ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"წინადადება მაქვს.
კვაჭი კვაჭანტირაძისა და ყვარყვარე თუთაბერის სახელობის მედლები და პრემიები უნდა შემოვიღოთ. სხვაგვარად ვერ აღვნიშნავთ იმ საოცარ მიღწევებს, რომლებითაც ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურული მოსრიალეები გვანებივრებენ.
რა ნომრებს არ დაინახავ სინდისისაგან სრულიად მოპრიალებულ მოედანზე! თან რამდენი არიან!
რა სჯობს პოლიტიკურ ყინულზე მონავარდე გუბაზის ცქერას! თავისი ღერძის გარშემო სამმაგი ნახტომის შემდეგ მუხლზე რომ გასრიალდება და მიშას აიტაცებს!
ან კიდევ, ახალ ვარსკვლავ აკიას, რომელმაც საოცარი აკრობატიკა აჩვენა და, მგონი, ბორტსაც კი გადაახტა!
ან ადვოკატ ხაჭაპურიძეს, რომლის პირუეტი უნიკალურია და განუმეორებელი-ჯერ
სტრასბურგში მიშას უჩიოდა და ახლა მისი ადვოკატი გახდა!
ევროპის გაკვირვება მერე ნახეთ, იქ რომ გრიგოლიას და ტრაპაიძის ჰაეროვან სრიალს ნახავენ!
გახარიას ნომრებს სახელსაც ვერ დაარქმევ, იმდენად ელეგანტურია, თანაც ურთულესი ნომრების შესრულებისას თვალების ჩაკვრით ბნიდავს მანდილოსნებს!
მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსრიალე პრეზიდენტების ილეთები ხომ საერთოდ განუმეორებელია!
მწვრთნელი ხომ არის და არის სელექციის საოცარი ნიჭით დაჯილდოებული.
პირდაპირ კოჭებში ერთი გახედვით ცნობს მომავალ მოსრიალეს.
მის მიერ შერჩეულებს და დაფრთიანებულებს რას ჩამოვთვლი-მათი სახელი ლეგიონია.
მოკლედ, საჭიროა კვალიფიციური ჟიური და ობიექტური შეფასებები სათანადო ქულათა სისტემით.
ისტორია არ გვაპატიებს ამ ახალკვაჭყვარყვარეთა აღწერა თუ არ დავუტოვეთ შთამომავლობას".