გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ავღანეთში

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ავღანეთში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ავღანეთში იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა ჩიხრაძე, აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების საინჟინრო ბრიგადის შტაბის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე ჩავიდნენ.

მათ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართული ბაზები მოინახულეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე და 33-ე ბატალიონების მეთაურებმა საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას დეტალურად აუხსნეს ადგილზე არსებული მდგომარეობა. პოლკოვნიკ ბერიძის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების მოტივაცია მაღალია და მზად არიან მათზე დაკისრებული ამოცანა ბოლომდე შეასრულონ. „მოწინააღმდეგის ძლიერი აქტივობისა და ახალი ბრძოლის ტაქტიკის შემოტანასთან ერთად ქართულმა ქვედანაყოფებმა კონტრ-ზომები შეიმუშავეს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ქართული ბაზების გაძლიერებისთვის საჭირო დამატებითი საინჟინრო სამუშაოები“ - განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ.