საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლოა, სასარგებლო არ იყოს.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლების პრინციპი უზრუნველყოფილი იყოს. მნიშვნელოვანია, კანონპროექტების განხილვა და მიღება, მაგრამ შესაძლოა, არ იყოს სასარგებლო ამ ნაბიჯების სწრაფად გადადგმა იმის გააზრების გარეშე, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, საქმე ეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა და რომელსაც პარლამენტი იხილავს. კანონპროექტის მიხედვით, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აურზაური სულ ტყუილად არის ატეხილი, რადგან მისი თქმით, სანამ ამ ცვლილებების პარლამენტში ინიცირება მოხდებოდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ყველა უმაღლეს სასწავლებელში ჰქონდათ შეხვედრები და ყველას განუმარტეს, რას აპირებდა ხელისუფლება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ გარდამავალ პერიოდში, სანამ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი რექტორები დაინიშნებიან, არ მოხდება რექტორების შეცვლა და მოვალეობის შემსრულებლებად კვლავ მოქმედი რექტორები დარჩებიან.
„ამ ცვლილებებით ასევე არანაირად არ მოხდება უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შეზღუდვა. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ კანონპროექტში ავსახოთ ის წინადადებები, რაც ჩვენს ოპონენტებს ჰქონდა. საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის პირობებში უმაღლესი სასწავლებლის მეტი ავტონომიის უზრუნველყოფას ემსახურებოდა, მაგალითად, ქონების განკარგვა, საკუთრების უფლება და ა.შ. და ჩვენ მზად ვართ ეს წინადადებები გავიზიაროთ“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
იგი ეთანხმება რიჩარდ ნორლანდის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული, ყველაფერი უნდა აიწონ-დაიწონოს და ასე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა აქვე დასძენს, რომ კანონპროექტი არავისთვის სიახლე და მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან პარლამენტში პროექტის წარდგენამდე, მასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან განხილვები მიმდინარეობდა.
კანონპროექტმა საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა დაიმსახურა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა ნაკარნახევია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურვილით, რომ დაამყაროს პოლიტიკური კონტროლი აკადემიურ სფეროზე. მისი თქმით, პრემიერ-მინიტრი მოითხოვს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რითაც, ფაქტობრივად, სრულიად უქმდება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია.
გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ცვლილებების პაკეტით, დოქტორანტებს ერთმევათ შესაძლებლობა დაიკავონ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა, რის შედეგადაც ასეულობით კვალიფიცირებული ახალგაზრდა მეცნიერსა და მკვლევარს მოუწევს პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვა.
„შეწყდება მრავალი აკადემიური პროგრამა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საგანმანათლებლო პროცესს. აშკარაა რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ნაკარნახევია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურვილით დაამყაროს პოლიტიკური კონტროლი აკადემიურ სფეროზე. შემოთავაზებული პაკეტით „ქართული ოცნება“ აკანონებს საკუთარი ლიდერების მიერ არაერთხელ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ხაზს, რომლის თანახმადაც 2004 წლიდან არჩეული არც ერთი აკადემიური საბჭო თუ პროფესორი არ არის ლეგიტიმური. აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები და პოლიტიკა ქმნის კლიმატს, რომელიც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას აბრუნებს შევარდნაძის და როინ მეტრეველის ეპოქაში“, - აცხადებს კანდელაკი.
დავით ზურაბიშვილი კანდელაკის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ დეპუტატი უბრალოდ ვერ ერკვევა იმაში, რაზეც საუბრობს. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კანონში შესატანი ცვლილება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს ეხება და თუ ვინმეს ეშინია, რომ ბენდუქიძის „თავისუფალ უნივერსიტეტს“ შეეხება, ეს ასე არ იქნება და „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ვინც უნდათ, შეუძლიათ ის დანიშნოდ რექტორადაც და დეკანებადაც.
„რაც შეეხება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს, დიახ მეც სწორად მიმაჩნია, რომ დეკანს (რომელიც ფაკულტეტის აკადემიურ კურსს განსაზღვრავს, კურიკულუმს და ა.შ.) უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი, ისევე, როგორც სასწავლებლის რექტორს. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსი, ანდრო ბარნოვი თავის დროზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი იყო და ამავდროულად, იყო ამავე სასწავლებლის დოქტორანტურის სტუდენტი. ხომ არ შეიძლება ერთსა და იმავე უნივერსიტეტში თან სტუდენტი იყო და თან დეკანი?!“, - აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.
მისი თქმით, სწორედ ეს არ არის ნორმალური ვითარება, თორემ ის, რომ დეკანი და რექტორი აკადემიური ხარისხის მქონენი უნდა იყვნენ, სრულიად ნორმალურია. ზურაბიშვილის განმარტებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უნივერსიტეტებში ლექციებს ვერ წაიკითხავენ ადამიანები, ვისაც სადოქტორო არ აქვს დაცული. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ლექციების წაკითხვასთან ამას კავშირი არ აქვს და თვითონაც ისე კითხულობს ლეციებს, რომ სადოქტორო არ აქვს დაცული.
ექსპერტი განათლების საკითხებში, დავით თამარაშვილი მიიჩნევს, რომ სასურველია უმაღლესი სასწავლებლის რექტორი აკადემიური ხარისხის მქონე იყოს, რათა უნივერსიტეტის რიგითი თანამშრომლისგან განსხვავდებოდეს. ექსპერტი ამბობს, რომ ნაციონალებმა ეს თანამდებობები ჩვეულებრივი მენეჯერის დონემდე დაიყვანეს, რის შედეგადაც განათლების ხარისხი მკვეთრად დაეცა, თუმცა როცა რექტორები აკადემიური ხარისხის მქონენი იყვნენ, არც მაშინ იყო განათლების ხარისხი ძალიან მაღალი. დავით თამარაშვილის თქმით, მთლიანად განათლების სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ცოდნის ხარისხი და სამეცნიერო კვლევების ხაზი იყოს უზრუნველყოფილი.
„თუკი კანონში ჩაიწერა, რომ რექტორი აკადემიური ხარისხის მქონე უნდა იყოს, ეს კარგია, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა სისტემური მიდგომა, რასაც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია, რომელიც გია დვალმა და მისმა ჯგუფმა შეიმუშავეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.
პოლიტიკური ექსპერტი, მარინა მუსხელიშვილი აცხადებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც რექტორებად წინა ხელისუფლების პირობებში დაინიშნენ და ვინაიდან სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ, ცდილობენ განათლების სფეროში გასატარებელ რეფორმებს შეეწინააღმდეგონ. მუსხელიშვილი უნამუსოს უწოდებს ამ ადამიანების ქცევას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია შეიზღუდება.
„პირიქით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც აკონტროლებდნენ უნივერსიტეტებს, ზღუდავდნენ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას და საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ დღეს უნივერსიტეტებში ნორმალური, თავისუფალი აკადემიური სივრცე აღარ არსებობს“, - აცხადებს მარინა მუსხელიშვილი.
მისი თქმით, თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ რექტორის დანიშვნა პრობლემაა და, რომ უნივერსიტეტების ავტონომიის დასაცავად რექტორები არჩეულები უნდა იყვნენ, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ მდგომარეობის მისაღწევად თავად უნივერსიტეტებში არის გარკვეული ცვლილებები გასატარებელი. ექსპერტი ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს, ვინ იმუშავებს უნივერსიტეტში, შემდეგ იმ ადამიანების მიერ იყოს არჩეული, ვინც მან სამსახურში აიყვანა. ამიტომ მარინა მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ რექტორების არჩევით უნივერსიტეტების ავტონომია ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მისი თქმით, რექტორები, რომლებიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უნივერსიტეტებს მართავდნენ, ფაქტობრივად, განსაზღვავდნენ იმას, თუ ვის შეეძლო და ვის არ შეეძლო უნივერსიტეტებში მუშაობს. შესაბამისად, დღეს უნივერსიტეტებში თავისუფალი სიტუაცია არ არის და მხოლოდ ამ ვითარების შეცვლის შემდეგ უნდა დამყარდეს რექტორების არჩევა, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიურობის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ბერკეტი იქნება.
როგორც გაირკვა, თანამდებობა დატოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, სანდრო კვიტაშვილმა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით ახსნა და განაცხადა, რომ ეს ცვლილებები უნივერსიტეტების ავტონომიაში უხეში ჩარევაა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კვიტაშვილს თანამდებობის დატოვება ისედაც მოუხდებოდა, რადგან მას აკადემიური ხარისხი არ გააჩნია და შესაბამისად, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორად დარჩენა აღარ შეეძლო.