37 სართულიანი, 201 მეტრი სიმაღლის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით აშენდა, უფუნქციო შენობად იქცა და მისი უნივერსიტეტად გამოყენება შეუძლებელია.
თავიდან, ამ შენობის დანიშნულების შესახებ ნათქვამი იყო, რომ აქ ბიზნესცენტრი აშენებდებოდა, შემდეგ კი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
ახალმა ხელისუფლებამ ეს შენობა ბათუმის მერიას გადასცა. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მიმდინარე წლის 25 აპრილს გახდა ცნობილი, როდესაც განცხადება ამ თემაზე ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა. ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
სააკაშვილის განცხადებით, „ბათუმი თაუერის“ შენობა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა, თუმცა როგორც ირკვევა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ იპოვა უნივერსიტეტი, რომელიც ამ შენობის მენეჯმენტს საკუთარ თავზე აიღებდა. ამასთანავე, სააკაშვილისავე ინიციატივით “ბათუმი თაუერის” საძირკველის რამდენიმე სართულზე ძვირადღირებული რამდენიმე ლაბორატორია გაკეთდა, რომელიც ამ დროისთვის ფაქტობრივად მწყობრიდანაა გამოსული, რადგან ლაბორატორიისთვის საჭირო პირობების შესანარჩუნებლად ელექტროენერგიაა საჭირო, რომელიც ახალ შენობას დავალიანების გამო არ მიეწოდება.
როგორც ცნობილია, შენობის დასრულებას, რომელიც ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ამ დრომდე 78 მილიონ 486 ათასი ლარი დაჯდა, კიდევ 5 მილიონი ლარი სჭირდება, თუმცა მისი მშენებელი კომპანია „ზიმოს“ დირექტორი, ზურაბ კიკნაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შენობის დასრულებას შესაძლოა, 100 მლნ ლარიც დასჭირდეს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოთხოვნები ექნება დამკვეთს, ვინ იქნება სამუშაოს შემსრულებელი და ა.შ.
„თბილისში დღეს რომ საშუალო მაღაზიაში შეხვიდეთ, კაფელი ღირს 10 ლარიდან 100 ლარამდე. ასე რომ, შენობის დასრულებისათვის საჭირო თანხა დამკვეთზეა დამოკიდებული. თუკი დამკვეთს სურს „ჰაიკლასი“, მიიღებს „ჰაიკლასს“, თუ უნდა „ეკონომკლასი“, მიიღებს „ეკონომკლასს“, - ამბობს ზურაბ კიკნაძე.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შეიცვალა გადაწყვეტილება და ცნობილი გახდა, რომ „ბათუმი თაუერში“ ბიზნესცენტრის ნაცვლად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, პროექტში არანაირი ცვლილება არ შესულა და მშენელობა გეგმით გაგრძელდა. ზურაბ კიკნაძე აცხადებს, რომ შენობის ე.წ. „პოდიუმი“, სამი სართულია მხოლოდ გარემონტებული და ამჟამად ყველა სამუშაო შეწყვეტილია.
ექსპერტები და დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ „ბათუმი თაუერში“ უნივერსიტეტის განთავსება შეუძლებელია და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
ექსპერტი განათლების საკითხებში, დავით თამარაშვილი განმარტავს, რომ ფუნქციურად ეს შენობა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას არ შეესაბამება, რადგან უნივერსიტეტი მხოლოდ აუდიტორიები არ არის, მას შესაბამისი სამეცნიერო ლაბორატორიები ესაჭიროება. ამ შენობაში კი თავიდან ბიზნესცენტრის განთავსება იყო დაგეგმილი და ამიტომ უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ არ არსებობს.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ის, ვინც წესით, ამ უნივერსიტეტში უნდა ასწავლოს, არის მაღალი რანგის აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს, თითქმის, გადანაწილებულია მოქმედ უნივერსიტეტებში. ამიტომ ამ ადამიანებს აქვთ დროის დეფიციტი და მათ თბილისსა და ბათუმს შორის გადაადგილება და ბათუმში ლექციების წაკითხვა გაუჭირდებათ.
„მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებიც უნდა მოიწვიონ და ამ უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩართონ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ძირითადი წამყვანი ძალა ადგილობრივი აკადემიური პერსონალი უნდა იყოს. ხოლო აკადემიური პერსონალი, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დასჭირდება, ვერ შეძლებს იქ მუშაობას, რადგან ეს ტერიტორიული მომენტი მას პრობლემას შეუქმნის“, - აღნიშნავს დავით თამარაშვილი.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უნივერსიტეტი ფაქტობრივად არ არსებობს, ფურცელზეც კი და ავტორიზაციაც არ აქვს, რადგან ავტორიზაციას ვერ გაივლიდა უნივერსიტეტი, რომელსაც ამასთანავე შენობაც არ აქვს. ამდენად, დავით თამარაშვილი ამბობს, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მხოლოდ სიტყვიერად არსებობდა, ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანიის მსველობისას პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნებოდა, მაგრამ სინამდვილეში იქ სტუდენტი არავის უნახავს.
რაც შეეხება შენობას, დავით თამარაშვილი აღნიშნავს, რომ თუკი დაგეგმილია ამ შენობის დასრულება და მასზე გარკვეული თანხების დახარჯვა, უმჯობესი იქნება, რომ ეს თანხები მოხმარდეს ბათუმის საზღვაო აკადემიას, ნავიგაციის ინსტიტუტს, ხელოვნების სასწავლებელს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ანუ იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ბათუმში რეალურად არსებობს. აქვე ექსპერტი ამბობს, რომ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კარგი იქნება თუკი ეს თემა ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის მსჯელობას დაექვემდებარება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.