CNN: ამერიკული დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის გაგრძელების სამ სავარაუდო სცენარს ასახელებს

CNN: ამერიკული დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის გაგრძელების სამ სავარაუდო სცენარს ასახელებს

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საკვანძო წერტილამდე მივიდა და მოსკოვის შემდგომი ნაბიჯები სამი სცენარის მიხედვით შეიძლება განვითარდეს. ამის შესახებ ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

ტელეკომპანიის წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა თავისი სახმელეთო ჯარების მესამედი დაკარგა, თუმცა ახალი გამარჯვებების მიღწევას საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების გარეშე შეეცდება, ვინაიდან პუტინი ამ ნაბიჯს „პოლიტიკურად სახიფათოდ“ მიიჩნევს.

პირველი სცენარის მიხედვით, რუსეთმა შეიძლება გააგრძელოს დონბასში უმნიშვნელო წარმატებების მიღწევის მცდელობები და მიაღწიოს მცირე წინსვლას რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე.

მეორე სცენარის მიხედვით, ფრონტის ხაზი თვეებისა და შესაძლოა წლების განმავლობაშიც უცვლელი დარჩეს, რაც ორივე მხრიდან დიდ მსხვერპლს გამოიწვევს, დასავლეთს კი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენებს.

მესამე და ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარი მდგომარეობს იმაში, რომ ვლადიმერ პუტინი გადახედავს თავის სამხედრო ამოცანებს, უკვე მიღწეულს „გამარჯვებად“ გამოაცხადებს და სამხედრო ქმედებების მინიმიზებას შეეცდება.