ხონის სამკურნალო დაწესებულებაში 35 წლის პატიმარი გარდაიცვალა. იგი ხონში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გარდაცვლილის ახლობლები გლდანის დაწესებულების ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, ხონის დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა არ შეიძლებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.
„ჩემი ძმა სასჯელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა, მოულოდნელად წაიყვანეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარეს გამოკვლევები. შიდა სასამართლო ჩატარდა და გადაიყვანეს ნანეიშვილის სახელობის ხონი-ქუტირის სამკურნალო დაწესებულებაში. ფსიქიკური პრობლემები შიგადაშიგ აწუხებდა, თუმცა ამასთან ერთად, ჰქონდა კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ტუბერკულოზი რთულ ფორმებში, რის გამოც, არ შეიძლებოდა ხონში გადაყვანა. ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს დაწერილი მისი ჯანმრთელობის შესახებ. შიდასასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღეში შეგვეძლო, მაგრამ იმ დღესვე გადაიყვანეს ხონში, სადაც არანაირი პირობა არ არის შექმნილი მძიმე ავადმყოფობით დაავადებულთა სამკურნალოდ.
სოზარ სუბარის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხი ჯერ კიდევ არ მოგვსვლია. განცხადებაში მინისტრს მივწერეთ, რომ პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია და დაგვხმარებოდა, მისი ქსნის ან ხუდადოვის კლინიკაში გადაყვანაში. ციხეებში ჯერ კიდევ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ გვგონია. ადამიანის სიცოცხლე წამებს და წუთებს ითვლის. ამ მთავრობას ეს არ უნდა ეშლებოდეს. პატიმრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეგონა რაღაც სამართალი არსებობდა“, - განაცხადა გარდაცვლილის დამ.
ბრალდებას უარყოფენ სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც განამარტავენ, რომ პატიმარი ხონის სამკურნალო დაწესებულებაში არა სასჯელაღსრულების, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების მინისტრის პრეს-სპიკერის ირაკლი კორძაიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს კომისია წყვეტს ესაჭიროება თუ არა სამკურნალო:
„სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ასეთ ადამიანს, რომელიც უკვე არა მსჯავრდებულად, არამედ პაციენტად ითვლება, 6 თვეში ერთხელ უტარდება ექსპერტიზა. თუ მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება, ადამიანს აბრუნებენ სასჯელაღსრულების სისტემაში. კონკრეტულად გარდაცვლილი დავით ჭ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის შედეგად იმყოფებოდა ჯანდაცვის სისტემაში გადაყვანილი, ამიტომ ის არ ირიცხება ჩვენთან“, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია გარდაცვალების ფაქტები. 2010-2011 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკამოდ მაღალი იყო. ყოველი 10 ათასი პატიმრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვალების 65-დან 72 ფაქტამდე ფიქსირდებოდა, რაც საშუალო ევროპულ და ამერიკულ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. დღეისათვის, ეს მაჩვენებელი შემცირებულია. ბოლო 5 თვის განმავლობაში საპატიმროებში 11 პატიმარი გარდაიცვალა. რაც დაახლოებით, საშუალო ევროპულ მაჩვენებელს უტოლდება. ძირითადად, გარდაცვალების შემთხვევებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იწვევს.
რაც შეეხება ძალადობით გამოწვეულ სიკვდილს, ასეთი მხოლოდ ორი შემთხვევაა, მაგათგან ერთი გეგუთში მომხდარი ინციდენტია, მეორე კი თვითმკვლელობა. ორივე შემთხვევაში სასჯელაღსრულების სამინისტრომ ამ დაწესებულების მაღალჩინოსნები დაკავებული თანამდებობდან გაათავისუფლა. საქმეზე გამოძიებას კი პროკურატურა აწარმოებს.
სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით, თუ გავითვალისწინებთ 2010-2011 წლების სტატისტიკას, გამოკვეთილად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში სერიოზული პროგრესია.
პაატა ბელთაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისფლების შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველის სახელზე არ ყოფილა არც ერთი ფატქი არადამინური მოპყრობის, წამების ან სხვა ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ.
„ზოგადად დამოკიდებულება შეცვლილია სახელმწიფოში. ნულოვანი ტოლერანტობიდან გადავედით ობიექტური და სამართლებლივი სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. ბუნებრივია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რადიკალურად შეცვლილია მოპყრობა უკეთესობისკენ, რაც სიკვდილიანობის შემცირებაზეც არის ასახული.
ზოგადად სამოქალაქო სექტორში პატიმიმრებისათვის გაწეული დახმარების მაჩვენებლით გაცილებით გაზრდილია. თუმცა, გამოწვევები და პრობლემები არსებობს. ბუნებრივია, უნდა გაგრძელეს მონიტორინგი, ასევე უნდა გაუმჯობესდეს იფრასტრუქტურა. ჯერ კიდევ რამდენიმე საპატიმრო რჩება რომელიც არ შეესაბამება შესაბამის სტანდარტებს,“ - ამბობს ბელთაძე.
რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, როგორც პაატა ბელთაძე აცხადებს, ცუდია როდესაც ასეთი ფაქტი ხდება. მაგრამ ერთია როდესაც ფაქტი ხდება და მეორე, რამდენად ადეკვატურია რეაქცია ამა თუ იმ ძალადობის ფაქტზე, რომელიც დახურული ტიპის დაწესებულებაში შეიძლება მოხდეს. მისივე განმარტებით, საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი მონიტორინგი. მას შემდეგ, რაც გამოიკევთება 8 თვიანი პერიოდის ანალიზი, სასხალხო დამცველის მიერ მომზადდება ცალკე ანგარიში.
უფლედამცველი გელა ნიკოლეიშვილი საპატიმროებში პატიმრების სიკვდილიანობის შემცირების რამოდენიმე მიზეზს ასახელებს, პატიმართა რაოდენობის შემცირებას და არ ხდება სერიოზული დაზიანებების ხელოვნურად მიყენება.
„2010-2011 წლებში 140-145 პატიმარი იყო გარდაცვლილი. 5 თვეში 11 ფაქტი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ანუ განახევრდა. აღარ არის წამების ფაქტები, ხელოვნურად არ ხდება ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება.
პატიმართა შემცირების კვალობაზე გაიზარდა ბიუჯეტი, ეს მნიშვნელოვლად დადებით შედეგებს იძლევა. პატიმრებს მიეწოდებათ მედიკამენტები, უტარდებათ სასწრაფო ოპერაცია, ძირითადად გაყავთ ქალაქის საავადმყოფოში, ადრე ეს წარმოუდგენელი იყო. მომამკვდავი უნდა ყოფილიყო პატიმარი, რომ გადაეყვანათ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ბუნებრივად სიკვდილიანობის შემცირების ფაქტი,“ - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება ძალადობით გამოწვეული სიკვდილის ორ შემთხვევას, ექსპერტი კახი კახიშვილი განმარტავს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა არაა იდეალური.
„ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა შეიცვალა. ბუნებრივია იმანაც ითამაშა დიდი როლი, რომ საკმაომდ დიდი რაოდენობის პატიმარი გამოვიდა ციხიდან ამნისტიის შედეგად. რაც მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდა პირობები, ვიცით, როგორი ვითარება იყო. ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადება საერთოდ არ ხდებოდა, ძირითადად ეს ნაცნობების ჩარევის შემდეგ ხდებოდა.
რაც შეეხება ძალადობით პატიმრების გარდაცვალების ფაქტებს, ვფიქრობ, რომ უხეში დარღვევებია გამოვლენილი რეჟიმის კუთხით. პირდაპირ სახეზეა, რომ უსაფრთხოების და რეჟიმის სამსახურებმა ვერ იმუშავეს ამ დაწესებულებაში. გამოძიებამ უნდა დაადგინოს აბსოლუტურად ყველა ის პირი, ვისი მოქმედებით ამ უმოქმედობით იყო გამოწვეული ეს ტრაგიკული ფაქტი,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.