არსებული მონაცემებით, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, IP მისამართი არის იდენტიფიცირებული და ადგილმდებარეობა დადგენილია. "რაც შეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომ ეს ვიდეო "თალიბანის" მიერ არის დამზადებული, ფორმალურად, გამოძიების დასრულებამდე არ მსურს საბოლოოდ გამოვრიცხო ეს ვერსია, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ამ ვიდეოს წარმომავლობას არაფერი აქვს საერთო "თალიბანთან".
არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან, IP მისამართი იდენტიფიცირებულია და ადგილმდებარეობა დადგენილია. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩართულია მასში FBI და ასევე აქტიურად გვეხმარება ისრაელის მხარე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეპლიკები, რომ გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ნიშნავს იმას, რომ მათ ან წარმოდგენა არ აქვთ გამოძიებაზე ან ეს არის პიარაზე გათვლილი განცხადებები, რაც არაადეკვატური და არაკომპეტენტურია.
"თუ არ ენდობიან FBI-სთან ერთად წარმოებულ გამოძიებას, მაშინ გამოვიდნენ და ღიად თქვან, თუ არადა ნება იბოძონ და დაელოდონ გამოძიებას და მერე გააკეთონ განცხადებები. არ არის ასე მარტივად გამოსაძიებელი ეს საქმე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი არის პანიკის დათესვა და ეიფორიის შექმნა.