ქართველი სამხედროების ჩამოსვენება სამშობლოში

ქართველი სამხედროების ჩამოსვენება სამშობლოში

6 ივნისს, ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ 7 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენებენ.

დახვედრის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.ქართველი სამხედროების ცხედრებს საქართველოში ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ამავე ბორტს, გარდაცვლილ გმირებთან ერთად ჩამოყვება.აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიალს ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი პატივს მიაგებენ ავღანეთში დაღუპული გმირების ხსოვნას.

საქართველოს შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი სამგლოვიარო მარშს შეასრულებს.ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქების შედეგად IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ.