ლეგენდა, რომ ვინმე ლაკა ხოშტარია არის ახალი დროის მარო მაყაშვილი, დაიმსხვრა ბროლის თასივით, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „დროას“ ლიდერის МГИМО-ში სწავლაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველებისგან განსხვავებით, მას ოკუპანტ ქვეყანასთან კავშირი არ გაუწყვეტია.
„რით განსხვავდება ელენე ხოშტარია [ხვიჩა] კვარაცხელიასგან ან თამარ გვერდწითელისგან? ეს ადამიანები წამოვიდნენ რუსეთიდან, მოშორდნენ რუსეთის შრომით ბაზარს და ქალბატონი ელენე, როდესაც მათ ამუნათებდა, ლანძღავდა, აკრიტიკებდა, მაშინ იმავდროულად ფულს იღებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეატრების გავლით. საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ვისი მემკვიდრეა, რაში იღებს [ჰონორარს] - რუბლებსა თუ დოლარებში. ლეგენდა, რომ ვინმე ლაკა ხოშტარია არის ახალი დროის მარო მაყაშვილი, დაიმსხვრა ბროლის თასივით“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.