ქართველი დიპლომატის რისხვა - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ქართველი დიპლომატის რისხვა - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

 ახალი წლების სიხარული და ტაშ–ფანდური ვიღას ახსოვს, როდესაც ხე ხეს აღარა ჰგავს და მდინარე - მდინარეს. თუკი საქართველოსათვის ჩრდილოეთიდან ადრე “მზე ამოდიოდა“ ახლა მზის ნაცვლად კბილებამდე შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები ჩამოდიან და აფხაზეთის მიწაზე ბატონკაცურად დააბოტებენ. ჩვენ კი, როგორც წესი, მხოლოდ “უკიდურეს აღშფოთებას“ გამოვთქვამთ და მუშტების მოღერებით შემოვიფარგლებით.

 

არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ რუსულენოვან პოლიტიკურ ვებ-გვერდებზე ძრომიალი მავნებელია საშუალო სტატისტიკური ქართველის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ქართული ინტერნეტფორუმების ბევრი მომხმარებელი კავკასიური სიჯიუტით მაინც შედის უამრავი ნაბოდვარით სავსე საიტებზე და ამის შედეგად ქართულ ფორუმებზე ასეთ რამეებს წერენ:

 

Ebbe: ”აზერებს თურმე ჩამოყავთ 500 ავღანელი მუჯაჰედინი საქართველოს დასახმარებლად, აგრეთვე ავღანეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით იგეგმება იარაღის შემოტანა. და ილჰამ ალიევი ათავისუფლებს 2000-მდე პატიმარს ციხეებიდან და ნეხევარზე მეტს აგზავნის საქართველოში საომრად”.

 

აბა, განა ეს სრული აბსურდი არ არის? აზერბაიჯანელი პატიმრებიღა გვაკლია სწორედ. ჩვენი ცოტა გვყავს თუ როგორაა საქმე?

 

ბ-ნო მიხეილ! ერთი მოიხედეთ აბა აქეთ, თუ შეიძლება...

 

didou nana: “ცოტა ბრაზიანათ ვწერ ახლა და იმედია არ დამიჭერს არავინ.

გწერთ პირადად თქვენ, მიხეილ, რადგან თქვენს მიერ ინიცირებული მრავალი "ლამაზი" და "კეთილი" იდეის გამოძახილი ვნახე ახლა, აგერ 5 წუთის წინ.

 

კერძოდ, ინგლისურის ლამის მეორე სახელმწიფო ენად შემოღებაზე ვსაუბრობ, ბ-ნო. ზოგადად იდეა კარგია, ენის ცოდნა არ შეიძლება ცუდი იყოს, მარა ამ იდეამ, ამ საზოგადოდ გაპიარებულმა იდეამ ძალიან დამაფიქრა და აი რატომ. ამ წუთას მოვარდა ერთი აღშფოთებული დიპლომატი, რომელიც ილანძღებოდა. ხმაურზე გავედი და ვცადე გამერკვია რა ხდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და, მანქანის თუ რაღაც განბაჟება სჭირდებოდა და ვერავის გააგებინა, რადგან დეკლარანტებმა არ იცოდნენ ინგლისური, ან სათანადოდ არ იცოდნენ.

 

ბ-ნო მიხეილ, რა ბებიამათისა უნდა ამ ხალხს? რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას? ვისი "გაბლატავებულია" ხალხი? შემთხვევით ჩვენი ტოლერანტი და ხელგაშლილი ხელისუფლების ხომ არა?“

 

ზოგიერთი დიპლომატის გონებრივი მონაცემები შეშფოთებას იწვევს. როცა ცდილობ აუხსნა მუსლიმური სამყაროს ზოგიერთი თავისებურებანი და ავღანეთში და ერაყში დაშვებულ შეცდომებზე მიუთითო, ჭკვიანი სახით ამბობენ, ჩვენთან მაგაზე მთელი ანალიტიკური ჯგუფები მუშაობენ და თქვენზე უკეთ ვიცით როგორ მოვიქცეთო...  

 

ფორუმული ინტერვიუ არარსებულ ექსპერტთან, ბატონ ბ. ღლონტთან.

 

benjamen glonti: “ამდენი ექსპერტი რომაა საქართველოში რით ვარ მე, მაგალითად მათზე ნაკლები? მზად ვარ გავცე პასუხი კითხვებზე საჭირბოროტო თემების ირგვლივ. აი ასე მაგალითად:

 

ბატონო ექსპერტო, იქნება თუ არა თქვენი აზრით ომი კავკასიაში?

- არ იქნება. თუ თქვენ რუსეთის სლავ და არასლავ მოსახლეობის დაპირისპირებას გულისხმობთ, მისი ეპიცენტრი შუაგულ რუსეთის ქალაქებია და არა კავკასია. კავკასიაში ომი მოსალოდნელია მხოლოდ როგორც ალტერნატივა მოსკოვ-პეტერბურგის ქუჩებში ომისა და მას რუსეთის მმართველი რეჟიმი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს.

 

აბა ის ყოელდღიური ცნობები რომლებიც მოგვდის კავკასიაში საბრძოლო მომქმედებებისა და ტერაქტების შესახებ რა არის?

- ეს უფრო შიდაკავკასიური "სამოქალაქო ომია", რომელშიაც მოსკოვი ერთ ერთ მონაწილეს მხარს უჭერს

 

განა ეს მონაწილე მოსკოვის მარიონეტული კოლაბორაციული რეჟიმი არ არის?

- ძალიან პირობითად. კავკასიის რეგიონები დღეს ბევრად ავტონომიურები არიან ვიდრე საქართველოდან გვეჩვენება. მოსკოვი მათ შიდა საქმეებში თითქმის არ (ვერ) ერევა. დოტაციური თანხების გადანაწილებასაც ვერ აკონტროლებს. ჩეჩნეთი და დაღესტანი დღეს უფრო მეტად არიან "დამოუკიდებელი სახელმწიფოები", ვიდრე ბაღაფშის აფხაზეთი და მით უმეტეს კოკოითის "იუჟნაია ასეწია".

 

მეც მაქვს ერთი პატარა შეკითხვა ბატონ “ექსპერტთან“: ბატონო ექსპერტო, როდის ვიხილავთ უკრაინასა და ალასკას შორის ერთ დიდ, ვეება ოკეანეს?

 

ცოტა ხნის წინ, წინ ჯორჯ სოროსმა ცნობილი იტალიური საფეხბურთი კლუბ “რომას“ რამდენიმე აქცია კიდევ შეიძინა. იტალიელებმა ალბათ არ იცოდნენ სოროსისადმი ქართველი ფორუმელის, ლიცემერ-ის დამოკიდებულება, თორემ მილიონერს გუნდს ალბათ ცოცხალი თავით არ მიჰყიდიდნენ. 

 

“სოროსი კვლავ ჩვენთანაა! "მრავალრიცხოვან" ეგზემპლარად კლონირებული, აწ უკვე “რესპად“ მონათლული. ლენინი კვლავ ჩვენთანაა და თავისი ერთგული მოწაფის, უსუფას პირით მოკითხვას გვითვლის მავზოლეუმიდან. ჯაბა, კიტოვანი და სიგუა-კვლავ ჩვენთან არიან და ჯანყისკენ მოგვიწოდებენ, ლევან "გაერთიანებოვიჩის" პირით.

 

მოკლედ: ბერიაც აქ არის, ქობულოვიც, თვით სტალინიც აქაა და გახელებული ჩაჰკირკიტებენ საქართველოს განადგურების გეგმას. იუზერები! ისე დაძრწის იუდა, რომ არაფრის არ რცხვენია. თინათინიკოსებო, ლევანბრძენისტებო, გაერთიანებულოვიჩებო. იუდა გვიწყობს მწარე გამოცდას და გადასარევ ხასიათზეა. აზრზე მოდით სანამ დროა!“.

 

“საქართველო გადარჩება?“ ეს ისტორიული სიტყვები ფორუმებზე კვლავ ძალაშია.

 

ზაზა2000: “მოკლედ, როგორც ვხედავ, ბებერი ევროპა კარგად მოერგო რუსულ “ტრუბას“ და არც საქართველო და არც არანაირი დემოკრატიული პროცესები არ აწუხებს, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, სულ ფეხებზე ჰკიდია (რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის). რეალობა ასეთია, რომ ჩვენ ჩვენსავე თავს თუ არ მივხედეთ უარესი მოგვივა. ბებერი “პრასტიტუტკების“ (ევროპა) იმედზე ყოფნა მე იდიოტობად მიმაჩნია, არაფერს აღარ ვამბობ იმ უზარმაზარ იმპოტენტ წარმონაქმზე, რასაც “გაერო“ ჰქვია. ხოდა აი ჩემი შეკითხვაც: რა უნდა მოვიმოქმედოთ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?“.

 

და მართლაც რა ვქნათ? ომი არ გამოდის. ასეთ მშვიდობას მშვიდობა არ ჰქვია და ოჟიოელი მკითხავიც სამი წლის წინ მოკვდა...

 

წინა კვირას ერთ-ერთ ფორუმელს ინტერესებდა, თუ სად ქრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადარიცხული ფული.

 

“2 წლის წინ, ლამის მთელი ჩემი უბანი რეზერვში წაასხეს. რომ ჩამოვიდნენ, ყვებოდნენ, ეს რა იყო, კაცო, ერთი ტყვია არ გვასროლინეს და ერთი თეორიული მომზადება არ გაგვავლევინესო... არც კი გვარბენინესო. ჩავედით, მოგვცეს ფორმები, იარაღი, სუფთა თეთრეული და 13 დღის განმავლობაში ჩვენს საქმეს მხოლოდ კვება (ხარისხიანი), ძილი (ასევე ხარისხიანი) და მინდორში პოზიორობა წარმოადგენდაო. ჰოდა, მიშა და კეზერ, რაში ხარჯავთ ჩემს ფულს, რომელიც კეთილსინდისიერად შემაქვს (გადასახადების სახით) ჩემი ქვეყნის ბიუჯეტში? იმაში, რომ ჩემმა მეზობლებმა გომბორის მინდორში სურათები გადაიღონ და კატლეტი ჭამონ?“.

 

ამ თემის მე ვერაფერი გავიგე... რეზერვში ნამყოფი ნაცნობების ერთი ნაწილი ზედმეტად ბევრ წვრთნებს უჩიოდა, მეორე ნაწილი კი, სრულ უსაქმურობაზე წუწუნებს.

 

გახსოვთ “მამადუდ“ წოდებული გივი გუმბარიძე? შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ გუმბარიძეს ფორუმელი ლილიკო საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატ მმართველად მიიჩნევს. ოღონდ სერიოზულად...

 

“რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, გივი გუმბარიძის ხელისუფლება მართლაც საქართველოს ერთადერთი დემოკრატიული მმართველობა იყო.

რა მაძლევს ამის განცხადების საშუალებას? წამყვანი პოლიტოლოგების აზრით, ხელისუფლების დემოკრატიულობის ერთადერთი ჭეშმარიტი დადასტურება არის მისი მის მიერვე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხება და ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლა. საქართველოს არ ჰყოლია არცერთი მმართველობა, გარდა გივი გუმბარიძის ნახევრადკომუნისტური ხელისუფლებისა, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.

 

ყველა სხვა მმართველს ან არ დასცალდა საკუთარი დემოკრატიულობის არჩევნების გზით დადასტურება, ან მათ არჩევნები არ წაუგიათ (მნიშვნელობა არა აქვს, თუ რატომ). საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში გივი გუმბარიძის ხელისუფლებამ პირველად ჩაატარა ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, სამწუხაროდ, უკანასკნელიც აღმოჩნდა - ჯერჯერობით“.

 

ამას წინათ წიგნი მათხოვეს, სადაც მავანი რუსი “ისტორიკოსი“ ამტკიცებდა, რომ “ხრუშოვი უდავოდ დემოკრატი და ჰუმანისტი“ ადამიანი ყოფილა. თუ ხრუშოვი შეიძლება ჰუმანისტი იყოს, ვითომ რატომ ვერ იქნება გუმბარიძე დემოკრატი?

 

მთელი მსოფლიო შეძრა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში თურმე შაურმის გაყიდვა აუკრძალავთ. დადიან ახლა მთელს რუსეთში შაურმის გამყიდველები და წუწუნებენ: რას გვიშვება ეს მედვედევიო...

 

მალმიო: “ხალხო, შაურმა რუსეთის მსხვილ ქალაქებში თითქმის აიკრძალა. სტაფილოკოკებით და ათასი ჯანდაბა აღმოაჩინეს. ნუ იკლავთ თავს მაგის ჭამით. თუ ვინმეს გინახიათ, რომ თვითონ გამყიდველს ან შიგნით მყოფს ეჭამოთ ეს შურმა? პირადად მე დავაკვირდი “მორკინალთან“ არსებულ შაურმას. ღამე როცა იკეტება ის ხორცი ისევ ისე დევს და რა დადის ზედ და ან როგორ ინახება ან საერთოდ რა ხორცს გვაჭმევენ, ღმერთმა იცის.

 

და კიდევ ერთი: მოერიდეთ თურქულ კიტრს და პომიდორს. ჩემი მეგობარი სარფში მუშაობს და ის მიყვება, რომ თვითონ თურქები არ ჭამენ ამ პომიდორს და კიტრს საერთოდ არ ეკარებიანო. გადადიან თურქეთში და სულ სხვა პომიდორი და კიტრი გადმოაქვთო... დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ“.

 

რა უნდა განვსაზღვროთ შე დალოცვილო? საქართველოში სოფელში გლეხი აღარ დარჩა და ქართული პომიდორი თავისით ნამდვილად არ ამოდის.

 

პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ თავის ამბავში რეკლამა ყველას სჭირდება.

 

“ვარ ფინანსურად უზრუნველყოფილი. ბრედ პიტის ანალოგი გარეგნობის მქონე ბიჭი. მყავს ავტომობილი. მაქვს საკუთარი სახლი. ვარ ყველაზე საყვარელი და გავიცნობ ახალგაზრდა გოგოს “სმს“–ით მიმოწერებისათვის, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს შემდგომში უფრო სერიოზულ ურთიერთობაში... ტელეფონზე ლაპარაკში...“

 

საზოგაროებრივ ტრანსპორტში ფრიად უსიამო სუნი რომ იდგა და “სკამების დამჭრელთა სექტა“ რომ მოქმედებდა, ეგ ვიცოდი, მაგრამ რა ვიცოდი, თურმე ამაზე უარესი რაღაცეებიც ხდებოდა.

 

ბოხო21: “ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საშიში ყოფილა გოგოებისათვის. პირადად მე ავტობუსში, მეტროში და მარშუტკაში რაღაცეები შემემთხვა. გოგოებო, (ან შეიძლება ბიჭებოც) თქვენც მოგსვლიათ რამე ასეთი?

 

მაგალითად: ერთ ბიჭს ერთი ცისფერი "აბამდა" მეტროში, მე კიდევ უარესები დამემართა. ერთხელ ერთი კაცი ამეკიდა ძაან უშნოდ. ავტობუსიდან ძლივს მოვიცილე. ერთმა ესკალატორზე ასვლისას უბრალოდ "ხელი გაიქნია" ცუდი მიმართულებით, “მარშრუტკის“ მძღოლსაც უხერხულად "დაუვარდა" ხელი ჩემ ფეხზე. რა ხდება ხალხო? არ თქვათ შენი ბრალია, შენ იწვევო... არანაირ გამომწვევად არ მაცვია. ძაან ჩვეულებრივად მაცვია და ჩვეულებრივად ვიქცევი“.