მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენაზე შსს კვლავ ინტენსიურად მუშაობს, ბევრი რამ შეიძლება გახდეს ნათელი, თუკი დადგინდა, რომელი ქვეყნიდან და ვის მიერ მოხდა აღნიშნული ვიდეოს გავრცელება. ქართულ მხარეს აქტიურად ეხმარებიან უცხოელი პარტნიორები.
შეგახსენებთ, რომ მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი 6 ივნისს Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა. ავტორი „თალიბანის“ სახელით საუბრობს, ქართველ სამხედროებს ჯვაროსნებად მოიხსენიებს და ავღანეთის მისიაში მათი მონაწილეობის გამო ჯიჰადის შურისძიებით იმუქრება. მუქარა მიმართულია როგორც ქართველი ჯარისკაცების, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.
ვიდეორგოლების გავრცელებისთანავე გაჩნდა ეჭვები, რომ ისინი გარკვეულ, კონკრეტულ მიზნებს ემსახურება და შესაძლოა, ამ შემთხვევაში გარკვეული გარე და შიდა ძალების ინტერესების თანხვედრაც კი ხდება, მთავარი სამიზნე კი საქართველოს ევროატლანტიკური კურსია.
ბოლო დღეების ინფორმაციას თუ გადავხედავთ, სავარაუდოდ საქართველო ნატოსთან საკმაოდ მოკლე დისტანციაზე იმყოფება -„ვესტნიკ კავკაზას“ ინფორმაციით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, კავკასიის რეგიონს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
„არადა, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ უნდა დავეხმაროთ რუსეთსა და ამ რეგიონის მოსახლეობას. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ კავკასიას“, - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე განმარტებით, ალიანსის საერთო პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების გამყარებაა, „თუმცა არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ და რუსეთი ვერ ვთანხმდებით – მაგალითად, საქართველოსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხებში“.
როგორც ჩანს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი დასავლეთში ბევრად უფრო აქტიურად განიხილება, ვიდრე ოდესმე და ამაში თავად რუსეთიც დარწმუნებულია.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაური, ადმირალი ვლადიმერ კომოედოვი კი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში მალე მიიღებენ.
„მე ვხელმძღვანელობ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას ნატოში. იქ ხშირად ვარ სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე... ჩემი აზრით, ნატო სულაც არ იმყოფება სტაგნაციის მდგომარეობაში, პირიქით, ის ვითარდება... აშშ ნატოს აფინანსებს 75 პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, პრაქტიკულად, ყველაფერი ხელში უჭირავს... ნატო აგრძელებს „ღია კარის“ პოლიტიკას. ახლო მომავალში ნატოში მიიღებენ კიდევ ხუთ სახელმწიფოს, მაკედონიასა და სხვებს... არის დაპირება, რომ საქართველოსაც მიიღებენ“, - განაცხადა კომოედოვმა.
კომოედოვის პროგნოზით, საქართველოს ნატოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიიღებენ.
„ისინი საქართველოს ნატოში მიღების საკითხზე, როგორც გადაწყვეტილ საკითხზე, ისე საუბრობენ“, - განაცხადა კომოედოვმა.
თუ კომოედოვის პროგნოზი სინამდვილეს შეესაბამება, როგორც ჩანს, მსოფლიო მოთამაშეები თვლიან, რომ დროა ევროატლანტიკური ალიანსი კავკასიაშიც გააქტიურდეს, ასეთ ფონზე, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლეთთან ურთიერთობის მთავარი კოზირი ეცლება ხელიდან.
სწორედ ამიტომაც ჩნდება ვარაუდები, რომ ვიღაცას საქართველოში ანტიდასავლური ტალღის აგორება სურს და საამისოდ ავღანეთის თემას კარგად იყენებს. არის თუ არა ეს რუსული ინტერესი, ამის შესახებ ქართველი ექსპერტები ცალსახად აცხადებენ, რომ რუსეთის პოზიცია ეჭვებს არ იწვევს. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, „მედვედევმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა აგვისტოს ომის თემაზე კომენტირებისას და თქვა, რომ ომის მთავარი მიზეზი საქართველოს ნატოსთან დაშორება იყო“.
ამდენად, რუსეთის პოზიცია გასაგებია, თუმცა, გასაკვირი 9 წლის განმავლობაში საქართველოში ნატოს მთავარი აპოლოგეტის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის კომენატრებსა და გამოსვლებში ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადაიტანოს, როდესაც მთავარ პრობლემად ვიდეოს წარმოშობასა და სტილს ასახელებს.
მთავარი ის არის, რომ საფრთხე ქართველ ჯარისკაცებს, მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, თავად პრეზიდენტმა შეუქმნა თავისი უგუნური ქცევით ქართულ ბაზაზე ავღანეთში, შემდეგ კი ამ შეხვედრების ტირაჟირებით ტელევიზიებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
ექსპერტულ წრეებში ბევრი იზიარებს მოსაზრებას, რომ პასუხისმგებლობა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თავის საპრეზიდენტო მმართველობას ყველაზე სისხლიანი პრეზიდენტის სახელით ამთავრებს, ხოლო 6 ივნისის ტარგედიას საფუძველი შეექმნა პრეზიდენტ სააკაშვილის 26 მაისის ვიზიტით ავღანეთში ქართულ ბაზაზე.
ამავე ვიზიტმა და მისმა თანამდევმა მსხვერპლმა კიდევ უფრო გაამძაფრა ნატოს მიმართ აგრესიული ფონი საზოგადოების ნაწილში, რაც ქვეყანას უსპობს დასავლური განვითარების პერსპექტივას. ისიც ცხადია, რომ ქართულ ბაზაზე მომხდარი ტრაგედია მიზანმიმართულად გამოიყენება ზოგიერთი ძალისმიერ ქართულ საზოგადოებაში ნატოს, დასავლური განვითარების და დასავლური ღირებულებების მიმართ აგრესიის გასაღვივებლად და დასაშინებლად.
ამ აგრესიისა და შიშის გამოწვევის ერთ-ერთი საშუალებაა ის ვიდეოკლიპები, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, თითქოს, ჯიჰადის გამოცხადების შესახებ. სწორედ ნატოს და ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ამ ვიდეოკლიპების წარმომავლობის და გამავრცელებლების დადგენა. რთული მისახვედრი არ არის ის, თუ ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ქართულ საზოგადოებაში შიშისა და ნატოსა და დასავლეთის მიმართ აგრესიის დათესვა. ეჭვს აღძრავს მიხეილ სააკაშილისა და ამ ძალების ინტერესების თანხვედრა.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ, „მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მისი ექსცენტრულობისა და ზეემოციურობისა, არ არის იმ მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელიც მსგავს პიარაქციებს შემთხვევით, ან შეცდომით აკეთებს.
„ის, რაც მოხდა ავღანეთში, დიდი ალბათობით არის მიხეილ სააკაშვილის პირადი შურისძიების აქტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაბედა და პირველ ოქტომბერს ხელისუფლებაში არ დატოვა მისი რეჟიმი. ასევე ეს არის პირადი შურისძიების აქტი სააკაშვილის მხრიდან ამერიკის მიმართ, რაც ასევე პირველ ოქტომბერს უკავშირდება, იმისათვის, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ არ დართო სააკაშვილს ნება უკანონოდ, არჩევნების გაყალბების შედეგად, დარჩენილიყო საქართველოს ხელისუფლებაში, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე შეფასებით, არ არის გამორიცხული, სააკაშვილის წყალობით საქართველოს საზოგადოებაში დაიწყოს მოძრაობა ავღანეთიდან საქართველოს ჯარების გამოყვანის მოთხოვნით.
„მე ვსვამ კითხვას, არის თუ არა ეს რუსეთის ინტერესებზე წყლის დასხმა?! არის თუ არა ეს რუსეთის დაკვეთის შესრულება საქართველოსთვის“?!- აცხადებს ლაგაზიძე.
როგორც ჩანს, ბევრ კითხვას პასუხი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა, მანამდე კი მოვლენათა საეჭვო თანხვედრა ბევრი ვარაუდის გაჩენის საფუძველს იძლევა, მათ შორის, ისიც ლოგიკურია, რომ დასავლეთის ნაცვლად სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ღია მხარდაჭერას ახლა უკვე მოსკოვში ეძებდეს, მითუმეტეს, რომ მართვის სტილსა და ლიდერების თვისებებში ბევრი საერთოს გამოძებნა შეიძლება. მთავარია, თავად კრემლს რამდენად სჭირდება ამ ეტაპზე საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან ალიანსი.