წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი გმირი ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები გახდა. თემურ ქეცბაის ბიჭებმა მიჯრით ორი ამხანაგური შეხვედრა წააგეს და თაყვანისმცემლებს საკუთარი უსუსურობა კიდევ ერთხელ დაანახეს. მარცხის შემდეგ კრიტიკა ალბათ იოლი საქმე გახლავთ, მაგრამ ფაქტია, ნაკრების წარუმატებლობა ქართულ ფეხბურთში დღეს შექმნილი ვითარების პირდაპირი გამოძახილია.
ვფიქრობ რომ გუნდის სუსტ ასპარეზობაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავეები თავად ფეხბურთელები არიან. კულუარული ცნობით, თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოთამაშესთან მძიმე ურთიერთობა გააჩნია და ეს ფაქტორი წარუმატებელი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია. რასაკვირველია ყოველივე ამაზე ღიად არავინ საუბრობს. როგორც საქართველოშია მიღებული, მავანი და მავანი მოთამაშე რამდენიმე წლის შემდეგ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.
ალბათ გახსოვთ ხორვატი ფეხბურთის სპეციალისტი ივო შუშაკი. ამ ადამიანმა ეროვნულ გუნდს მხოლოდ ორჯერ უხელმძღვანელა. მის ხელში ნაკრებმა რუსეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ირლანდიაში კი მასპინძლებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ხორვატმა საკუთარი პიროვნული თვისებებითა და ნიჭიერი სამწვრთნელო გადაწყვეტილებებით ბიჭების შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზაცია მოახერხა. სხვა მწვრთნელების ხელში იგივე მოთამაშეები მინდორზე ხშირად უსუსურად გამოიყურებოდნენ.
არ მინდა საკუთარი აზრი მოგახვიოთ და თემურ ქეცბაიას გადადგომისაკენ მოვუწოდო. ფაქტია, ამ პიროვნების ხელში ნაკრები ვერ პროგრესირებს და უკან-უკან იწევს. ქეცბაიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა თანამდებობა დაეტოვებინა და საკუთარი რეპუტაციის გადარჩენისათვის ეზრუნა. ვერ მოგახსენებთ ნაკრების მომავალი მწვრთნელის ვინაობასაც. საქართველოს ეროვნული გუნდი ის „განსაკუთრებული“ საფეხბურთო ერთეულია რომელსაც გასაღები თითქმის ვერცერთმა ფეხბურთის სპეციალისტმა ვერ მოარგო. დარწმუნებული გახლავართ, თუ ადამიანის გაფუჭება გსურთ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა დანიშნოთ.
ქართულ საფეხბურთო სამყაროში კი დიდი კონფლიქტი მწიფდება. ამისი უპირველესი დამნაშავე კლუბი „დილა“ გახლავთ. ამ გუნდზე აქტიური საუბრები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს თასი სხვადასხვა გარეშე ძალების დახმარებით მოიგო. მაშინ ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი ითქვა, კულუარებში კი დიდი დიდი სჯა-ბაასი მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ სახელმწიფომ „დილას“ ვალების დასაფარად ორი მილიონი ლარი ჩაურიცხა. მონასტერიც ამის შემდეგ აირია. დანარჩენმა გუნდებმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრეს და ხელისუფლებას ამავე თანხით დაფინანსება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული პირველობის ბოიკოტით დაიმუქრნენ. ამ „მოჯანყე“ კლუბების რაოდენობა რვას შეადგენს.
საინტერესოა ბატონი ზვიად სიჭინავას პოზიცია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო დოტაციაზე იმყოფება და გუნდებს მატერიალურად ვერ დაეხმარება. ბატონმა ზვიადმა „გაფიცულების“ მხარი დაიჭირა და ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება მოსთხოვა. მაინტერესებს სიჭინავა ბოლო წლების განმავლობაში ასეთი აქტიური რატომ არ ბრძანდებოდა, როდესაც ჩვენს ფეხბურთში არაერთი უსამართლობა დაფიქსირდა და ფედერაციის პირველი პირი ხმას არასოდეს იღებდა.
გაფიცვა გრძელდება, სახელმწიფო სდუმს და მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს, გუნდები ევროთასებისთვის ემზადებიან. წელს გარკვეულ წარმატებას ალბათ მხოლოდ თბილისის „დინამოსგან“ უნდა ველოდოთ. „ჩიხურა“ ამ ტურნირის დებიუტანტია და მისგან ბევრს ვერაფერს მოვითხოვთ, ქუთაისის „ტორპედო“ ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტდა, გორის „დილა“ კი ახალი მოთამაშეებით შევსებას ცოტა ხნის წინ შეუდგა.
გორის „დილა“ ვახსენე და ორი დღის წინ ერთ-ერთ ადგილობრივ მედია საშუალებაში გავრცელდა ცნობა, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელად ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დაინიშნა. თურმე მას პროტექცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის ამჟამინდელმა პირველმა პირმა ლევან ყიფიანმა გაუწია. რასაკვირველია გორში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კი მას მორიგი ჭორი უწოდეს. დავიცადოთ რამდენიმე დღე და ყველაფერი ნათელი გადება.
ამასობაში ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკმა“ იჯარის წესით კლუბ „ურალში“ ერთი წლით გაუშვა. ეს გუნდი რუსეთის პირველობის პრემიერ-ლიგის დებიუტანტი გახლავთ. სიმართლე ითქვას და ჯანო კლუბ „ურალისათვის“ მენანება. ეს ნიჭიერი ფეხბურთელი „სპარტაკში“ ბოლომდე არ გაახარეს და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენების საშუალება არ მისცეს. ალბათ უკეთესი იქნებოდა თავის დროზე რომელიმე მოკრძალებულ ევროპულ გუნდში გადასულიყო და კარიერა იქიდან აეწყო.
ჩვენი დღევანდელი საფეხბურთო „ფიქრების“ მეორე ნაწილში ერთი მოგონება მსურს წარმოგიდგინოთ.
1979 წლის 11 აგვისტოს, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინსკში მიმავალი ტაშკენტის "ფახთაქორი" ავიაკატასტროფაში მოყვა. უაღრესად გადატვირთულ ტრასაზე, ღრუბლიან ამინდში, ერთ სიმაღლეზე ერთბაშად სამი ლაინერი აღმოჩნდა. დისპეტჩერების დაუდევრობით ორი მათგანი ერთმანეთს 8 400 მ სიმაღლეზე შეასკდა. 158 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები და "ფაჰთაქორის" 18 წევრი. როგორც წესი, მომხდარზე თავდაპირველად სრული დუმილი სუფევდა. შესაძლოა, რიგითი მოქალაქეები რომ დაღუპულიყვნენ, ბიუროკრატებს ეს ამბავი დაემალათ, მაგრამ საფეხბურთო გუნდის გაქრობას ვერანაირად ვერ ახსნიდნენ და ორი დღის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ, მოსახლეობისთვის ეცნობებინათ ავიაკატასტროფის შესახებ.
საფეხბურთო ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა და აზიურ კლუბს საბჭოთა კავშირის პირველობაზე მონაწილე გუნდებმა ფეხბურთელები გაუგზავნეს. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი მიავლინა. ტრაგედიის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი „პახთაქორმა“ 1979 წლის 27 აგვისტოს გამართა. მისი მეტოქე თბილისის „დინამო“ გახლდათ. იმ ისტორიული შეხვედრის პერიპეტიებს ვეტერანი უზბეკი ფეხბურთელი ტულიაგინ ისაკოვი იხსენებს. სიტყვა „ისტორიული“ ვახსენე და იმ დროს „დინამო“ ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა. ამის მიუხედავად ქართველებმა ის მატჩი შეგნებულად წააგეს.
„ალბათ წარმოდგენილი გექნებათ, რა ტრაგედია გადაიტანეს უზბეკმა გულშემატკივრებმა და როგორ სურდათ ახალაღორძინებული გუნდის ნახვა ტაშკენტის სტადიონზე. პირველი საშინაო მატჩი, ზღვა ხალხი ტრიბუნებზე... ყველას სურდა, პატივი მიეგო უდროოდ დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. ჩამოფრინდა ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული თბილისის "დინამო". მახსოვს, პირველ წრეში თბილისში ჩატარებული მატჩი, რომელიც 0:4 წავაგეთ. საარაკო ფეხბურთი აჩვენეს იმ თამაშში თბილისელებმა და ტაშკენტური ვიზიტის დროსაც ნამდვილად საჩემპიონო გუნდი ჰყავდათ, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდებოდა ასეთ მდგომარეობაში მყოფი "ფახთაქორის" ძლევა.
ჩამოსვლისთანავე ქართველი ფეხბურთელები სასაფლაოზე წავიდნენ და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა საფლავები. საღამოს კი მწვანე მინდორზე გამოვიდნენ სათამაშოდ. შეუდარებელმა დავით ყიფიანმა მე-9 წუთზე გაგვიტანა ბურთი, მაგრამ შემდეგ დაგვითმეს უპირატესობა და ორი ბურთის გატანა შევძელით.
ყიფიანმაც და სხვა ბიჭებმაც მოედანზევე გვითხრეს, აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვართ და ვერც მივცემთ თავს უფლებას, მთელი ძალით ვითამაშოთო. საბოლოოდ, გავიმარჯვეთ 2:1 და ოდნავი შვება მოვგვარეთ დამწუხრებულ უზბეკ გულშემატკივარს. ეს კი, უპირველესად, ქართველი ბიჭების დამსახურება იყო, რომელთა ადამიანობამ და გულისამაჩუყებელმა თანაგრძნობამ იმ დღეს ტკივილი შეგვიმსუბუქა. თამაშის შემდეგ ყველას გადავეხვიეთ და მადლობა გადავუხადეთ. ტრიბუნები წამოიშალა და მქუხარე ტაშით გააცილა თბილისელები, რომლებმაც ღირსეულად მოიხადეს ვალი გარდაცვლილი კოლეგების მიმართ. ამის მნახველს, დარწმუნებული ვარ, არასოდეს დაავიწყდება ის დღე.“
საინტერესოა რომ იმ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე განახლებულმა „პახთაქორმა“ პირველი შეხვედრა ჩაატარა და სტუმრად „არარატს“ დაუპირისპირდა. მატჩის წინ სომხებმა უზბეკ ფეხბურთელებს მიუსამძიმრეს, მაგრამ ერევნიდან მაინც დამარცხებული გაუშვეს. ის შეხვედრა „არარატმა“ 3:1 მოიგო. ჩაწყობა საბჭოთა ფეხბურთში უცხო ხილი არ გახლდათ და ალბათ შეეძლოთ მატჩი ფრედ დაესრულებინათ. იმ წლის დასასრულს „დინამო“ ჩემპიონი ვერ გახდა, საპრიზო სამეულშიც ვერ მოხვდა. ამისი მიზეზი ტაშკენტში დატოვებული ქულები იყო. სამაგიეროდ ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი კაცობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და უზბეკეთში ის შეხვედრა დღემდე ახსოვთ.