მედიკამენტების გაიაფება უკვე სხვა საშუალებით უნდა გაგრძელდეს

მედიკამენტების გაიაფება უკვე სხვა საშუალებით უნდა გაგრძელდეს

ფარმაცევტები პრემიერს არ ეთანხმებიან. ისინი კვლავაც ამტკიცებენ, რომ წამლებზე არსებული დიდი ფასნამატი მათი მიზეზით არ იყო გამოწვეული. მთავრობა კი გაჩერებას არ აპირებს და მომავალში მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მიზნით, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას გეგმავს, მსხვილი ინვესტორის შემოყვანითა და ახალი ფარმაცევტული საწარმოების ამოქმედებით.

მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ მედიკამენტები ქვეყანაში 400%-იანი ფასნამატით იყიდებოდა, „ეს კი მოსახლეობის პირდაპირი ძარცვაა“.

რაც შეეხება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე, რიგ შემთხვევებში, აღწევდა 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებში იყო.

სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. მისი აზრით, როდესაც საუბარია მარჟებზე, აუცილებლად უნდა ვნახოთ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნა, სადაც ამ რაოდენობის სხვაობაზე საუბარი არ არის.

„რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, ბიზნესის და სახელმწიფოს ძალიან კარგი პარტნიორობით შევძელით, რომ დაბალი ფასებისთვის მიგვეღწია. მარტო ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხართ, რომ 3 თვეში მოსახლეობამ 12-13 მლნ ლარი დაზოგა. ეს ძალიან დიდი შეღავათია, დაახლოებით 60 000-მა ადამიანმა ისარგებლა ჩვენთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ხსნის, თუ რატომ იყო თურქეთის ბაზრის გახსნამდე კონკრეტულ მედიკამენტებზე მაღალი ფასები და აცხადებს, რომ მაღალი მოგება დისტრიბუტორის მაღალი მარჟიდან არ გამომდინარეობდა.

„ეს განპირობებული იყო ჩვენი როგორც პატარა ქვეყნის გამოწვევიდან. თურქეთს, როგორც დიდ ქვეყანას, აქვს საერთაშორისო მწარმოებლებისგან უკეთესი პირობები, ვიდრე საქართველოს. ჩვენ შევძელით და ახალი პირობებით დავიწყეთ მედიკამენტების შემოტანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წამლის გაიაფების პირველი მცდელობა, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს უკავშირდება, მეტ-ნაკლებად წარმატებულია. სპეციალსიტების აზრით, თუკი შემდეგი ეტაპი ადგილობრივი წარმოების გახსნა იქნება და პარალელურად ხარისხის კონტროლი გაძლიერდება, წამლის გაიაფების პერსპექტივა სავსებით რეალურია.

ამ მხრივ იმედისმომცემია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ინვესტორი დაინტერესებულია საქართველოში წამლების წარმოების დაწყებით. როგორც პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, ამ რამდენიმე ქარხნის მეპატრონე მთავრობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ თურქეთს ბაზარი გავხსენით, თითქმის 55 მლნ ლარამდე ეკონომია ნახა მოსახლეობამ. შემდეგ კი ბევრი მაღალტექნოლოგიური, ძალიან ძლიერი ქარხნების მფლობელი დაუკავშირდა მთავრობას და აქედან ორი, თუ სამი უკვე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს სამინისტროსთან. მათი სურვილია, რომ აამოქმედონ ახალი ქარხნები საქართველოში და აქ დაიწყონ მაღალი ხარისხის წამლების წამოება.

ის პრობლემა, რაც იყო ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს ნაწილობრივ მოწესრიგდა. თურქეთის ბაზრის გახსნა იქნებოდა, თუ სხვა რეგულაციები, რაც განვახორციელეთ (ელექტრონული რეცეპტების შემოტანა თუ სხვა), ეს ძალიან კარგად წაეხმარება მედიკამენტების ფასების რეგულირებას, გაიაფებას და კონკურენციის გაზრდას, რაც რეალური პრობლემა იყო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ თურქული ბაზრის გახსნა და რეცეპტების ელექტრონული წესით გაცემა ბაზარს ფასების დარეგულირებასა და დაწევაში დაეხმარება.

Maverick „ეს განპირობებული იყო ჩვენი როგორც პატარა ქვეყნის გამოწვევიდან. თურქეთს, როგორც დიდ ქვეყანას, აქვს საერთაშორისო მწარმოებლებისგან უკეთესი პირობები, ვიდრე საქართველოს. ჩვენ შევძელით და ახალი პირობებით დავიწყეთ მედიკამენტების შემოტანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ე.ი. პატარა ქვეყნებს ღლიტავენ და დიდ ქვეყნებს TR... აძლევენ, ანუ უკეთესი პირობებით ნებდებიან?!

ძალიან უსუსური განცხადებაა, ანალიზი არჩანს საიდან შემოაქვთ, რა ფასებში და ზედნადები რამდენია.

ოცნებავ გაუშვით სახლებში "წმ. მიხეილის კლასში" გამოჩეკილი ღლეტიები!
2 წლის უკან