საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს ავღანეთში დაღუპული 7 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა. ირაკლი ალასანია გორში, კარალეთში, ძეგვში, რუსთავსა და მარტყოფში იმყოფებოდა. მასთან ერთად დაღუპულთა ოჯახებში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეებიც მივიდნენ.
თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დაღუპულთა გმირობას და ოჯახის წევრებს სახელმწიფოს მხრიდან გვერდით დგომა აღუთქვა. ირაკლი ალასანიას თქმით, დაღუპულთა ოჯახების, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის დანაკლისი აუნაზღაურებელია. თუმცა, მათი გმირობა დაფასდება და მათ მაგალითზე თაობები გაიზრდება.
შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 6 ივნისს, ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.