დონაძის და ფირცხალავას წინააღმდეგ FBI-მ შუალედური დასკვნა დადო

დონაძის და ფირცხალავას წინააღმდეგ FBI-მ შუალედური დასკვნა დადო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსგან უკვე მიიღო დასკვნა იმ ვიდეომასალის ექსპერტიზისა, რომელიც რობაქიძის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ ექსპერტიზისთვის ამერიკის ფედერალურ ბიუროს გადაუგზავნა. დღეს პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულებს, მათ შორის, გურამ დონაძეს ბრალი დაუზუსტდათ. ბრალდებულ გურამ დონაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

მთავარმა პროკურორმა FBI-დან მიღებული შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში, FBI-დან მიღებული შუალედური დასკვნის მიხედვით, ათეულობით მონტაჟის ფაქტი იკვეთება. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, არ შეიძლება აღნიშნული ვიდეომასალა გამოძიებისთვის ხარისხიან ინფორმაციად ჩაითვალოს.

„ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალაზე FBI-ის მიერ მიღებული შუალედური დასკვნის მიხედვით, რამდენიმე ათეული მონტაჟის კვალი შეიმჩნევა. ეს არის შუალედური დასკვნა FBI-სგან პროკურატურა საბოლოო დასკვნას ელის, რომელსაც სასამართლოს გადასცემს და ყველასთვის საჯარო იქნება. წესით, არ უნდა იყოს აღნიშნული მასალა მტკიცებულებად მიღებული და შინაარსობრივი ხასიათის დასკვნების გაკეთება არ უნდა მოხდეს,“ - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე. დონაძე ირწმუნება, რომ FBI-ს დასკვნაში წერია, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებული მასალა, რომელიც მოიპოვა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მონტაჟი არ არის.

დონაძის თქმით, FBI-ს შუალედურ დასკვნაში, რომელიც ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაზე ჩატარდა, წერია რომ კადრების წყვეტა არის კამერის ზემოქმედების შედეგი, რაც ნიშნავს, რომ ოპერატორი იღებდა ერთ რაკურსს, შემდეგ გადაინაცვლებდა და იღებდა მეორე რაკურსს. დონაძის განცხდებით, ეს ნიშნავს რომ კადრები დამონტაჟებული არ არის. 

„ჩვენ გავაგზავენთ ვიდეომასალა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, ასევე რუსეთსა და ამერიკაში და  კვლევები, თითქმის, იდენტურია. დღეს გამოჩნდა, რომ გამოძიება აგებულია იმ ჩვენებების მიხედვით, რომელიც მისცეს პატრულებმა, ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა და ა.შ. ჩვენებების სიმყარე განიხილება სასამართლოზე, რომელიც 28 ივნისს არის ჩანიშნული. მიხარია, რომ საქმე წავიდა სასამართლოში და აღარ გადაიდება“, - განაცხადა გურამ დონაძემ. 

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ამბობს, რომ გურამ დონაძემ და ირაკლი ფირცხალავამ ვიდეოკადრები მიზანმიმართულად გაავრცელეს.

„დროის მოგება უნდოდათ. ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე იძახდნენ, რომ სასამართლო ჩატარებულიყო. სასამართლო გადავადებინე იუსტიციის საბჭოს შეკრებამდე. დღეს სასამართლოში საქმე არაა ისე, როგორც მაგათ ჰგონიათ. ეს კადრი იყო მონტაჟი და ეს არის დონაძის გაკეთებული, ამის მოწმეც არსებობს, თავისი პროდუსერი რომელიც მუშაობდა დონაძესთან ერთად.

ეგონათ, რომ ეს კასეტა ამერიკაში არ გაიგზავნებოდა, მაგრამ გაიგზავნა და რა პასუხიც მიიღეს ყველამ იცით. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ხალხს დაიჭერენ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, გიორგი ღვინიაშვილს, გურამ დონაძესა და ირაკლი ფირცხელავას. დაუსწრებლად გაასამარათლებენ ზურაბ ადეიშვილს. ტვინში სისხლი ჩამიქციეს ამათმა სამი თვის განმავლობაში თავიანთი ფალსიციფირებული კასეტით. ამაზეც უნდა აგონ პასუხი,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო რობაქიძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გიორგი ქურდაძის სასარგებლოდ პროკურატურას 5 500 ლარის გადახდა დაეკისრა. ქურდაძის ინტერესების დამცველის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც ცნობილია, გიორგი ქურდაძეს ბრალი ცოტა ხნის წინ მოეხსნა და მან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს მიმართა.

გიორგი ქურდაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს მის მეგობრებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მას ბრალი ჰქონდა წაყენებული იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქურდაძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად მოუხსნა.