროს, ამ მოვლენებიდან სულ რამდენიმე დღეში რუსეთის ხელისუფლებს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს და აქედან მთელი ხელისუფლება ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს იმის გამო, რომ რუსეთმა საქართველოს ამ ფორმით თანამშრომლობა შესთავაზა და ამბობენ, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სერიოზული რესურსია. ამდენად, რაც რუსეთს სჭირდება, იმისთვის პიონერული სულისკვეთებით („ვსეგდა გოტოვ“) მზად ვართ, ხოლო რაც ჩვენს ინტერესებს ემსახურება, იმასთან დაკავშირებით, ყოველთვის უნიათოდ გამოვთქვამთ ჩვენს პოზიციებს, თითქოს, ბოდიშს ვიხდით - გვაპატიეთ ბატონო, საქართველოს ინტერესების დასაცავად რაღაც მაინც უნდა წავილუღლუღოთო.

ეს არათანმიმდევრულობა აშკარად იკვეთება და სასურველია, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს კონკრეტული ქმედებების გეგმა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, იყოს გაცხადებული.

ბატონო მამუკა, დიცის მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სადემარკაციო სამუშაოები 2008 წლიდან მუდმივად მიმდინარეობს და ეს თემა არახალია, თუმცა საკითხი აქტუალური უკანასკნელ პერიოდში გახდა და თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

- შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ეს პროცესი უკვე 2-3 საუკუნეა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც მთავარმართებელმა კნორინგმა 1802 წელს პირველად იხმარა ტერმინი „სამხრეთის ოსები“. ამის შემდეგ გეგმაზომიერად დაიწყეს იქ ოსური ეთნოსის ჩასახლება, შემდეგ კომუნისტებმა იქ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მოგვიანებით კი სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია შექმნა. ამდენად, ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, რომ რადგან ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, მორიგი მცოცავი ოკუპაციის ფაქტზე რეაგირება არ მოვახდინოთ? კიდევ მივცეთ საშუალება, რომ საოკუპაციო ხაზმა თურქეთის საზღვამდე გადმოიწიოს?

სწორედ ამაში ვლინდება საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულობა, როდესაც ის არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა დაცულად იგრძნონ თავი. აქ არ არის საუბარი ისტერიკაზე, შეურაცხყოფაზე, ომის დაწყებაზე, მაგრამ ხომ შეგვიძლია სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგათ? ხომ შეიძლება მოძალადეს, რომელმაც გუშინ გაგვლახა, დღეს არ ვუთხრათ, რომ იცი რა, ძალიან გვჭირდება და მოდი ჩვენი ღვინო შენს ტერიტორიაზე შეიტანე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია იმაზე, რომ ეს საკითხები იქნეს განხილული.

თუნდაც ყოფითი სიტუაცია ავიღოთ, როდესაც კაცი გაგლახავს და მეორე დღეს შენ მასთან ფულის საშოვნელად მიხვალ, ეს შენი ღირსების შეურაცხყოფაა. ხომ შეიძლება თუნდაც მცირე ხნით მკაცრი პოზიცია დაიკავო და რაღაც ურთიერთობებზე უარი თქვა? მრავალი ფაქტი ვიცით იმისა, რომ არათუ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობას, არამედ მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ კონფლიტს ცხელი და ცივი ფაზები ახასიათებს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა ლამის ატომური ომით იმუქრებოდა, მაგრამ დღეს სამხრეთ კორეელებთან მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, თუმცა ასეთი გართულებულ ვითარებაში მეორე მხარეს არ უნდა აგრძნობინო საკუთარი სისუსტე და მსუნაგობა და არ უნდა აჩვენო, რომ რაღაცეების დათმობის ხარჯზე გარკვეულ კომერციულ საკითხებზე მოლაპარაკება შეგიძლია.

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სცენების დამპყრობმა ქართულმა ანსაბლებმა რუსეთის რომელიღაც დარბაზში გამოსვლის დროს ბედნიერად არ უნდა იგრძნონ თავი. თუკი რუსეთი დამპყრობელია (და ამაზე ყველანი შეთანხმებულები ვართ), მაშინ დამპყრობელთან ურთიერთობის ეტიკური ნორმების კოდექსი გვაქვს აუცილებლად შესამუშავებელი. ელემენტარულად საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც გადასვლა არ შეიძლება და ნებისმიერი მოქალაქისგან ამ ხაზზე ფეხის დაბიჯება მთელი სახელმწიფოს ინტერესების იგნორირებად ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებში ეს ცხელი ფაზები არაერთხელ ყოფილა, მაინც ვერ დავდექით იმ სიმაღლეზე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები წინა პლანზე წამოვწიოთ.

ჩვენ ეს გვჭირდება არა მხოლოდ რუსეთისთვის საჩვენებლად, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენმა ერთადერთმა პარტნიორმა, დასავლეთმა, რომელიც გარკვეულწილად რუსეთის შემაჩერებელი ფაქტორია, არ იფიქროს - მე რატომ გავირთულო ურთიერთობა რუსეთთან, როდესაც თავად ქართველები მას რაღაც ორი კაპიკის გამო რაღაცეებზე ევაჭრებიან და ონიშენკოს შეურაცხყოფებს იტანენო. როდესაც ონიშენკოსნაირი მეათეხარისხოვანი ჩინოვნიკის მხრიდან ასეთ შეურაცხყოფას იტან, დასავლეთი ამას თავის პოლიტიკაში ითვალისწინებს და ერთხელაც იტყვის, თუ საქართველოს თვითონ არ უნდა საკუთარი ინტერესების დაცვა, მე თავი რატომ უნდა მოვიკლაო. ეს პრობლემა რეალურად არსებობს და წლების განმავლობაში საქართველოში „პარაჟენცულ“ დამოკიდებულებას და ნიჰილიზმის დამკვიდრებას იწვევს.

თქვენ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში რბილი პოზიციის გამო აკრიტიკებთ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ აქამდე რუსეთთან და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან არანაირი ურთიერთობა არ არსებობდა და ახლა ეს კომუნიკაცია შედგა. აღსანიშნავია, რომ პუტინიც გამოთქვამს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის სურვის, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აღიარებას უკან არ წაიღებს. ასეთ ფონზე, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ ურთიერთობების დასალაგებლად?

- პირველი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, არის საერთო სტრატეგიის შემუშავება. ეს ხომ ახალი პრობლემა არ არის, საქმე გვაქვს რუსეთთან ურთიერთობის მინიმუმ 400-წლოვან ისტორიასთან. უნდა გავაკეთოთ ანალიზი და ამ ოთხასწლიან ისტორიაში ჩვენ შეგვიძლია საქართველოსთან ურთიერთობაში რუსეთის ინტერესები შევაფასოთ. თითქმის 100%-იანი ალბათობით შეგვიძლია დავადგინოთ, რა მოტივები ამოძრავებს და რა მეთოდებით მუშაობს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში. ამაზე ძალიან ბევრი გვიფიქრია და ამ საკითხზე ძალიან ბევრი დოკუმენტებიც შეგვიქმნია იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთს ჰქონდა ერთადერთი ინტერესი - იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, არ შექმნილიყო სახელმწიფო. ყველა ეპოქაში რუსეთი ამისთვის ყველაფერს აკეთებდა და იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო საკუთარი ინტერესებისთვის „ჩაეყლაპა“. ეს დაიწყო ჯერ კიდევ ერეკლეს დროს, როდესაც საქართველოს ინტერესების დაცვის საკითხში რუსეთმა საქართველოს ჯარი მიატოვა, ხოლო მას შემდე, რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ქართული მხედრობა თურქეთთან ბრძოლაში რუსეთის ინტერესებისთვის იყო გამოყენებული. აღარაფერს ვამბობ იმ ხელშეკრულებების დარღვევაზე, რომლებიც რუსეთთან იყო დადებული, როგორებიც იყო გეორგიევსკის ტრაქტატი, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. ყველამ ვიცით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

ასეთმა დარეგულირების მცდელობებმა საქართველო 1921 წლის 25 თებერვლამდე მიიყვანა. ეს მწარე გამოცდილება ჩვენ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლება თავის სიმართლეში დარწმუნებულია, თუ თავისი გზის სისწორეში და საქართველოს მიმართ თავის კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულია, მოდით, ამ თემებზე ფართო დისკუსია გავშალოთ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენი არგუმენტების საწინააღმდეგოდ წონად არგუმენტებს მოიყვანენ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ხედვებს გადავხედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი არგუმენტების მოყვანაც შეგვიძლია.

ვინაიდან ეს არ ხდება საჯარო სივრცეში, არ ხდება ღია კონსენსუსის მიღწევის ფორმით, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების დასარეგულირებლად მზად არ არის და თავად სიტყვა დარეგულირებაშიც რაღაც სხვა მოტივები იჩენს თავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქმა უნდა, კარგია დიალოგი ყველასთან,  მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, ამ დიალოგის შედეგად რის მიღწევას ვაპირებთ.

პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა, ოღონდ - უკან წაღების გარეშე. ამის ფორმულა ერთადერთია, ეს არის კონფედერაციული საქართველო, რომლის ერთიანობის გარანტიაც იქნება რუსეთი. სწორედ ეს უნდა პუტინს და მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს პრობლემებს იმიტომ უქმნიან, რომ ჩვენ ხვალ ფორთხვით მივიდეთ რუსეთთან და ვუთხრათ, რომ უარს ვამბობთ ჩვენს სუვერენიტეტსა და დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში ჩვენს ინტეგრაციაზე და რუსეთს ვთხოვთ, გვიბოძოს კონფედერაცია მისი გარანტიით. ასეთ შემთხვევაში რუსეთი ჩვენთან იმეგობრებს.

ბატონო მამუკა, რუსებმა ევრაზიული კავშირიც შემოგვთავაზეს. მოგეხსენებათ, დიცთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსმა პოლიტოლოგებმა გვითხრეს, რომ იმისათვის, რათა აღარ გვქონდეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების პრობლემა, უნდა გავწევრიანდეთ ევრაზიულ კავშირში

- ეს სწორედ კონფედერაციის შემდეგ უნდა მოხდეს, თორემ კონფედერაციის გარეშე, ცალ-ცალკე სახელმწიფოებად ევრაზიის კავშირში შესვლა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე პირდაპირ უარის თქმას ნიშნავს. ამიტომ, უფრო მარტივი და რბილი ფორმაა კონფედერაცია,  სწორედ ამას ითხოვს რუსეთი და გეგმაზომიერად მივყავართ აქეთ. ამ ფონზე კი ჩვენ ვამჯობინებთ, რომ ასეთ ძირეულ პრობლემებზე არ ვისაუბროთ და დიალოგი რუსეთთან გავმართოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ამასთანავე, ისიც კი არ გვაქვს დადგენილი, რუსეთში ქართული პროდუქციის გატანის შედეგად რა მოგება უნდა მივიღოთ და გვიღირს თუ არა ამის გაკეთება საერთოდ. აღსანიშნავია, რომ ძალიან საეჭვო გარიგებების შედეგად დგინდება იმ კომპანიების სია, რომლებსაც რუსეთში თავისი პროდუქციის გატანა შეუძლიათ, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა და ახლა ამაზე არ შევჩერდები.

ბატონო მამუკა, საკმაოდ პრობლემურია ასევე ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის თემა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ავღანეთში მყოფ ქართველებზე მომხდარ თავდასხმას უკვე ორჯერ მოჰყვა მსხვერპლი, ქართულ საზოგადოებაში ძალიან მწვავედ დადგა საკითხი - უნდა მონაწილეობდნენ თუ არა ქართველი სამხედროები ავღანეთში ISAF-ის მისიაში. გასათვალისწინებელია მოსაზრებაც, რომ ხელისუფლება აღვანეთიდან ქართული სამხედრო შენაერთების გამოყვანას ვერ დაიწყებს, რადგან ეს მისია ისედაც დაახლოებით ერთ წელიწადში მთავრდება და ამასთანავე, ეს რომ მოხდეს, ჩაითვლება, რომ საქართველოში პრორუსული ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და დასავლეთისკენ ქვეყნის სწრაფვაზე უარი თქვა. ამ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?

- უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ ადგილზე უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი ზომები უნდა გაატაროს. ეს რომ ღია სამხედრო ოპერაციის დროს მომხდარიყო, ომში ყველაფერი ხდება და დაცული არავინ არის, მაგრამ ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა ბაზაზე. ამდენად, ბაზა არ იყო დაცული ისე, რომ იქ მყოფი სამხედროების უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს უკვე სულ სხვა თემაა და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მიზეზით დაიღუპნენ ქართველი სამხედროები იმ ადგილას, რომელიც ავღანეთის მასშტაბით ყველაზე დაცული ტერიტორია უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ავღანეთის მისიაში ჩვენი ჯარების მონაწილეობას, აქაც თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. მივისწრაფვით რა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, გარდა ISAF-ის მისიაში მონაწილეობისა, სხვა პარამეტრებიც უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს არის ჯანსაღი და ღია საჯარო სივრცე ქვეყანაში, დემოკრატიული გარემო, ადამიანის უფლებების დაცვა, რეალური თვითმმართველობა, არჩევნების სამართლიანობა და ა.შ. თუ ეს ქმედებები კომპლექსში არ იქნება განხორციელებული, დასავლურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობის ხარჯზე ხდება დანარჩენი ამ სეგმენტების უგულებელყოფა და თითქოს მხოლოდ ISAF-ის მისიაში მონაწილეობით მიგვიღებენ ნატოში.

ამის გამო ნატოში არ მიგვიღებენ და მრავალი ქვეყანა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რომლებსაც ISAF-ის მისიაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ნატოს წევრები მაინც გახდნენ. ავღანეთის მისიაში მონაწილეობის პარალელურად, თუ საქართველოში ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული დემოკრატიული პროცესები არ განხორციელდა, ნატოში არ მიგვიღებენ და ეს ბლეფი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიშიფროს. როგორც ჩვენი ბიჭები ავღანეთში თავიანთ მოვალეობას პირნათლად იხდიან და ამისთვის მსხვერპლიც გაიღეს, ასევე ჩვენც ვალდებულები ვართ ჩვენს საქმეში ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ბიჭების მიერ გაღებული მსხვერპლი სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ გიორგი მე-11 ავღანეთში იბრძოდა, ნუ დაგვავიწყდება ის გარემოება, რომ საქართველოში ამ დროს აღმშენებლობა მიმდინარეობდა. ამიტომაც გიორგი მე-11 თავისი სისხლით საქართველოს აყვავებას უწყობდა ხელს, მაგრამ ამის პარალელურად ქვეყანაში რომ ეს პროცესები არ განვითარებულიყო, როგორც სხვის ომში მამლუქად მებრძოლი ბევრი ქართველი დღეს არავის ახსოვს, ასევე იქნებოდა მივიწყებული გიორგი მეთერთმეტეც.

ამიტომ, დღეს ამ ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად საჭიროა, ჩვენც გავანძრიოთ ხელი, ქვეყანაში პროცესები სწორად წავიყვანოთ და მაშინ მათი დაღვრილი სისხლი, საქართველოში დაღვრილი ოფლი, შრომა, ბრძოლა, სწავლა, მოგვცემს იმ რეზულტატს, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას აქვს დეკლარირებული - ინტეგრირება საერთაშორისო ცივილიზებულ სამყაროში. მაგრამ თუ ჩვენ ამ მეორე ნაწილს არ შევასრულებთ, გამოდის, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობა გაიგივებული ხდება მსხვერპლან, სისხლის დაღვრასთა, გარყვნილების პროპაგანდასთან, არაქართული ღირებულებების დანერგვასთან და ბუნებრივია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დასავლეთის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.

ქართულ საზოგადოებას ჩვენ არ ვეუბნებით, რომ დასავლეთი ჩვენგან ითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, რეალურ თვითმმართველობას, კონკურენტული გარემოს არსებობას და ა.შ. ამ ყველაფერს ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ და წინა პლანზე გამოგვაქვს ისეთი თემები, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ საზოგადოების ამ ნაწილში დგება ასეთ არჩევანი - დაღვრილი სისხლი და გარყვნილება, თუ ისევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში ცხოვრება.  საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველს.

ამიტომ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ხდება მოსახლეობის განწყობის დასავლეთდან რუსეთისკენ შებრუნება. ამის საწინააღმდეგოდ კი შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული და მათი აღსრულება უნდა მოხდეს. საამისოდ კი აუცილებელია შეიქმნას ჯანსაღი, პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი გარემო, იდეათა ჭიდილში უნდა განხორციელდეს ქვეყნის აღმშენებლობა და არა გარკვეული პიროვნებების პოლიტიკურ კინკლაობაში და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დავხარჯოთ ენერგია.