„სხვის ომში გამოცდილების აღებისთვის უფრო მეტი სისხლი იღვრება, ვიდრე საკუთარი ქვეყნისათვის“

„სხვის ომში გამოცდილების აღებისთვის უფრო მეტი სისხლი იღვრება, ვიდრე საკუთარი ქვეყნისათვის“

ავღანეთში, ბაზა „ორბზე“ თავდასხმის შედეგად დაჭრილი 42-ე ბატალიონის 7 სამხედრო მოსამსახურე ბაზა „ბასტიონის“ სამხედრო ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს. 2 დაჭრილი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს. კოალიციის ჯარებზე თავდასხმების გააქტიურების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს საუბარი ავღანეთში ქართული კონტიგენტის კორექტირებაზე. სამხედრო ექსპერტები კი საქართველოს პრეზიდენტის ბრალეულობაზე საუბრობენ და თვლიან, რომ 26 მაისს მისმა წიდაუხედავმა განცხადებებმა მიიქცია თალიბების ყურადღება.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართველები ყველაზე სახიფათო ზონაში მსახურობენ და შესაბამისად, კონტიგენტის გაორმაგებამ გამოიწვია მსხვერპლის რაოდენობის გაორმაგებაც.

6 ივნისს, ავღანეთში, ქართულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ კეთდება განცხადებები, რომ საქართველომ უნდა გადახედოს კონტიგენტის კორექტირებას.

მაგრამ აქვს თუ არა საქართველოს იმის მექანიზმი, რომ კონტიგენტი შეამციროს, ამაზე აკია ბარბაქაძე პასუხობს:

- ვერ ვხედავ ამის მექანიზმს. 2014 წლის დასაწყისიდან ისედაც უნდა მოხდეს კონტიგენტის გამოყვანა. ასე სწრაფად ვერ მოხდება კონტიგენტის გამოყვანა და სხვა კოალიციის წევრი სახელმწიფო ჯარებით ჩანაცვლება. ეს პროცესი ვერ დაჩქარდება. რაც ვალდებულება აქვს აღებული წინა ხელისუფლებას, ამას სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ვერ შეცვლის. ლაპარაკი იმაზე, რომ სასწრაფოდ შევამციროთ კონტიგენტი, ან გამოვიყვანოთ, არალოგიკურია. კონტიგენტის გაორმაგება და ყველაზე ცხელ წერტილში მათი გაგზავნა იყო გაუმართლებელი საქციელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ბაჩო ახალაიამ ჩაიდინეს. სწორედ, მათ აიტეხეს, რომ დიდი შენაერთი უნდა გვყოლოდა ავღანეთში და შედეგიც ეს არის.

კონკრეტულად რა ვალდებულება აიღო სააკაშვილმა და ახალაიამ, რომლის გადახედვა ვერ მოხერხდება ამ ხელისუფლების მიერ?

- აიღეს ვალდებულება, რომ 2014 წლის ბოლომდე 1500 კაციანი შენაერთით იქნებოდა ქართული შეიარაღებული ძალები წარმოდგენილი ყველაზე ცხელ წერტილში. საერთოდ, ადვილია სხვის ხარჯზე მამაცობა. საუბრები იმაზე, რომ თუ მრავალრიცხოვანი კონტიგენტი გვეყოლებოდა წარმოდგენილი, ეს დააჩქარებდა ნატოსთან ინტეგრაციას, ეს არის ტყუილი. კონტიგენტის გაორმაგების გადაწყვეტილება სააკაშვილმა მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საშუალებას აძლევდა სააკაშვილს ბუშს ხელი ჩამოერთმია მისთვის, რომ ის მიწვეული იქნებოდა ლისაბონის სამიტზე და ჰქონოდა საშუალება, რომ გამოსულიყო თავისი ტექსტებით. თავიანთ პოლიტიკურ დივიდენდებს ამ ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის ხარჯზე იგროვებდნენ, ეს იყო მათი ჩანაფიქრი.

ფაქტია, რომ საქართველო არის ნატო- არაწევრი ქვეყანა, რომელიც ამხელა კონტიგენტით არის წარმოდეგნილი ავღანეთში...

- ქვეყნები, რომლებსაც გაცილებით დიდი არმია ჰყავთ და უფრო დიდი ბიუჯეტი აქვთ, საუკუნოვანი გამოცდილება აქვთ შეიარაღებული ძალების, ისინი არიდებდნენ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ასეთი საშიში ზონიდან. მოიძებნა ცხელთავიანი ადამიანი, რომელმაც თავის სახელმწიფოს შეაყოფინა თავი ამ ვალდებულებაში. არის ლაპარაკი, თითქოს, ჩვენი ჯარისკაცები იქ ძალიან დიდ გამოცდილებას იძენენ, ეს გამოცდილება ქართული შეიარაღებული ძალებისთვის არაა მნიშვნელოვანი, მეორე ხარისხოვანია. ჩვენ თავდაცვითი ოპერაციები გვჭირდება. შეიარაღებული ძალების ამოცანაა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. რაც შეეხება იმ ტიპის ოპერაციებს, რასაც ისინი გადიან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ეს არის სამხედრო ოპერაციების შემდგომი ამოცანის ტაქტიკა, რომელსაც ჩვენები ღებულობენ. ეს არაა პირდაპირ კავშირში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამოცდილების დაგროვებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ გადაიხედებოდა ავღანეთში ქართული კონტიგენტის საკითხი, ხელისუფლებას ამ დრომდე ეს საკითხი არ განუხილავს...

- ეს არაა მარტო ქართული მხარის სურვილზე დამოკიდებული. ეს არის კოალიციის იმ ჯარების სურვილზე დამოკიდებული ვისთანაც აღებული გვაქვს ვალდებულება. ისინი არ გიხსნიან ამ ვალდებულებას. ვერ მოიქცევი ისე, როგორც წინა ხელისუფლება მოიქცა, როდესაც კოსოვოდან გამოიყვანა შეიარაღებული ძალები და მიატოვა გერმანული შეიარაღებული ძალები. ეს არაეთიკურია, ასე არ იქცევიან, - აღარ მინდა იმიტომ, რომ არ მეგონა ამხელა მსხვერპლი იქნებოდა, ან ის, რომ წინა ხელისუფლება ჭკუაგადამდგარი იყო და ასეთი რამე გააკეთა, ახლა ჩვენ ეს არ გვაწყობს, პოლიტიკაში ასეთი რამე არ ხდება. შეიძლება ახალ ხელისუფლებას უნდოდა კიდეც გადაეხედა და შეიძლება გადახედოს კიდევაც, იმიტომ, რომ ამხელა ძალები მართლა არაა ადეკვატური. ჩვენი შეიარაღებული ძალები 4 ბრიგადისგან შედგება, 5 არასრული ბრიგადაა. ერთი ბრიგადა მუდმივად წინა ხაზზე გყავს წარმოდგენილი. ეს არანაირად არაა გამართლებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ამ ხელისუფლებას.

პრეზიდენტის მიერ 26 მაისს გაკეთებულმა განცხადებებმა გაზარდა რისკფაქტორი ავღანეთში?

- რა თქმა უნდა, ბოლო-ბოლო, მარტო ჩვენ და ამერიკელები დავრჩით იმ ზონაში და სამიზნე გახდა კოალიციის ძალა და ამ კოალიციის ძალაში ლომის წვლილი მიუძღვის სააკაშვილს. შესაბამისად, გაიზარდა რისკფაქტორი - გამაღიზიანებელი ფაქტორი ზრდის რისკებს. მან პროვოცირება გაუკეთა, დააჩქარა და უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა მოწინააღმდეგეს, რომ დარტყმის ქვეშ მოექცია ქართული შეიარაღებული ძალები.

ფაქტია, რომ აქამდე გზებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნაღმები ხდებოდა ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის მიზეზი. ტერორისტებმა ტაქტიკა შეცვალეს და ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ პირდაპირ ესხმიან სამხედრო ბაზას თავს...

- ბაზის უსაფრთხოების საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს. არა მარტო ქართველებმა, არამედ ამერიკელებმაც უნდა გადახედონ. რატომ ხდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა ბაზასთან ხვდება ისე, რომ აფეთქების ტალღა ხოცავს ამ ადამიანებს? მეორე მიმართულება ეს არის თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა. სამოქალაქოები, რომლებიც თვითონ ბაზაზე მსახურობენ, ირკვევა, რომ ისინი თალიბანის წევრები ხდებიან. მინიმუმადე უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ბაზის ტერიტორიაზე. უნდა მოხდეს კადრების აქიდან ჩაყვანა, რომელიც რისკფაქტორს შეამცირებს და ალბათობა იმისა, რომ ალქაიდას წევრები გახდებიან, მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დადგეს გენერალური შტაბის და იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ოპერაციაზე. ასე ხომ არ შეიძლება, რომ არავინ არაფერზე არაა დამნაშავე. ხომ არ შეიძლება, რომ სულ ქართული შენაერთები იყვნენ ამ პრობლემის ქვეშ?! კომპლექსურად გადასახედია უსაფრთხოების საკითხი. ის, რომ რაღაცა ვერ მუშაობს, ეს არაა მარტო იმის ბრალი, რომ მოწინააღმდეგე გიგეგმავს და გისრულებს. როცა ის გიგეგმავს შენ რატომ ვერ ახერხებ იმის პრევენციას, რომ ისე არ შესრულდეს, როგორც ის გეგმავს.

შეიძლება ქართულ შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტი ადამიანი ჰყავდეს დაღუპული საერთაშორისო ოპერაციაში, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დაცვაზე? გამოდის, რომ სხვის ომში გამოცდილების აღებისთვის უფრო მეტი ქართველები იწირებიან, უფრო მეტი სისხლი იღვრება, ვიდრე საკუთარი ქვეყნისათვის. ეს მაკვირვებს და ეს არ მომწონს. ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანა არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და არა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და იქ გამოცდილების მიღება.