თედო ჯაფარიძე ელჩობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს გააკეთა. დიპლომატი თავის გადაწყვეტილების მიზეზად ელჩების დანიშვნის პროცესის უაზროდ გახანგრძლივებას ასახელებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვენლოვანი ნაწილია ის გაუგონარი აჟიოტაჟი, უზომოდ და უარზოდ გაჭიანურებული პროცესი, რომელიც თან ახლავს ამ ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებას – ახალი ელჩის დანიშვნას, რაც მინიშვნელოვნად აფერხებს მთლიანად საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მისი რეალიზების პროცესს და ზიანს აყენებს ჩვენი დიპლომატიის რეპუტაციას, უხერხულ მდოგმარეობაში აგდებს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.
მისი თქმით, დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი ერთი ადამიანის ახირებად იქცა და ეს პროცესი უკვე 5 თვეა, რაც გრძელდება. ეს ყველაფერი უკვე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი ადამიანის განწყობაზე და დამოკიდებულებაზე კონკრეტული ადამიანების მიმართ.
შეგახსენებთ, თედო ჯაფარიძე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატად არის წარდგენილი და უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტი ჯაფარიძის და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩების დანიშვნის პროცესს აჭიანურებს. ესენია გერმანია (ლადო ჭანტურია), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (დავით აფციაური) და ბულგარეთის რესპუბლიკა (ზურაბ ბერიძე).
„პირადად მე არ მინდა, გავხდე ამ უაზრო პოლიტიკანობის, თუ პირადი გაღიზიანების მიზეზი. საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც დიდი ბრიტანეთია, უნდა ჰყავდეს ელჩი, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა და პატივისცემა“, - აღნიშნავს ელჩობის კანდიდატი.
ჯაფარიძე პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ის იყო.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ელჩების დანიშვნის გაჭიანურებით ხელი ეშლება ქვეყნის ურთიერთობას რამდენიმე ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყანასთან, რაც აჭიანურებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ამასთანავე, ელჩების დანიშვნის გაჭიანურება არის ხელის შეშლა მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, უმაღლესი დონის საბოტაჟი. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მისიის ხელმძღვანელის ყოფნა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აუცილებელია, რომ იყოს უზრუნველყოფილი მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები, პრეზიდენტის ქმედებით, ზარალდება ქვეყნის პრესტიჟი. აღნიშნული პროცესის გაჭიანურება შეურაცხმყოფელია მიმღები ქვეყნისთვისაც. ამასთანავე, დაბრკოლება ექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ვილნიუსის სამიტის წინ საქართველოს არ ჰყავს ელჩები საკვანძო ქვეყნებში - გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ სტრატეგიულ ქვეყნებში - ჩინეთში, ბულგარეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში ამდენი ხნის განმავლობაში ელჩების არდანიშვნა ცუდი საქციელია პოლიტიკური თვალსაზრისითაც, სტრატეგიული თვალსაზრისითაც და ამ ქვეყნების მიმართაც მკვეთრად გამოხატული უპატივცემულობაა.
„მე თედოსთან არ მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ, ალბათ, მან ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ამ პრობლემის მიმართ უფრო მეტი ყურადღება იყოს, თუმცა ამ თემას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და სხვა უწყებებიდან ყურადღება არ აკლია. თუკი თედოშია საქმე და პრეზიდენტს რაიმე გაურკვეველი მიზეზით მისი კანდიდატურა არ მოსწონს, იქნებ გადადგას ნაბიჯი და სხვა ელჩები დანიშნოს, ხოლო ბრიტანეთზე დამატებით ვიმუშაოთ“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მისი თქმით, თედო ჯაფარიძის ელჩად არდანიშვნა ქართული დიპლომატიისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ელჩობის კანდიდატების დანიშვნის პროცესის გაჭიანურება, მთავრობის საგარეო პოლიტიკის ხელშეშლაა, ისევე როგორც უკანასკნელი პერიოდის მისი საგარეო აქტივობები და ეს ყველაფერი ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ელჩების დანიშვნის გაჭიანურებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეუძლია თავი იმით იმართლოს, რომ კონკრეტული პირების კვალიფიციურობა არ მოსწონს, თუმცა მეორე მხრივ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ თედო ჯაფარიძესთან დაკავშირებით პირადული ფაქტორი მოქმედებს, რადგან იგი შესანიშნავი პროფესიონალია.
„როდესაც თედო ჯაფარიძე მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმდროინდელმა „რუპორმა“, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს თედო ჯაფარიძის პროფესიონალიზმი არ მოსწონდა. ეს უბრალოდ სასაცილო იყო, რადგან მე დიდი ხანია ბატონ თედოს ვიცნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალია. ამასთანავე, ჩემი ვარაუდით, არ მგონია, თავად ბატონი თედოც აღფრთოვანებული ყოფილიყო ბრიტანეთში მისი ელჩად გაგზავნით, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ამერიკანისტია“, - ამბობს სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, თუკი ჯაფარიძე უცხოეთში ელჩად უნდა წასულიყო, ეს უდნა ყოფილიყო ამერიკა, სადაც თედო ჯაფარიძეს პირადი კონტაქტებიც შენარჩუნებული აქვს, რაც დიპლომატისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ბრიტანეთში ელჩობა. ამასთანავე, ცინცაძე მმართველი გუნდის განცხადებებს იხსენებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ახალ საგარეო პოლიტიკას იწყებს, ხოლო ვინაიდან ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტი არ იქნება, სოსო ცინცაძის თქმით, ასეთ პირობებში უდიდესი მნიშვნელოვა მიენიჭება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ თედო ჯაფარიძის ადგილი აქ უფრო არის, ვიდრე ბრიტანეთში.