მან იცის…

მან იცის…

შემოქმედებითი ინტელიგენციისა და ავტორიტარული რეჟიმების ურთიერთობა ყველა დროში, ყველა ქვეყანაში იდენტურია. საზოგადოების მოაზროვნე ელიტის მოთვინიერება რევოლუციური მთავრობებისათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო და არის.

დაუპირისპირდა რა, ”დიდი ოქტომბრის” იდეალებს რუსეთის (და არა რუსული) მაშინდელი ინტელიგენცია, ლენინმა მას ”ხალხის ფეკალიები” (ორიგინალში უფრო ნატურალისტურად ჟღერს) უწოდა.

ამქვეყნიური რევოლუციური სამოთხის ჰიგიენისათვის, რა თქმა უნდა, ფეკალური მასების ჩარეცხვაა საჭირო. ჩარეცხეს კიდეც საბჭოელმა ბელადებმა იმ დროის მოაზროვნე საზოგადოების დაუმორჩილებელი ნაწილი.

ვარდების რევოლუციის ბელადმაც გაამჟღავნა საკუთარი დამოკიდებულება არარევოლუციური ინტელიგენციისადმი, როცა ახალი ”ვარდოვანი ეპოქის” პირველივე თვეებში, ისინი ჩარეცხილებად და ჩასარეცხებად მოიხსენია.

ეს ის პერიოდია, როცა სხვადასხვა შემოქმედებითი კავშირების უფუნქციობაში დარწმუნებული და უნივერსიტეტების გარდაქმნის აუცილებლობით შთაგონებული, ხელისუფლებასთან დაახლოვებული ფსევდოლიბერალი ინტელექტუალები კაფეებში შეიყუჟნენ და პოეზია-მუსიკის, წვიმის და რევოლუციის მისტიურ კავშირზე მსჯელობდნენ. პარალელურად კი, - სახლებში გამოკეტილი და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ინტელექტუალებიდან მომდინარე კონტრრევოლუციურ საშიშროებაზე.

ცოტა ხნით ისევ საბჭოთა კავშირში გადავინაცვლოთ. - გაანეიტრალეს რა (ძირითადად, ფიზიკურად) თავისუფლად მოაზროვნე ინტელიგენცია, კომუნისტმა ბელადებმა ”მათრახი გადამალეს და თაფლაკვერი მოიმარჯვეს”, - მწერლებისთვის, მხატვრებისთვის, მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის მოიგონეს ლენინური, სტალინური, სახელმწიფო და კომკავშირის პრემიები. მოგვიანებით საკავშირო პრემიებს შეეხიდა ადგილობრივი სახელმწიფო პრემიები.

ჩადგა რიგში გახედნილ ნიჭიერთა და უნიჭო მეხოტბეთა ურიცხვი ლაშქარი. ლაურეატის სტატუსი იყო ყველაფერი – აღიარება, შემოსავალი, მანქანა, აგარაკი, სიმპოზიუმები… ბევრს უჭირდა ცდუნებასთან გამკლავება.

2007 წლის ნოემბრის მასობრივი გამოსვლებით დამფრთხალმა მიხეილ სააკაშვილმა  იგრძნო, რომ ინტელექტუალური ელიტა ძალას ისევ ფლობდა. ამიტომ ხისტი რიტორიკაც შეცვალა და აქამდე მის მიერ უგულებელყოფილი, თუ საერთოდაც გაუქმებული (გამომდინარე იქედან, რომ ახალი ბრძანებულება დასჭირდა - N 343) რუსთაველის სახელობისა და ეროვნული (ყოფილი სახელმწიფო) პრემიები აღადგინა. 

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება პრემიების აღდგენის შესახებ, სააკაშვილმა 2008 წლის 12 ივნისს, ბაქტერიოფაგის კვლევით ცენტრში გამოსვლისას გაახმიანა.   როგორც ჩანს, ყველა დროის რევოლუციონერთა მარადი შეკითხვა: ვინ მავნებელია (ბაქტერიაა) და ვინ რევოლუციის დარაჯი (ბაქტერიოფაგი, phagos, ბერძნ. - მჭამელი) – მისთვისაც აქტუალურია.

თუკი საბჭოური რუსთაველის პრემიის მინიჭება ხდებოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღეს, 25 თებერვალს, 2008 წლის 2 ივლისის ბრძანებულებით, სააკაშვილმა ეს დღე 23 ნოემბრით შეცვალა.

მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაარღვია შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გაცემის პროცედურებიც და ლაურეატად წარდგენის თარიღებიც. ეს ის შემთხვევაა, როცა ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი საკუთარი მიზნის ანტურაჟად ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა.

4 იანვარს, ქუთაისში ოპერისა და მიუზიკჰოლის შენობის საზეიმო გახსნისას, მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით საქართველოს პატრიარქი, მცხეთა–თბილისის არქიეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დააჯილდოვა.

არ ვიცით, პროცედურული ბარიერების გადალახვამ რამდენად შეაწუხა სააკაშვილი, საეჭვოა, რომ პრემიების კომისიის 12 წევრიდან რომელიმეს, უწმინდესის ღვაწლის მიმართ ეჭვი ან პროცედურების დარღვევის გამო პროტესტი ხმამაღლა გამოეთქვას. არადა, 2008 წლის ბრძანებულებით განსაზღვრული ლაურეატების შერჩევა-დამტკიცების პროცედურა მართლაც ხანგრძლივი და რთულია. (იხილეთ ბმული)

კოშმარულ სიზმარშიც ვერ დაუშვებს ”რევოლუციით შობილი” პრეზიდენტი, რომ პრემიების 12 კაციანი კომისიის არჩევანი ისეთ ლაურეატზე შეჩერდეს, რომელიც სამადლობელ სიტყვაში, 23 ნოემბერს, მხოლოდ გიორგობას მოგვილოცავს და ვარდების რევოლუციის წლისთავით არ იქნება აღფრთოვანებულ-შთაგონებული.

მიხეილ სააკაშვილს ახლა მასობრივ აქციებზე ”ჩასარეცხი ინტელექტუალების” აქტიურობის აღარ ეშინია… ის ისევ ბედაურზე ამხედრებულად გრძნობს თავს, ამიტომ გადაწყვიტა პრემიებს ტრადიციულ-საბჭოური, ”ოქროს ხუნდების” დატვირთვა დაუბრუნოს...

მან კიდევ ერთხელ შეიტანა კორექტივი თავისსავე გადაწყვეტილებაში და დაადგინა, რომ ამიერიდან პირადად, კომისიის გვერდის ავლით განსაზღვრავს, რომელი და ვისი ნაწარმოებია შედევრი, მაღალიდეური და პატრიოტიზმით (სახელისუფლო გაგებით) შთაგონებული.

ა.წ. 6 იანვარს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.
ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, პრემიების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს შესაბამისი პროცედურების დაუცველად.

აი ის დარგები, რომლებშიც პრეზიდენტი სააკაშვილი დღეიდან უმაღლესი ინსტანცია, ექსპერტი, ”გურუ” იქნება:

-მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, მედიცინა, ტექნიკა.

არადა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მას უწმინდესის ნაწარმოებები არაერთხელ მოუსმენია, თუმცა არ იცოდა, რომ მათი ავტორი ილია მეორე იყო.

არაუშავს, დღეიდან შედევრს რომ წარუდგენენ, თან ეტყვიან ავტორი ვინაა…

თუმცა, საეჭვოა სააკაშვილმა ამ გზით იაროს, რადგან მას ჯერ ავტორი უნდა მოეწონოს და შემდეგ გადაწყვეტს რისთვის მიანიჭოს პრემია.