„მოსამართლეთა კონფერენციაზე „ოცნებას“ ნაციონალებმა პენალტი დაურტყეს“

„მოსამართლეთა კონფერენციაზე „ოცნებას“ ნაციონალებმა პენალტი დაურტყეს“

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევნების მეორე ტურში, ხმათა უმრავლესობით, ვაკანტური ადგილები შემდეგმა კანდიდატებმა დაიკავეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე(159 ხმა); უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე (146 ხმა); თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ილონა თოდუა(153 ხმა); სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია (129 ხმა).

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, აქ ხმათა უმრავლესობით გავიდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი(168 ხმა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე შოთა გეწაძე(132 ხმა). პირველივე ტურში გაიმარჯვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა. ამასთანავე, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში რჩებიან გიორგი შავლიაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია.

მოსამართლეთა კონფერენციას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი დამკვირვებლის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, მოსამართლეთა კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეები მათთვის მინიჭებული თავისუფლებებით ვერ სარგებლობენ. ამის დასტურად კოჟორიძემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ მოსამართლეებმა მხარი არ დაუჭირეს დღის წესრიგის ცვლილებას და მათ ურჩევნიათ დღეს წესრიგი სხვამ შეუდგინოს. კოჟორიძემ მოსამართლეები იმ ჩიტებს შეადარა, რომელთაც გალია გაუხსნეს, თუმცა ისინი მაინც არ მიფრინავენ.

„ერთ-ერთმა მოსამართლემ კონფერენციას შესთავაზა, რომ მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მომზადებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ცვლილებები, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციამ მას მხარი არ დაუჭირა. დასკვნა მარტივია, მოსამართლეთა უმრავლესობას ურჩევნია დღის წესრიგი ვიღაცამ დაუდგინოს და იმ დღის წესრიგით იმოქმედოს, ვიდრე თავად გადაწყვიტოს, რა საკითხებზე, რა თანმიმდევრულობით, რა პრიორიტეტებით იმსჯელოს“, - განაცხადა კოჟორიძემ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო რეფორმას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასა და საბჭოს ახალი წევრებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს, მთელი საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. სასამართლო სისტემაში ცვლილებები რომ აუცილებელია, ამას ცხადყოფს ის სასამართლო პროცესები, რომლებიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოასნთა საქმეებთან დაკავშირებით იმართება. დიდი მოლოდინი იყო მოსახლეობაში სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა რა შედეგს მივიღებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ, ამის განჭვრეტა არც ისე რთულია.

ფაქტია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვა იმ კანდიდატმა (ზაზა მეიშვილმა), რომელიც წლების განმავლობაში კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელი და უსიტყვო შემსრულებელი იყო. ამ ფაქტით მოსამართლეების განწყობის შესახებ უკვე ბევრი ითქვა. მეიშვილის არჩევით გაოცებული დარჩა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც. მისი თქმით, გასაოცარია, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოში ყველაზე ოდიოზური ფიგურა უპრობლემოდ, პირველივე ტურში აირჩია.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მერაბ ტურავა აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია იმის გამოხატულებაა, როგორიც დღევანდელი სასამართლო ხელისუფლებაა. მისი თქმით, კონფერენციაზე ნათელი იყო ორი ძალის ჭიდილი. კერძოდ, ერთ მხარეს იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სასამართლო რეფორმისა მომხრეები არიან, ხოლო მეორე მხარეს არის აბსოლუტურად მორჩილი უმრავლესობა. ტურავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროკურატურის გავლენისგან განთავისუფლდა და ახალი ხელისუფლებისგან მიიღო უფლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თავად აერჩია და სასამართლო ხელისუფლების ბედი განესაზღვრათ, 61-მა მოსამართლემ დღევანდელი ვითარება კარგად გაითავისა, ხოლო 190-მა მოსამართლემ ისევ მორჩილებაში ყოფნა აირჩია.

მერაბ ტურავას თქმით, მოსამართლეთა კონფერენციამდე კოტე კუბლაშვილი ხვდებოდა მოსამართლეებს და ჰპირდებოდა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისთვის სასურველი კანდიდატები იქნებოდნენ არჩეულები, მოსამართლეებს მათ მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს, პირიქით, მათ ხელფასებს გაუზრდიან და სამუდამოდ დაამტკიცებენ ამ თანამდებობებზე. ყოფილი მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულ მოსამართლეებსაც ახასიათებს.

„შოთა გეწაძე არის ის ადამიანი, რომელმაც წინა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა ბრწყინვალედ შეასრულა და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა. ზაზა მეიშვილი ის პიროვნებაა, რომელმაც სულხან მოლაშვილის წამებაზე თვალი დახუჭა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ლევან მურუსიძე კი ის მოსამართლეა, რომელმაც მე, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი (ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებს, როგორც ამას ჟურნალისტები გვიწოდებენ) წინა ხელისუფლების დაკვეთის შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებას ჩამოგვაცილა“, - ამბობს მერაბ ტურავა.

იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ღირსეული მოსამართლეები იყვნენ წარდგენილები, მაგრამ მათ ხმების მოგროვება ვერ შეძლეს. ამიტომ ტურავა მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე კოტე კუბლაშვილმა წინასწარ იცოდა, რომ მისთვის სასურველი კანდიდატები გაიმარჯვებდნენ.

პოლიტიკური ექსპერტი, კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კოორდინირებული მუშაობა დააკლო მოსამართლეთა კონფერენციის მოსამზადებელ სამუშაოებს. ამასთანავე, კახიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კოტე კუბლაშვილის მიერ მოხდა კანონის არასწორი ინტერპრეტაცია. კერძოდ, საუბარია იმ სამ კვოტაზე, სადაც კოლეგიის და პალატების თავმჯდომარეების გარდა, რიგით მოსამართლეებსაც შეეძლოთ კენჭი ეყარათ, მაგრამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს, ეს კვოტა მხოლო პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებისთვის იყო განკუთვნილი. ექსპერტი ფიქრობს, რომ კონფერენცია კუბლაშვილის მიერ კარგად იყო ორგანიზებული, რაზეც მაღალი კვორუმი მეტყველებს. კახიშვილიც აღნიშნავს, რომ კონფერენციამდე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებს ხვდებოდა და აშინებდა მათ, რომ თუ მისთვის სასურველ კანდიდატებს არ დაუჭერდნენ მხარს, მათ იმ უკანონო გადაწყვეტილებებზე მოუწევდათ პასუხისგება, რაც წლების განმავლობაში აქვთ გამოტანილი.

„როგორც ჩანს, იმ 190 მოსამართლეს შიში აქვს, რომ მათ უკან დგას ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, სადაც პირდაპირ არის მინიშნებები მათი მხრიდან თანამდებობრივი დანაშაულების ჩადენის შესახებ. სამწუხაროდ, მოსამართლეების ის ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდნენ, უმცირესობაში აღმოჩნდა. ეს მიუთითებს სასამართლოს წლების განმავლობაში მუშაობის პრაქტიკას, რადგან როდესაც 190 მოსამართლეს მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო ეშინია, ცხადია, რომ ისინი წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩეული შვიდივე მოსამართლე კოტე კუბლაშვილის მორჩილი პირები არიან. საბჭოს ორი წევრი არის კუბლაშვილი და შავლიაშვილი (საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე), პარლამენტმა კიდევ საბჭოს 6 წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან უნდა აირჩიოს, საიდანაც კახიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უმცირესობის მიერ წარგენილი ორი კანდიდატის არჩევა მოუწევს და ამიტომ ექსპერტი ამბობს, რომ საბჭოს ასეთი შემადგენლობით ყოფნას უბრალოდ აზრი ეკარგება, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება, უმრავლესობა კი კუბლაშვილს ეყოლება.

ამიტომ კახიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა კარგად გაეთვალა, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი შემადგენლობით დამტკიცება არ დაეშვათ.

„გახსოვთ, ალბათ, ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების განცხადებები, რომ კუბლაშვილი სისტემის მსხვერპლია, მაგრამ ამ მოვლენებმა კარგად აჩვენა, იგი მსხვერპლია თუ მეთაური ამ სისტემის. აღსანიშნავია, როგორ გაითამაშეს ნაციონალებმა კუბლაშვილთან ერთად ისეთი სცენა, თითქოს, კუბლაშვილმა სასამართლო რეფორმას მხარი დაუჭირა, რის გამოც ალბათ „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ კუბლაშვილი მათ მხარეს გადაიხარა, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციაზე „ოცნებას“ ნაციონალებმა „პენალტი“ დაურტყეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, კოტე კუბლაშვილი მოსამართლეთა კონფერენციაზე ვითარებას სრულად აკონტროლებდა, რითაც მან ძალის დემონსტირება მოახდინა. ამით კი მოსამართლეები, რომლებიც მერყეობდნენ და ფიქრობდნენ, რომ თუ კუბლაშვილი შესუსტდებოდა, მისი გუნდიდან გავიდოდნენ, ახლა ეს მოსამართლეები, სავარაუდოდ, ისევ კოტე კუბლაშვილის გავლენის ქვეშ მოექცევიან.